11.05.2026 17:09
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.
დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!" - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.
მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) - ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) - შვიდი ხმა.
ავტორ(ებ)ი :