იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება 03.05.2026 09:49

 

სპეციალური მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის - "რითეილ ასოციაციის" წევრმა კომპანიებმა "საოჯახო კალათის" ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავება "რითეილ ასოციაციამ" ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

ხაზი გაესვა ფრანგული და ბერძნული მოდელის გამოცდილებასა და ეფექტიანობას, რომელიც არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ეფუძნება კონკურენციას.

"რითეილ ასოციაციის" ინიციატივა და ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციები მისაღებია მსხვილი სავაჭრო ქსელებისთვის. ოფიციალური განცხადებები მალევე გაავრცელეს "დეილი ჯგუფმა" და "გუდვილმა". ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ფასების საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას სისტემური გაჯანსაღებით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და კონკურენციის გაძლიერებით ხედავენ. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის "დეილი ჯგუფი" "შენთვის შერჩეულის", "გუდვილი" კი "სოციალური კალათის" ინიციატივით გამოდის.

სექტორული რისკებისა და გართულებების თავიდან ასარიდებლად პარლამენტში შექმნილი ფასების რეგულირების კომისია აგრესიული ჩარევის წინააღმდეგია და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სისტემური გაჯანსაღების მომხრეა. კომისიამ საქმიანობა გუშინ დაასრულა და რეკომენდაციები მოამზადა. საუბარია ევროკავშირში აპრობირებული "არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის" დანერგვაზე. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი საბაზრო სექტორის ძირითად მოთამაშეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურული მოწესრიგებაა.

კომისიის რეკომენდაციები არასაკმარისია "ხალხის ძალისთვის". საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა დასკვნას მხარი არ დაუჭირეს, რადგან უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას ითხოვენ.

საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, ფასებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ ქსელურ მარკეტებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებულ არაეფექტიან საოპერაციო ხარჯებშია. პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორისაა კომერციულ ურთიერთობებში გამჭვირვალობის არარსებობა, გადასახადების დაგვიანება და ნაშთების მართვა. სისტემის სტანდარტიზაცია და გაციფრულება საოპერაციო მოდელს უფრო მოაწესრიგებს. ამიტომ, კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ცენტრალიზებული დისტრიბუციის რეგიონული ცენტრების მოწყობაა.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დარეგულირდება.

სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვალში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. ამ პერიოდში კომისიამ 11 სხდომა გამართა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ