03.04.2026 22:43
უკრაინულ გამოცემა „ტელეგრაფში“ (Телеграф) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას“ (ავტორი - ელენა რუდენკო და იგორ ტიმოფეევი). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ევროკავშირში არ არიან დარწმუნებულები, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. არსებობს ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დაბლოკვით არ გამოიხატება“.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
როგორც ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ამ დღეებში კიევში ყოფნისას განაცხადა, რუსეთისათვის სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას და უკრაინისათვის ევროკავშირის 90 მილიარდიანი კრედიტის გამოყოფას ხელს გარკვეული პრობლემები უშლის. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ დააზუსტა, რომ ყველაფერში დამნაშავე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელიც კიევს რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ უმოქმედობის გამო აშანტაჟებს.
რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და საერთოდ, სიტუაციაზე კომენტარი „ტელეგრაფმა“ ექსპერტებს სთხოვა.
„კრედიტის გარეშე უკრაინას კატასტროფა ელოდება“
დიმიტრი ალექსეენკო, უკრაინის აუდიტორთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, თვლის, რომ თუ კიევი მიმდინარე წელს 90-მილიარდიან კრედიტს ან მის რაიმე მცირე ანალოგს ვერ მიიღებს, ვთქვათ, 30 მილიარდ ევროს მაინც, ეს უკრაინისათვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ნეგატიური ფონი საგრძნობი იქნება როგორც საშუალო ვადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ჯერ-ჯერობით ფული ბიუჯეტში არის, რომელიც 3-5 თვის ხარჯებისათვის საკმარისია. მაგრამ თუ ევროპული დაფინანსება არ გაგრძელდება, უკვე ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფული სამხედრო სფეროს მოხმარდება, ამიტომ დაზარალდება ყველა ის ხარჯები, რომლებიც დაცულ მუხლებს არ მიეკუთვნება. უარეს შემთხვევაში შეიძლება დაცული მუხლებიც დაზარალდეს - შეჩერდეს სოციალური გადახდები“, - ამბობს ექსპერტი, - „ამჟამად ევროკავშირში არ არის კონსენსუსი კიევისადმი კრედიტის მიცემის საკითხში. როგორც ცნობილია, უნგრეთს და მასთან ერთად სლოვაკეთსაც ნეგატიური პოზიცია აქვთ“.
ნავთობის საკითხი: ომი ირანთან და „დრუჟბა“
დიმიტრი ალექსეენკო აღნიშნავს, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, როცა აშშ და ისრაელი ირანს დარტყმას აყენებენ, თეირანი კი ჰორმუზის სრუტეს ბლოკავს და რეგიონის ქვეყნებს ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას არ აძლევს, ენერგომატარებლებზე ფასები მატულობს. „ომის გამო ნავთობზე ფასების მატება უკრაინისათვის სასარგებლო არ არის, ამით რუსეთი იგებს, კრემლის ბიუჯეტში დაუგეგმავი ფული დიდი რაოდენობით შედის და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აგრძელებს“, - განმარტავს ექსპერტი.
თავის მხრივ, კრემლმა რომ დამატებითი მოგება არ მიიღოს, უკრაინა ხელს უშლის რუსული ნავთობის ტრანზიტს ევროკავშირისაკენ (უნგრეთ-სლოვაკეთისაკენ); კიევი განგებ აჭიანურებს დაზიანებული სატრანზიტო ნავთობსადენის „დრუჟბას“ რემონტს.
დავუბრუნდეთ ისევ კრედიტს: არის თუ არა კიევისთვის კრედიტის მიცემის შანსი?
ვიქტორ ორბანი თუ დამარცხდება...
„საერთოდ, არ არის გამორიცხული, რომ კრედიტის საკითხი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაირკვეს, რომელიც 12 აპრილს უნდა ჩატარდეს. გააჩნია, ვინ გაიმარჯვებს - მმართველი პარტია „ფიდესი“ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით თუ ოპოზიციური „ტისა“, პეტერ მადიარის ლიდერობით“ - ასეთია ექსპერტ დიმიტრი ალექსეენკოს რეზიუმე.
როგორც „ტელეგრაფს“ ბრიუსელიდან კომპეტენტური დამკვირვებლები ატყობინებენ, ვიქტორ ორბანს გამარჯვების შედარებით მცირე შანსები აქვს, ამიტომ დიდი ალბათობით, წარმატებას ოპოზიცია მიაღწევს.
მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის
ეკონომიკური ექსპერტი, სახელმწიფო მმართველობის მეცნიერებათა კანდიდატი იური გავრილენკო თვლის, რომ ვიქტორ ორბანის პოზიცია კრიტიკულ დაბრკოლებად არ ითვლება. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა უკრაინას კრედიტი სხვა არხებით მისცეს.
„გასაგებია, რომ ვიქტორ ორბანი წინააღმდეგია, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ, რომ უკრაინისთვის მისაცემი ფული კრედიტია და არა საჩუქარი. ანუ თუ უნგრეთი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფის წინააღმდეგია, მაშინ ელემენტარულად, ეს 90 მილიარდი ევრო პროპორციულად უნდა განაწილდეს ევროკავშირის ყველა 26 წევრ-ქვეყანაზე“, - განმარტავს ექსპერტი.
მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირი არ გეგმავს, მინიშნებებსაც კი არ აკეთებს. „ამიტომაც დასკვნა მარტივია: ვიქტორ ორბანი ბრიუსელისათვის განტევების ვაცის როლს ასრულებს. უბრალოდ ევროკავშირის ქვეყნებს საკუთარი ბიუჯეტებიდან უკრაინისათვის ფულის მიცემა არ სურთ და ამიტომ ყველაფერს უნგრეთის ლიდერს აბრალებენ - „სწორედ პრემიერი ორბანია დამნაშავე, რომ უკრაინა უფულოდ რჩებაო“.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 იანვარს განაცხადა, რომ დაგეგმილი 90 მილიარდის კრედიტს უკრაინა 2026-2027 წლებში ორი მიმართულებით მოიხმარს - ბიუჯეტის დასახმარებლად (30 მილიარდ ევროს) და იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად (60 მილიარდს). ამასთან, ბიუჯეტის დახმარება ითვალისწინებს რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფინანსურ უზრუნველყოფას.
იური გავრილენკოს თქმით, უკრაინას კრედიტი ჯერ არ მიუღია და ამიტომ არავინ იცის, აქვს თუ არა ფულის დახარჯვის კონკრეტული გეგმა კიევს იმ შემთხვევისათვის, თუ ის 90 მილიარდს მიიღებს. „ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კრედიტი არ იქნება, ამას პირველად კორუფციონერები იგრძნობენ - იმიტომ, რომ ბიუჯეტის დარჩენილი ფულის მოპარვა საკმაოდ რთული და სახიფათო იქნება“.
ავტორ(ებ)ი :