13.05.2026 17:26
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება.
კანონმდებლებს ცვლილებები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გააცნო.
ცვლილებების თანახმად, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას ფლობდა.
გარდა ამისა, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფოს მიერ ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, აღიარებული იქნება.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :