თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება 24.06.2026 13:56

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.

„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედ-მამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, მისი ინფორმაციით, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს ორიდან ექვს წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ