„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს''-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე 15.05.2026 17:09

 

ოჯახის სიწმინდის დღეს ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას, - ამის შესახებ  საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა.

„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დაცვა საეკლესიო აზროვნებას და წმინდა სახარებას ეფუძნება. გულდასაწყვეტია, რომ ილია მეორის მიერ დაფუძნებულ დღეს წელს მის გარეშე პირველად ვხვდებით. ღვთის მადლით ისე მოხდა, რომ ახალი პატრიარქი აღსაყდრებულია. მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახლად აღსაყდრებული პატრიარქი იმავე მნიშვნელობით, განსაკუთრებულობით აღნიშნავს ამ დღეს, რომელიც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 17 მაისს სადღესასწაულო წირვა იგეგმება. პირველი შემთხვევა იქნება, როცა უწმინდესის, პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო წირვა ჩატარდება. მთელი მსოფლიოდან მოწვეული არიან ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. ყველა ეკლესიიდან იქნება დელეგაცია. ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას. როგორც მისი, ასევე მთელი ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის, ყველასთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა, განმსაზღვრელი ჩვენი აზროვნებისა და იდენტობის", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ