მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება 12.06.2026 13:21

მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მალხაზ გულაშვილის გადაცემაში "დიდი რეალური პოლიტიკა" გაჟღერებულ ათწლიან განვითარების გეგმასა და სამომავლო ხედვებს, გერმანიიდან ქართველი ხელოვანი და ბიზნესმენი, გიორგი დარბაიძე ეხმაურება.

გთავაზობთ მის საინტერესო მოსაზრებებსა და ხედვას კულტურის სფეროს აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც, მისი აზრით, ნებისმიერი ეკონომიკური წარმატების ფუნდამენტია:

 

"ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს გადაცემებს და არაერთ საინტერესო მსჯელობას ვისმენ თქვენს პლატფორმაზე.

 

განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდები იმ კონცეფციასა და გრძელვადიან ხედვას, რომელზეც ბოლო პერიოდში საუბრობთ. თუ სწორად გავიგე, ეს არის დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაზე გაწერილი განვითარების გეგმა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.

 

თუმცა, რაც ამ დრომდე არ მომისმენია, არის კულტურის სფეროს რეფორმაზე საუბარი. შესაძლოა ეს თემა თქვენი პროფესიული ინტერესების უშუალო სფეროში არ შედიოდეს, რაც სრულიად გასაგებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ კულტურა წარმოადგენს საზოგადოების ფორმირების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს. იგი განსაზღვრავს მომავალი თაობების ღირებულებებს, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და, საბოლოოდ, სახელმწიფოს სახეს.

ეკონომიკური ზრდა თავისთავად მიზანი არ არის. მისი უმთავრესი დანიშნულებაა ისეთი სფეროების განვითარება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და კულტურა. ამ სამის გარეშე ნებისმიერი ეკონომიკური წარმატება ქვიშაზე აშენებულ სასახლეს ჰგავს.

 

კულტურა მრავალწახნაგოვანი სფეროა და მოიცავს უამრავ მიმართულებას, რომელთაგან თითოეული მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს. ამასთანავე, არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც კულტურული სისტემის ხერხემალს წარმოადგენენ. ასეთია თეატრი - სივრცე, რომელიც აერთიანებს განათლებას, შემოქმედებას, მმართველობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

ვფიქრობ, დღევანდელი ერთპიროვნული მმართველობის მოდელის ნაცვლად მიზანშეწონილი იქნებოდა უფრო დაბალანსებული, დუალური სისტემა, სადაც სახელმწიფოს ექნებოდა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ სამეურნეო და სტრატეგიულ მართვაში მონაწილეობის უფლება და პასუხისმგებლობა. ამავე დროს, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კულტურის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების როლი კულტურული პოლიტიკის ფორმირებაში.

 

ჩემი დაკვირვებით, თუ შევადარებთ როგორც ჩვენი, ისე წინა თაობების ბავშვებს და ასევე ევროპის არაერთ ქვეყანას, თვალსაჩინო ხდება ერთი საერთო ფაქტორი: ოჯახები აუცილებლობად მიიჩნევდნენ ბავშვის ჩართვას ხელოვნების რომელიმე დარგში. ბავშვები სწავლობდნენ მუსიკას, უკრავდნენ ინსტრუმენტზე, მღეროდნენ გუნდში, ცეკვავდნენ, ხატავდნენ ან სხვა შემოქმედებით საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

 

ამ პროცესის შედეგი შთამბეჭდავია. ხელოვნება ავითარებს კოგნიტურ უნარებს, ემოციურ ინტელექტს, პასუხისმგებლობის გრძნობას და სოციალური ურთიერთობების კულტურას. ასეთი გარემო უკეთეს მოქალაქეებს აყალიბებს. შემდგომ კი სწორედ ეს ადამიანები ქმნიან როგორც შემოქმედებით ელიტას, ასევე კულტურის ერთგულ მაყურებელსა და მსმენელს, რომლებიც ამავე ღირებულებებს საკუთარ შვილებს გადასცემენ.

 

ამგვარი მიდგომა ქმნის ძლიერ სინერგიულ ეფექტს: იზრდება კულტურული მოთხოვნა, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერდება რეგიონული კულტურული ცენტრები. მაგალითად, ქალაქის თეატრი შეიძლება გადაიქცეს მრავალფუნქციურ კულტურულ ორგანიზმად, რომელიც გააერთიანებს დრამატულ, მუსიკალურ, საორკესტრო, ქორეოგრაფიულ და საბავშვო დასებს.

 

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კულტურული რეფორმისა, რომლის აუცილებლობაშიც ღრმად ვარ დარწუნებული. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც ქართული ფოლკლორისა და გალობის უნიკალური ტრადიცია შერწყმულია თანამედროვე თეატრთან, ქორეოგრაფიასთან, მწერლობასთან, სცენოგრაფიასთან, რეჟისურასთან, ტექნიკურ ხელოვნებებთან, სახელოსნოებთან, ბიბლიოთეკებთან და შემოქმედებით საგანმანათლებლო სივრცეებთან. ასეთი სისტემა უდიდეს მიზიდულობის ძალას შექმნიდა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.

 

ამ წერილში მხოლოდ ზოგად ხედვას ვეხები, თუმცა თითოეული მიმართულების კონკრეტული საჭიროებებისა და განვითარების გზების შესახებაც ჩამოყალიბებული წარმოდგენა მაქვს.

 

მთავარი მაინც ადამიანია. ამიტომაც, დასაწყისში ნათქვამს იმავე აზრით დავასრულებ: ჩვენს ეკლესიასთან, სკოლასთან, უნივერსიტეტებთან და ზოგადად განათლების სისტემასთან ერთად, სწორედ კულტურამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, რომ ახალგაზრდებში სუბკულტურული და დესტრუქციული გავლენები ჩაანაცვლოს ღირსეულმა, ინტელექტუალურმა, შემოქმედებითმა და რაინდულმა ფასეულობებმა.

 

მჯერა, რომ ქართველი ერი, თავისი კულტურული გენითა და ისტორიული მემკვიდრეობით, იმსახურებს გათავისუფლებას იმ დეინტელექტუალიზაციისა და დეკულტურიზაციის პროცესებისგან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა.

 

დროა, დროის ჩარხი ჩვენი და მომავალი თაობების სასარგებლოდ შემოვატრიალოთ".

პატივისცემით, გიორგი დარბაიძე 


ქ. ჰანოვერი, გერმანია ქვემო საქსონიის სახელმწიფო ოპერის დასის წევრი

„ქართული ღვინის სახლის" (Georgisches Weinhaus in DE, web: georgischesweinhaus.de) დამფუძნებელი

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ