18.05.2026 17:29
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი, რაგბისტი, მერაბ შარიქაძე: ანტისადოპინგო სააგენტომ დეტალურად იცოდა, რაც მოხდა. ალალად მეგონა, რომ ჩემს გულწრფელობას ვინმე გაითვალისწინებდა... მათთან რომ მეთანამშრომლა და ჯაშუშობაზე დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა! - დამნაშავე ხარ, მაგრამ თუ ჩემს სასარგებლოდ იმუშავებ და ვიღაცებზე ინფორმაციებს მომაწვდი, დამნაშავე აღარ იქნები! - ასეთი საქციელის ფასად ან რაგბი რაღად მინდა, ანდა ცხოვრება?!
ასეთი სასჯელი იმის ბრალია, განაჩენის გასაჩივრება რომ გავბედე! პირველად გადაწყვეტილებას - ექვსწლიან სასჯელს რომ დავთანხმებოდი, მინიმუმ ერთ წელს დააკლებდნენ და ხუთს "მაკმარებდნენ".
გასაჩივრების დროს მოსამართლე ცინიკურად იქცეოდა, იცინოდა და არც თავის გამართლების შესაძლებლობას მაძლევდა. მოსამართლე "მსოფლიო რაგბის" წარმოადგენდა და გამართლების ილუზია არ მქონია, ფაქტობრივად, "სპექტაკლის" მონაწილეები ვიყავით - მათივე განაჩენი "რაგბის მსოფლიო კავშირში" გავასაჩივრეთ. კი ბატონო, იურიდიულად დამნაშავე ვარ, მაგრამ თუ სამართალი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არსებობს, ადამიანი-მოსამართლე რაღაში გვჭირდება?! "ხელოვნურ ინტელექტს" მივანდოთ განაჩენის გამოტანა, ყველა კანონის ნებისმიერი წვრილმანი "ეცოდინება" და მერწმუნეთ - არც ერთ შეცდომას არ დაუშვებს! მოსამართლე იმიტომ არის ადამიანი, რომ კანონის მუხლების გარდა, მორალური მხარე, საბაბი, ყველა გარემოება გაითვალისწინოს და საბოლოო ვერდიქტი შესაბამისად გამოიტანოს.
მიდი და ამტკიცე, რომ აკრძალულ პრეპარატებთან არასდროს გქონია შეხება, როცა მედიასა თუ სოციალურ ქსელში ყოველ წამს გხვდება სათაური: "ეროვნული ნაკრების კაპიტანი დოპინგ-სკანდალის გამო დასაჯეს".
ზოგიერთმა ისიც დაწერა - შარიქაძეს ტიტულები ჩამოვართვათო: "ჩამორთმეული" არ მაქვს?! ისეთი რაღაცების გარეშე დავრჩი ცხოვრებაში, არც ერთ ტიტულად და ჯილდოდ რომ არ მიღირს... ამ ამბავში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ისიც არის, რომ როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ორგანიზმში იმ ნივთიერების აღმოჩენა, რისთვისაც თავიანთი შარდის ჩაბარებას თავი აარიდეს და ჩემი ბიოლოგიური მასალით ჩაანაცვლეს, თურმე არც ისჯება...
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ¬ შარიქაძე, რომელსაც 11 წლით აეკრძალა რაგბის თამაში. საქმე ეხება "სინჯის ჩანაცვლების" 2022 წლის შემთხვევას, როცა შარიქაძემ, დოპინგ-ტესტისთვის ჩასაბარებლად თანაგუნდელს თავისი შარდი გაატანა.
ავტორ(ებ)ი :