20.04.2026 21:28
„ევროკავშირში მატულობს შეშფოთება, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სრულყოფილად მინიმუმ 2028 წლამდე არ დაბრუნდება", - შეატყობინეს „იზვესტიას" ევროპარლამენტში. ორი წლის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორც დღეს ჩანს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" მტკიცე პოზიციები აქვს. თბილისი უარს აცხადებს შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. ევროკომისიაში დაადასტურეს, რომ ევროკავშირი საქართველოს მიღება მანამ ვერ შეძლებს, სანამ თბილისი თავის კურსს არ შეცვლის", - ასეთი შესავალი აქვს სტატიას, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდღიური ფედერალური გაზეთის „იზვესტიის" (Известия) 20 აპრილის ნომერშია (№69) გამოქვეყნებული სათაურით „ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება" (ავტორები - დანილ სეჩკინი, ანასტასია კოსტინა და სემიონ კოსტინი).
გთვაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ევროპარლამენტში აღიარებენ: ევროკავშირში სულ უფრო მეტად მტკიცდება აზრი, რომ „ქართული ოცნების" ყოფნა ხელისუფლებაში ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ოფიციალური დოქტრინა, სადაც ჩაწერილი იქნებოდა, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" იმყოფება, მანამ მისი მიღება-ინტეგრაცია ორგანიზაციაში შეუძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ბრიუსელში ნამდვილად არსებობს საკმაოდ სერიოზული და მზარდი შეშფოთება სწორედ ამ მიმართებით", - განუცხადა „იზვესტიას" ევროდეპუტატმა თომას ზდეხოვსკიმ.
„ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა 2024 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, როცა 50%-ზე მეტი ხმები მიიღო. მომდევნო არჩევნები 2028 წელს უნდა ჩატარდეს. გამოკითხვების თანახმად, „ოცნება" ლიდერობას მტკიცედ ინარჩუნებს: მის მხარდასაჭერად მზადაა ამომრჩეველთა თითქმის ერთი მესამედი. „მეოცნებეების" შემდეგ რეიტინგით მეორე ადგილზეა პროევროპული „კოალიცია ცვლილებებისათვის" (მხარს უჭერს ამომრჩეველთა 18%), ხოლო მესამეზე - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" (დაახლოებით 16%).
საქართველო რჩება ევროკავშირში მისაღებ კანდიდატ ქვეყნად, მაგრამ მოლაპარაკებები გაიყინა 2024 წელს, როცა ბრიუსელმა „ქართულ ოცნებას" პრეტენზიები წაუყენა. ევროკავშირის მტკიცებით, თბილისმა დემოკრატიული სტანდარტების დაცვის გზიდან გადაუხვია და ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც „შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან".
„ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუ საქართველო კურსს შეცვლის და ევროკავშირის ნორმებისა და ფასეულობების შესაბამისად იმოქმედებს", - დაუდასტურეს „იზვესტიას" ევროკომისიაში.
საქართველოს თემაზე ბოლო დროს საჯაროდ ევროდიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ევროკომისარი მარტა კოსი გამოვიდნენ. მათ კომენტარი გაუკეთეს საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებულ კანონებს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ადრეც ბევრჯერ გააკრიტიკა 2024 წელს ქართველი კანონმდებლების მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" თაობაზე, რომლის მიხედვით, მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოეთიდან თანხები ჩაერიცხებათ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც სტრუქტურები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედებენ. ერვოკავშირმა ასევე დაგმო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა კანონებიც, მაგალითად, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის" თაობაზე, რომლებიც მიმართულია „ლგბტ" მოძრაობის პროპაგანდის წინააღმდეგ. ბრიუსელის მიერ გამოხატული ზეწოლის საპასუხოდ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკება ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე და უარი თქვა ყველა საბიუჯეტო გრანტებზე ევროკავშირიდან.
ევროკავშირიდან ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს სავიზო შეზღუდვები წარმოადგენს. 2025 წლის იანვარში ევროსაბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა ვიზების გამარტივებული გაცემა ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირების - მთავრობისა და პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და ოფიციალური დელეგაციების წევრების - მიმართ. ამას დაემატა 2026 წლის 6 მარტს ევროკომისიის მიერ მიღებული ერთწლიანი შეზღუდვა შენგენის ზონაში იმ პირების შესვლაზე, რომლებიც ქართულ დიპლომატიურ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ.
ევროპარლამენტში თვლიან: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის თანდათანობითი განახლება შეიძლება დაჩქარდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უკან დაიხევს და დათმობებზე დათანხმდება.
„მე არ ვთვლი, რომ ჩვენ მაინცდამაინც ახალ არჩევნებს უნდა დაველოდოთ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. ევროკავშირი კარს ღიად ტოვებს, თუმცა ეს კარი პირობითია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს დამაჯერებელ ნაბიჯებს რეფორმების გზაზე დასაბრუნებლად, განსაკუთრებით იმ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მასმედიის თავისუფლება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისადმი შესაბამისობა, ჩვენ ურთიერთობის განახლების მოწმენი ბევრად უფრო ადრეც გავხდებით", - განმარტავს თომაშ ზდეხოვსკი.
საქართველოს პოლიტიკა განსხვავდება ევროკავშირის მიერ გატარებული კურსისაგან რუსეთთან მიმართებითაც: მაგალითად, თბილისმა უარი განაცხადა შეერთებოდა ბრიუსელის პოლიტიკას რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადების საკითხში. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე ხნის წინათ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკას მანამ არ გაატარებს, სანამ მისი სრულუფლებიანი წევრი არ გახდება.
თბილისში თვლიან, რომ ევროკავშირის სანქციებისადმი მიერთებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ საქართველო უარს აცხადებს ევროპულ კურსზე. საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას იმით ამართლებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღება ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკასა და მის მოსახლეობას დაარტყამს. „სწორედ ეკონომიკური პოზიციით აიხსნება, თუ რატომ არ არის მზად თბილისი ბრიუსელის ისეთ მოთხოვნებს დაეთანხმოს, რომლებითაც რუსეთთან მისი ეკონომიკური კავშირები დაზარალდება", - ხაზს უსვამს რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის დოცენტი, პოლიტოლოგი საიდ გაფუროვი „იზვესტიასთან" საუბარში.
რუსეთი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში შესამჩნევ ეკონომიკურ წილს ინარჩუნებს. „საქსტატის" ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წელს ორი ქვეყნის საქონელთბრუნვამ 2,688 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ქართულმა ექსპორტმა რუსეთში 749,3 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა - 1,939 მილიარდს. შესაბამისად, რუსეთი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მესამე პარტნიორის როლს ასრულებს თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ. 2026 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვი ასევე რჩებოდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მსხვილი პარტნიორების სამეულში: ორმხრივი საქონელთბრუნვა 418,3 მილიონი დოლარი, ექსპორტი რუსეთში - 92 მილიონი დოლარი, რუსეთიდან იმპორტი - 326,3 მილიონი.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დსთ-დან ჯერ კიდევ 2009 წელს გავიდა, თბილისი დღემდე რჩება დსთ-ის სივრცეში დადებული რიგი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მონაწილედ", - ამბობს „იზვესტიასთან" საუბარში ვადიმ განინი, დსთ-ის საქმიანი ცენტრის გენერალური დირექტორი, - „უფრო მეტიც, მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოს ინტერესი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობის მიმართ რიგ სფეროებში იზრდება".
„ამჟამად საქართველოსთან მიმართებით საკითხი ისე კი არ დგას, რომ [ხელოვნურად, პოლიტიკური მიზეზით] რაღაც მცირდება. პრობლემა სატრანსპორტო კავშირებშია: ჩვენი ვიწრო ადგილია ის, რომ ერთმანეთისაგან მთები გვყოფს, [გზა ხშირად იკეტება], საზღვარზე ტვირთების გადატანა რთულია. აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საქართველოში ტვირთის ჩატანა ძნელია. რჩება საზღვაო მარშრუტი და სწორედ ამ დარგის განვითარებაა აუცილებელი", - აღნიშნავს ვადიმ განინი.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მეზობლობის ფაქტორს: ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე მოთხოვნით სარგებლობს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კონტაქტები გაგრძელდება. გარდა ამისა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი არსებობს, ხოლო 2023 წლიდან პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღდგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის 2 აპრილის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის აქტიურად მატულობს ეკონომიკური, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები. მან იმედი გამოხატა, რომ არსებული პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ქართული მხარეც ასევე დაინტერესებულია კონსტრუქციული ურთიერთობებით.
თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მტკივნეულ პრობლემად რჩება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" საკითხები. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აღიარა, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. იმ დროს თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან თვითონ გაწყვიტა. ქართული მხარის მტკიცებით, დიპურთიერთობის აღდგენა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" სტატუსის გარკვევამდე შეუძლებელია. ამასთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება განწყობილია რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს.
„მოსკოვს „სტატუს-ქვოს" შენარჩუნება სურს, ქართველებს კი ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ პირდაპირ დაელაპარაკონ აფხაზებს და ოსებს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" მთავრობა ამას კარგად აცნობიერებს", - ხაზს უსვამს საიდ გაფუროვი.
„საქართველოს ევრიონტეგრაციული პერსპექტივა უახლოეს წლებში განსაზღვრული იქნება არამარტო ბრიუსელის მოთხოვნებით, არამედ ხელისუფლების შიდა მდგრადობით და იმითაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დარჩება ქვეყნისათვის რუსეთთან ეკონომიკური კავშირები", - ასკვნის ექსპერტი.
ავტორ(ებ)ი :