ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს 12.05.2026 22:07

 

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო იტალიიდან, ქალაქ ვერონიდან ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევას.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მიმართავს პატრიარქს, რომ ჰქონდეს კათოლიკური ეკლესიის „სიტყვისა და საქმის იმედი".

წერილში ეპისკოპოსი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პატრიარქი ხელს შეუწყობს შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობას.

"უწმიდესო მამაო, სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო.

პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი.

ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა.

ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს - სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის", - ნათქვამია ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მილოცვის წერილში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მის უწმიდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის მიმართ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ