მეუფე შიო - დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი 11.05.2026 13:35

დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლაწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მეუფე შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების გახსნისას განაცხადა.

 

მეუფე შიოს თქმით, „თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე".

 

„ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ. კრება ამ დროისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ