ირაკლი კობახიძე - რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას 26.06.2026 17:01

რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში, თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ამოცანები არსებითად უნდა შეასრულოს სახელმწიფო სექტორმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და არსებითად კერძო სექტორი უნდა იყოს დაკავებული კომერციული საქმიანობით.

 

„რაც შეეხება იმას, თუ რა პროცენტით ზრდის განათლების რეფორმა ბიუჯეტს. კონკრეტულად თუ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ უფასო უმაღლესი განათლების სისტემა, ანუ თითოეული სტუდენტისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო და საბოლოო ჯამში, როდესაც შეივსება შესაბამისი კონტინგენტი, 3+1 წელზე რომ გავთვალოთ, დანახარჯები დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება კონკრეტულად უმაღლესი განათლების სფეროში.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე. ეხლა რომ ჩაყარო უცბად ორჯერ მეტი ფული, მაგალითად განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი ფული. ჯერ უნდა შექმნა შესაბამისი რესურსი, ამ რესურსში იგულისხმება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული რესურსი, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ. მაგალითად, არსებული მოცემულობით უბრალოდ რომ გაუზარდო ხელფასები პროფესურას, არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება. კომპლექსურად უნდა განხორციელდეს რეფორმა და თქვენ იცით, რომ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში, თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას.

 

კიდევ ერთხელ, ეს არ უნდა იყოს მყისიერი ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი, მაგრამ თანმიმდევრულად როდესაც განხორციელდება ეს რეფორმა, ეს ავტომატურად თავისთავად გამოიწვევს შესაბამისი დანახარჯების ზრდას. რაც შეეხება ზოგადად რეფორმის არსს, მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს, დღეს ჩამოვთვალე ეს კომპონენტები, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ იქნება ამის ინტერესი.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გავრცელდა კვოტები და სხვა ტიპის რეგულაციები კერძო უნივერსიტეტებზე. ნუ, ჩვენი მიდგომა ეს არის: უფრო მეტად ვაქცევთ ჩარჩოში სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ შორის კვოტების განაწილების კუთხით და ასე შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ვმოქმედებთ მარტივი მიდგომით. ჩვენი მიდგომა იყო ასახული რეფორმის კონცეფციაში: სახელმწიფო ამოცანები არსებითად უნდა შეასრულოს სახელმწიფო სექტორმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და არსებითად კერძო სექტორი უნდა იყოს დაკავებული კომერციული საქმიანობით. ამ მიდგომის გათვალისწინებით, ვაძლევთ მეტ თავისუფლებას კერძო უნივერსიტეტებს და გვაქვს მეტი რეგულაციები, ბუნებრივია, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რაც არის აბსოლუტურად რაციონალური და გონივრული მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ