27.03.2026 00:53
ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 24 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: „რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის „გამარჯვებაში“ ირანის წინააღმდეგ“ (ავტორი - ფილიპ ლესტერი, ავიაციის ყოფილი ვიცე-მარშალი). „ომში გამარჯვების მიღწევა არასწორი მიდგომაა აშშ-ისრაელის მხრიდან. მთავარია რა იქნება შემდეგ - რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში და ვინ შეურიგდება მომხდარ ცვლილებებს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამჟამინდელი სამხედრო დაპირისპირება ორ დაუძინებელ მტერს შორის ცალკე ომად არ შეიძლება ჩაითვალოს. ის არის ნაწილი დიდი ხნის დროინდელი კონფლიქტისა, რომელიც ისლამური რესპუბლიკის შექმნის შემდეგ გაჩნდა, 1979 წელს, აიათოლა რუჰოლა ჰომეინის მიერ განხორციელებული რევოლუციის შედეგად. ამ რევოლუციამ ისლამური რესპუბლიკის ამბიციები გამოავლინა - გამხდარიყო რეგიონული ჰეგემონი, შეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებვულ შტატებს რეგიონში და დაეწყო ძალისხმევა ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაციისათვის. ამ ამბიციების ერთგულებას ირანი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამჟღავნებს.
სამხედრო ოპერაციებზე დებატებისას ხშირად აქცევენ ყურადღებას რამდენიმე გარემოებას: ომში გადამწყვეტ გამარჯვებას, ომის აშკარა მოგებას, ომში ორივე მხარის დამარცხებას და ომის დასრულებას ერთ-ერთი მხარისთვის სტრატეგიულად მომგებიანი სახით.
მაგრამ ომის რეალობა ისეთია, რომ გადამწყვეტი გამარჯვება იშვიათად ხდება, ხოლო საომარი დაპირისპირების შედეგებს ომის დასრულების დროს ერთ-ერთი მხარე ყოველთვის არ აცნობიერებს. ისრაელ-აშშ-ის ამჟამინდელი კამპანია ირანის წინააღმდეგ ამ მხრივ გამონაკლისი არ არის: „წარმატების თეორია“ თითოეული მხარისათვის, რომელიც მათივე მოქმედებას ეფუძნება, ბევრ ნიუანსს შეიცავს. იმის ნაცვლად, რომ მათ „სრულ გამარჯვებას“ მიაღწიონ, მთავარი მიზანი უნდა იყოს ისრაელ-ამერიკა-ირანის ურთიერთობების მომდევნო ეტაპის ჩამოყალიბება და მათზე პერსპექტიული გავლენა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმ რამდენიმე შედეგის მისაღწევად, რომლებიც მისაღები ან მოსათმენი უნდა იყოს სპარსეთის ყურის ქვეყნების ძირითადი მონაწილეებისთვის.
ახლო აღმოსავლეთის (სპარსეთის ყურის) კონფლიქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი მეომარი ქვეყნით - ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ცდილობს ირანი ომის გაფართოებას და მეზობლებზე თავდასხმებს. აქედან გამომდინარე, რეგიონული მოთამაშეების რეაქცია, ალბათ, გავლენას მოახდენს როგორც ომის მსვლელობაზე, ასევე მის შედეგებზეც. ერთობლიობაში ომის ყოველ მონაწილეს გათვლილი აქვთ, თუ როგორი იქნება ომის შედეგი ნაოსნობის მიმართ, დაახლოებით რა ზიანი მიადგებათ მათ ეკონომიკას და გაუძლებენ თუ არა ბაზრის რყევებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტრატეგიული თვალსაზრისით, საქმე ეხება არა იმდენად იმას, თუ რამდენად შეიძლება ირანი დასუსტდეს, არამედ იმასაც, გაუმკლავდება თუ არა საერთაშორისო სისტემა იმ კრიზისს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში ვრცელდება. სხვათა შორის, ეს დინამიკა ირანს ყურადღებიდან არ გამოპარვია, რომელიც ომის პირველი ათი დღის განმავლობაში უფრო მეტად თავის მეზობლებს ბომბავდა, ვიდრე ისრაელს.
ყოველ ქვეყანაში ომის შედეგები (წარმატება თუ წარუმატებლობა) საშინაო პოლიტიკაზეც აისახება. აშშ-სათვის ყურადღების ცენტრშია ეკონომიკური პრობლემები - ვაჭრობას, ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება. ნებისმიერი გაჭიანურებული კონფლიქტი, რომლის დროსაც ფასები მატულობს და ჯარების განთავსებაც სულ უფრო მეტ ფულს ითხოვს, რა თქმა უნდა, მეტ დავას იწვევს, რაც პოტენციურად ძირს უთხრის მოსახლეობის მხარდაჭერას სამხედრო ოპერაციის მიმართ.
ისრაელისთვის მთავარი მიზანი იყო ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის ლიკვიდაცია და საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა, აშშ-სათვის - ირანის ბირთვული პროგრამის და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურება, ხოლო ირანისათვის - თეოკრატიული რეჟიმის შენარჩუნება.
ომი გლობალურ გეოპოლიტიკასაც უკავშირდება: ირანისა და რუსეთის ურთიერთობა კონფლიქტის სტრატეგიულ ჩარჩოებს აფართოებს. ანალოგიურად, ჩინეთსაც, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ენერგომატარებლების მსხვილი მომხმარებელია, თავისი ანგარიშები აქვს: პეკინი სპარსეთის ყურის კრიზისით ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ისარგებლებს. ამ ყველაფრის საფუძველს კი თვითონ ირანი წარმოადგენს - სახელმწიფო, რომელიც ბრალდებულია ისლამური ექსტრემიზმის გავრცელებაში როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე რეგიონის ფარგლებს გარეთ; სახელმწიფო, რომელიც ბრალდებულია ჰეგემონისტურ და ბირთვულ ამბიციებში და ჰორმუზის სრუტით მანიპულირებს. მართალია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მესამე მსოფლიო ომის პრელიუდია არ არის, მაგრამ ის, რაც ამ კონფლიქტს შეუძლია გამოიწვიოს, ჭეშმარიტად გლობალური ხასიათი ექნება.
ამ ფონზე აშშ-ისრაელის „წარმატების თეორიის“ საფუძველი იქნება არა მხოლოდ ერთი რომელიმე გადამწყვეტი მიზან-შედეგი, არამედ რამდენიმეს ერთობლიობა. მათში შეიძლება ხუთი მომენტი გამოვყოთ:
პირველი - ისლამური თეოკრატიის, როგორც მმართველი ძალის ნეიტრალიზება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს (დაემხოს). ნელი, მაგრამ მუდმივი ზეწოლა შეიძლება სახალხო აჯანყების ან პოლიტიკური რეფორმების კატალიზატორი გახდეს. ამ შედეგის მისაღწევად შეიძლება დრო გახდეს საჭირო - ირანში ბევრი პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერი საპყრობილეებშია გამომწყვდეული.
მეორე - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დასუსტება არა მარტო ირანში, არამედ რეგიონული მასშტაბითაც. „გუშაგთა კორპუსი“ ისლამური თეოკრატიის ძირითად სამხედრო ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი პოტენციალის დასუსტება ნიშნავს იმას, რომ ირანს შეეზღუდება უნარი საფრთხეები შეუქმნას მეზობლებს. „გუშაგთა“ რეგიონული გავლენის ქსელი, ალბათ, გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება, მაგრამ ბევრად შემცირებული სახით - არ იქნება ადრინდელი კოორდინაცია და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მესამე - ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალის სრული მოსპობა. თეირანი არ უნდა იყოს ბირთვული იარაღის მფლობელი - ეს პრინციპი დიდი ხანია აშშ-სა და ისრაელის უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის, მარაგების და ტექნიკური პოტენციალის ლიკვიდაცია ამ სამხედრო კამპანიის ლოგიკური შედეგი იქნება.
მეოთხე - სტაბილურობის შენარჩუნება ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. სპარსეთის ყურე მსოფლიოსათვის ენერგომატარებლების მნიშვნელოვან საექსპორტო-სატრანზიტო არტერიას წარმოადგენს. თავისუფალი საზღვაო გზებისა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება აუცილებელია გლობალური ეკონომიკური შოკის თავიდან ასაცილებლად.
მეხუთე - ირანსა და რუსეთის სამხედრო კავშირების დარღვევა დადებითი შედეგი იქნება უკრაინისათვის, რაც სტრატეგიულ დივიდენდებს მოუტანს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ფარგლებს გარეთაც.
ერთობლიობაში ამ ხუთი მიზნისა (და შედეგის) მიღწევით შეიძლება დიპლომატიური სივრცე შეიქმნას რეგიონში ნორმალური ურთიერთობის განახლებისათვის. ირანის დასუსტება ხელს შეუწყობს ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების დაახლოებას. საბოლოო ჯამში ამგვარი სიტუაცია თვით ირანისთვისაც იქნება სასარგებლო - ისრაელი და არაბული ქვეყნები თეირანს მეტი ნდობით მოეკიდებიან - დაახლოებით ისე, როგორც ირანში ისლამური რეჟიმის დამყარებამდე (1979 წლამდე) იყო.
ომები სამხედრო არსენალს (იარაღის რეზერვებს), რა თქმა უნდა, ამცირებს - ეს ეხება ამერიკასაც და ისრაელსაც, მაგრამ ირანისაგან განსხვავებით, ორივე აქვს სამხედრო ტექნიკის წარმოებისა და შევსების შესაძლებლობა. ამჟამად ირანის რეზერვები და სამხედრო ქარხნები ფაქტიურად განადგურებულია. მიიყვანს თუ არა ომის შედეგები ისლამურ რეჟიმს თავის „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ ან ისეთ მდგომარეობამდე, როცა მისი გაკონტროლება შესაძლებელი იქნება - აი, ამით იქნება განსაზღვრული „წარმატების თეორიის“ წარმატება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში.
ავტორ(ებ)ი :