"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III 17.05.2026 15:25

 

"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისს მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ქადაგების დროს განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ქრისტიანული სიყვარული, პირველ რიგში, სულიერი თვისებაა.

"ოჯახური ცხოვრება ღმერთის მიერ არის შექმნილი, როგორც ადამიანის ყოფიერების, ცხოვრების ფორმა. რატომ მისცა ეს ოჯახური ცხოვრება ღმერთმა ადამიანს?! მისცა იმიტომ, რომ ოჯახმა ადამიანი სასუფევლამდე მიიყვანოს. ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის.

ეს არის თავგანწირული სიყვარული, ამას სწავლობ და ითვისებ, არა როგორც მხოლოდ გრძნობას თუ ემოციას, არამედ, პირველ რიგში, როგორც სულიერ თვისებას, რადგან სახარებისეული ქრისტიანული სიყვარული არის თვისება, ვიდრე გრძნობა და ემოცია, ბევრ ადამიანს არ ესმის ეს განსხვავება.

როდესაც არ აქვთ, მაგალითად, მტრისადმი თუ არაკეთილმოსურნისადმი თბილი გრძნობები, ფიქრობენ, რომ არ აქვთ სიყვარული, იმიტომ, რომ არ იციან ეს განსხვავება. ქრისტიანული სიყვარული, პირველ რიგში, გულისხმობს სულიერ თვისებას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ბავშვობიდან ღმერთთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ნორმალურ, კარგ, ქრისტიანულ ოჯახში, სადაც ისწავლება ეს თვისებები", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ