30.06.2026 15:42
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორ სატოში მიჰარასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ქართველი მეცნიერების KEK-ის კვლევით საქმიანობასა და COMET ექსპერიმენტში ჩართულობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამასთანავე, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო მობილობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
თეიმურაზ დოჭვირმა ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ფონდი მზად არის ხელი შეუწყოს ისეთი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, რომელიც ქართველ მკვლევრებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, განავითარონ პროფესიული უნარები და მიღებული ცოდნა საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას მოახმარონ.
პროფესორ სატოში მიჰარას თქმით, KEK-ში წარმატებით საქმიანობს ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად არის ჩართული COMET ექსპერიმენტის განხორციელებაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის საკითხს. მხარეებმა იმსჯელეს ფონდსა და იაპონიის მეცნიერების ხელშეწყობის საზოგადოებას (JSPS) შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის ისეთი ერთობლივი პროგრამების შექმნაზე, რომლებიც ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვლევითი სტაჟირების შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ: თამარ ლომინაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი; ზვიად წამალაიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-სა და KEK-ში; და ირაკლი ლომინაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი და SHiP ექსპერიმენტის ხელმძღვანელი.
ავტორ(ებ)ი :