21.06.2026 18:16
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
როგორც შიო III-მ აღნიშნა, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს უნდა ეძიებდეს, რაც, მისივე თქმით, მშვიდობის ერთადერთი საწინდარია.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,
პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო,
გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი.
მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ" (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ - ღვთის სასუფეველს.
რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.
ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით", ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.
ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვამს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, საერთოდ არ ვეძებოთ მატერიალური კეთილდღეობა, რადგან ეს არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3, 19). ასევე, წმინდა წერილში წერია: „ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს" (2 თეს. 3, 10).
ე. ი. ამ გამონათქვამში, რომელსაც განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად", რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე: „ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ". ჩვენ კი, ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, შემდეგ უკვე - ღვთის სასუფეველს.
შედეგად რას ვიღებთ, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ? - როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს, მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ იგებს ამას, უფრო სწორად, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე, როცა ეს ხდება მისი ცხოვრების პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. როგორც ხალხში ამბობენ, „ყელში ეჩხირებაო", ხოლო თუ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ღვთისგან ისე, როგორც საჭიროა, იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებს, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის, მაგალითად, სხვა ფასეულობებთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!
რა უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ვქმნით თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი.
თუ ასე მივუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება, ეს მოგვანიჭებს მშვიდობას, სიმართლეს და სიხარულს სულიწმინდაში.
ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა; პირველ რიგში, მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება.
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? - სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი, რაც დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.
რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ის ჩვენშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!", - განაცხადა პატრიარქმა.
ავტორ(ებ)ი :