17.05.2026 21:27
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი შესრულდა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მანამდე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები და ლოცვისა და გალობის თანხლებით სვეტიცხოველში გადაინაცვლეს. მათი თქმით, 17 მაისი ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის სიმბოლოა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს.იდენტობისა და ფასეულობების სადარაჯოზე დგომა. ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა. ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეკრებილი მრევლი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, მსვლელობით ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან მივიდნენ, სადაც პარაკლისი გადაიხადეს. მათივე თქმით, წლევანდელი თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია, პატივს მიაგებენ ილია მეორის ხსოვნას და მხარდაჭერას უცხადებენ უწმინდესს შიო მესამეს.მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა იყო ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი, ფეხით გაუყვა გზას ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი სამღვდელოება და მრევლი, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს შეუერთდნენ. საზეიმო მსვლელობაში, ათასობით რუსთაველი და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები, კოსტავას გამზირის და რუსთავის ხიდის გავლით დაიძრნენ გმირთა მოედნისკენ. მსვლელობაში ოჯახებთან ერთად მონაწილეობდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გმირთა მემორიალთან შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და უწმინდესის და უნეტარესის, შიო მესამის მიმართვა წაუკითხა, რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარმა მამა ვახტანგ ყიასაშვილმა. რუსთავის ეპარქია, დროებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიას ექვემდებარება.სამეგრელოს ეპარქიებიდან და მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ, საყოველთაო მსვლელობას ზუგდიდში, რომელიც ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან, ქალაქის ცენტრალური გამზირის მიმართულებით, ლოცვითა და გალობით დაიძრა. პროცესისას გზა და გზა, შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მსვლელობა საკათედრო ტაძართან დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისის შემდეგ, სასულიერო პირებმა შეკრებილები დალოცეს.ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობა იყო გორში. ყველა მუნიციპალიტეტებიდან შეკრებილმა მრევლმა, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძრიდან წირვის დასრულების შემდეგ, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის ქუჩები გაიარეს და ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან მივიდნენ.თელავში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ, ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ხატებით, ლოცვითა და გალობით გაემართნენ. მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ.ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბური მსვლელობით აღინიშნა ახალციხეში. მოქალაქეები ამაღლების სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ და შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრამდე მსვლელობა მოაწყვეს, სადაც პარაკლისი აღავლინეს.
ავტორ(ებ)ი :