17.05.2026 15:21
თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი , - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა.
პატრიარქმა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ქვეყანაში სხვა ერების დამკვიდრების რეალური საფრთხე ემუქრება.
„თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის" და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს.
როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.
ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას", - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.
ავტორ(ებ)ი :