შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 25.05.2026 21:15

 

"აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი, დაიცვას თავისი ეროვნული იდენტობა და იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით.სწორედ ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები.

ნამდვილი პარტნიორობა არა ერთგვაროვნებაზე, არამედ განსხვავებების პატივისცემაზე დგას. ძლიერი ურთიერთობები ყალიბდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად აღიქვამენ, საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებით.

დამოუკიდებლობა ფასეულია სწორედ იმიტომ, რომ იგი აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას შესაძლებლობას, მხოლოდ საკუთარი ხალხის ნების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები და განსაზღვროს ქვეყნის ბედი.

დღევანდელ მსოფლიოში ხშირად ვხვდებით გლობალური ინტერესების უპირატესობისა და თავსმოხვეული იდეოლოგიური ერთგვაროვნების მცდელობებს. უდავოა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ინტერესების გაზიარება და თანხმობის მიღწევაც.

თუმცა, დრომ გვიჩვენა, რომ თანხმობა არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, ერთიანობა არ უტოლდება საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას, ხოლო თანამშრომლობა არ გულისხმობს ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმას.

ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც განსხვავებები უგულებელყოფილია და მრავალფეროვნება იზღუდება, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი პრობლემები იჩენს თავს. ამის მაგალითია საბჭოთა კავშირის მცდელობა, ნიველირება მოეხდინა ხალხების ინტერესებს შორის, უგულებელყო მათი ისტორია და იდენტობა, ჩაეხშო ხალხების მრავალფეროვანი მისწრაფებები. ამგვარი სისტემები დიდხანს ვერ იარსებებს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

"სამხრეთ კავკასიაში განვითარებული სამშვიდობო ტენდენცია ამ ჭეშმარიტებას კარგად გვიჩვენებს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის მშვიდობიანი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სულითა და გულით მივესალმებით, ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ორი სუვერენული სახელმწიფო პირდაპირ დიალოგს აწარმოებს საკუთარი ეროვნული ინტერესების საფუძველზე და ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემით.

კონფლიქტების გადაწყვეტა სწორედ ასეთი მიდგომით უნდა ხდებოდეს და არა გარე აქტორების ჩარევით. ამგვარი ჩარევა, როგორც წესი, არა კონფლიქტში მონაწილე მხარეების, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესებს ემსახურება და მშვიდობისა და რეალური შეთანხმების მიღწევის გზაზე დაუძლეველ ბარიერებს წარმოშობს. ამიტომაც, კონფლიქტის გადაწყვეტის მთავარი მექანიზმი სუვერენიტეტის პატივისცემა და პოლიტიკური ჩაურევლობაა.

საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მომავალშიც, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ათვისებას და ჩვენი ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჩვენი პარტნიორობის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს. ეს ურთიერთობები ყველა დონეზე ვითარდება, როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ასევე დარგობრივ კომიტეტებს შორისაც. ამ ურთიერთობებში ყოველთვის იგრძნობა მხარეებს შორის მეგობრული დამოკიდებულება და მეტი შედეგის მიღწევის გულწრფელი სურვილი.

სწორედ ამ განსაკუთრებული ურთიერთობის გამოხატულებაა, რომ ერთი თვის წინ, ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პარლამენტის პირველი საპატიო მედლით დაჯილდოვდა ქალბატონი საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ასევე დაგაინტერესებთ