პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია 08.04.2026 17:27

ირანთან ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვების შედეგია, ცეცხლის შეწყვეტას გვევედრებოდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-სა და თავისუფალი სამყაროსთვის, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.

აშშ-ის ომის მდივანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი მშვიდობისა და რეალური შეთანხმების შანსს იძლევა.

„ირანი 47 წლის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისუფალი მსოფლიოსთვის. ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას", ჩვენი ხალხის მიზანში ამოღება, ამერიკელების მკვლელობა, ტყუილი და შანტაჟი ბირთვული იარაღის მისაღწევად. ეს აღარ მოხდება. ჩვენი მმართველობის დროს არა. სხვა პრეზიდენტები დროს კარგავდნენ და პრობლემას მომავალისთვის დებდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ისეთი სიმამაცე და მტკიცე ნება, როგორიც ამ მთავარსარდალმა გამოიჩინა. პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი. ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს. ოპერაცია იყო ისტორიული და მასშტაბური გამარჯვება ბრძოლის ველზე - სამხედრო გამარჯვება. ნებისმიერი შეფასებით, ოპერაციამ გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენეთ, ხოლო ირანმა დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადა. ახალი რეჟიმი არჩევანისა და დროის გარეშე დარჩა, ამიტომ შეთანხმებაზე წავიდა. მათ იციან, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობების მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც არ უნდა ჰქონდეთ, ამოღებული იქნება. პრეზიდენტმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას ამბობდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი გააკეთა", - განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის ჯარები ადგილზე დარჩებიან და დარწმუნდებიან, რომ ირანი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ჯარები ადგილზე დარჩებიან, ფხიზლად იქნებიან, მზად იქნებიან ნებისმიერ მომენტში განაახლონ მოქმედება", - აღნიშნა ჰეგსეტმა.

აშშ-ის ომის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა დაგეგმილი ირანში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმა, თუ სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული.

„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, რომელიც გულისხმობდა ინფრასტრუქტურას, ხიდებსა და ელექტროსადგურებს. ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო", - აღნიშნა ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, ტრამპის გაფრთხილება იყო ის, რამაც ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოოდ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მიიყვანა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ