"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times 20.04.2026 21:38

„ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი ახტარ მაკოი აანალიზებს ირანის მდგომარეობას და ასკვნის: „ირანმა თითქოსდა წარმატებით გაათამაშა თავისი კოზირები, მაგრამ საბოლოოდ ნახა, რომ ზეწოლის ბერკეტებით სარგებლობა გამარჯვების გარეშე მხოლოდ ნაკლები ბოროტების არჩევის შესაძლებლობას იძლევა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანს მსოფლიო ეკონომიკა რამდენიმე კვირის განმავლობაში მძევლად ჰყავს აყვანილი. ისლამურმა რესპუბლიკამ აჩვენა, რომ მას შეუძლია დაბლოკოს პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საზღვაო-სატრანსპორტო დერეფანი, ხელოვნურად შექმნას „საცობი“, გაზარდოს ფასი ენერგომატარებლებზე და თავისი გეოგრაფიული ბერკეტები მოლაპარაკების დროს გავლენის მოსახდენად გამოიყენოს.

როცა პარასკევს, 17 აპრილს, ჰორმუზის სრუტე ისევ გაიხსნა, დასავლეთის ბაზრები აღფრთოვანდნენ და ჩათვალეს, რომ ნორმალური ცხოვრებისადმი დაბრუნების დრო უკვე მოახლოვდა, მაგრამ 18 აპრილს, სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილური სიტუაციის გამო, სრუტე ისევ დაიხურა.

ვის ჭირდება ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა უფრო მეტად - ირანს, ამერიკის შეერთებულ სტატებს თუ სპარსეთის ყურის ქვეყნებს?

დავიწყოთ იმით, რომ ირანს დიდი დრო და სახსრები დაჭირდება დანგრეული სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მეტალურგიის ობიექტების აღსადგენად.

ამასთან, როგორც კი აბას არაქჩიმ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლა „ყველა სავაჭრო გემს შეუძლიაო“, მისმა ნათქვამმა დაუყოვნებლივი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ხისტი ხაზის მომხრეებს შორის - მათ მინისტრს ბრალი წაუყენეს, რომ ქვეყანას მთავარი უპირატესობა დააკარგვინა.

ჰოსეინ შარიათმადარმა, კონსერვატიული გაზეთის „ქეიხანის“ მთავარმა რედაქტორმა, ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აბას არაქჩის დადგენილების გაუქმება მოსთხოვა. „ძვირფასო ძმაო, რატომ გადაწყვიტეთ სრუტის გახსნა სწორედ მაშინ, როცა ჩვენ მტერი კუთხეში მივიმწყვდიეთ და მას ყელში ხელი წავუჭირეთ მოსახრჩობად?“ - წერს ჰუსეინ შარიათმადარი.

ჰორმუზის სრუტის გახსნის ფაქტი მიუღებლად ჩათვალეს თვით ხელისუფლებასთან („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“) ახლოს მდგომმა გამოცემებმა, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ხელმძღვანელობამ, რომელმაც მთავრობა უუნარობაში დაადანაშაულა: „თქვენ ირანის საზოგადოება გაურკვეველ და დამაბნეველ სიტუაციაში ჩააგდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში, - რატომ დუმხართ, აგვიხსენით, ასე რატომ გააკეთეთ?“.

მთავრობის ლოიალური მასმედიისგან უჩვეულო კრიტიკული ტონი ხელისუფლებისთვის საკმაოდ მოულოდნელია, თუმცა უკან დახევას თავისი მიზეზები აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათისა: ქვეყანა ღრმა კრიზისშია, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. იანვრის საპროტესტო აქციები სწორედ ეკონომიკურმა პრობლემებმა განაპირობა, შემდეგ ომმა გააღრმავა, რომელმაც ირანს 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ზარალი მიაყენა. ირანული მასმედიის გამოთვლით, ომისაგან მიყენებული ზიანი ნავთობის სანქციებით 26 წლის განმავლობაში მიყენებული ზიანის ტოლფასია.

ირანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მას ეკონომიკის აღდგენა სურს, რისთვისაც შემოსავლებია აუცილებელი, მეორე მხრივ კი ჩაკეტილი ჰქონდა ჰორმუზის სრუტე, რომელსაც თავის მთავარ კოზირად იყენებდა და რომლის გამოც იგი თვითონაც ზარალობდა. თუმცა, თეირანი თვლიდა, რომ „ჩიტი ბდღვნად ღირდა“.

ეკონომისტები თვლიან , რომ თეირანს, ომის შემთხვევისათვის, ყოველთვის ჰქონდა შენახული მრავალწლიანი სავალუტო რეზერვები, ე.წ. „ხელშეუხებელი მარაგი“, რომლითაც შესაძლებელი იყო იმპორტის ოპერატიულად განხორციელება - სურსათისა და მედიკამენტების პრიორიტეტით.

ჰორმუზის სრუტის გახსნა უშუალო ეკონომიკური ზეწოლის სიმძიმეს ამსუბუქებს, მაგრამ ფუნდამენტურ პრობლემას ვერ წყვეტს.

ირანს მუდმივად ჭირდება სხვადასხვა სამშენებლო მასალების, საკვები პროდუქტებისა და მოწყობილობების იმპორტი, რისთვის აუცილებელია სავალუტო შემოსავლების მიღება ნავთობის გაყიდვით, ან გაყინულ აქტივებზე ყადაღის მოხსნა და მათი ბრუნვაში გაშვება.

დონალდ ტრამპის განცხადება, რომ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, სანამ ირანთან 100%-იანი გარიგება არ მოხდებაო“, იმას ნიშნავს, რომ სრუტის გახსნამ მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ეკონომიკის აღდგენა საეჭვოა.

ირანს თავისთვის საჭირო საკვები პროდუქტების 40% უცხოეთიდან შეაქვს - ხორბლის, ბრინჯის, მცენარეული ზეთისა და ხორცის ჩათვლით.

ირანული ფარმაცევტული კომპანიების მუშაობა 70%-ით არის დამოკიდებული უცხოურ ნედლეულზე, მედიკამენტების წარმოებისთვის. ქარხნები ვერ იმუშავებენ უცხოური იმპორტული დეტალების, ქიმიკატებისა და სხვა კომპონენტების გარეშე.

თუ ბირანი იმპორტის განახლებას ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში ჯერ მკვეთრად გაიზრდება ფასები სურსათზე, შემდეგ კი მედიკამენტების დეფიციტიც გაჩნდება, როცა ფარმაკოლოგიური კომპანიები ნედლეულის მარაგებს ამოწურავენ.

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანს შეუძლია ნავთობის ექსპორტის სრული ორთვიანი შეჩერება გადაიტანოს მანამ, სანამ მის ამოღებას შეაჩერებდეს.
რიგი კონსალტინგური კომპანიების შეფასებით, ირანს აქვს 122 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგი მიწისზედა საცავებში, რომელთაგან 90 მილიონი ბარელის დაუყონებლივი გაყიდვა შეუძლია.

პროფესორი ალი ასნარი (სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან), რომელიც ირანული კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თუ ირანი იძულებული გახდება თავისი ნავთობის ჭაბურღილები დახუროს, რა თქმა უნდა, რეზერვების დასრულების შემდეგ ის ნავთობის ექსპორტს ვეღარ შეძლებს, შემოსავლებიც აღარ ექნება: „ფულის გარეშე ეკონომიკის მართვა შეუძლებელია. ირანს მოუწევს გამოსავალი მოძებნოს, თუნდაც აშშ-სთან გარიგების დადებით. პრობლემა ისაა, რომ ირანის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია და მოსახლეობა ამას სათანადოდო არ აფასებს - ჰგონიათ, რომ ისინი უფრო იოლად გადაიტანენ კრიზისს, ვიდრე ჩვენ, ამერიკელები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთან შედარებით, მათი ტკივილის დონე უფრო აუტანელი იქნება“.

ეკონომიკის ომისშემდგომ აღდგენაზე პასუხისმგებელი, როგორც ჩანს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ იქნება, რომლის გენერლები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 40%-ს აკონტროლებენ სხვადასხვა ფიქტიური კომპანიების, საქველმოქმედო ფონდებისა და პირდაპირი მფლობელების მეშვეობით. „გუშაგების“ კონტროლი ვრცელდება ირანის ექსპორტ-იმ[პორტზე, სამშენებლო მრეწველობის ობიექტებზე, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ასეთი პარალელური ეკონომიკა ქვეყნის მდგრადობის საკმაო დონეს უზრუნველყოფს. შავ ბაზარზე მიწოდების ჯაჭვი შეიძლება გაგრძელდეს იმ დროსაც კი, როცა ოფიციალური, კანონიერი ვაჭრობა შეწყდება.

„გუშაგების“ კონტრაბანდისტული ქსელი ამჟამინდელ კრიზისამდე ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, ირანში პროდუქციის მიწოდება ერაყის, თურქეთის, პაკისტანისა და კასპიის ზღვის ტრანზიტის მეშვეობით, ჰორმუზის სრუტით ვაჭრობის კრახის შემდეგ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ეკონომიკაში „გუშაგთა კორპუსის“ დომინირება იმის გარანტიასაც იძლევა, რომ ბლოკადით გამოწვეული ტკივილი და გაჭირვება არათანაბრად გადანაწილდება: გენერლები და მათთან დაკავშირებული ელიტას, პრივილეგირებული არხებით, დეფიციტურ საქონელთან მეტი დაშვება ექნებათ, ვიდრე ყველა დანარჩენს. ინფლაციის, დეფიციტისა და ნორმირების მთელ სიმძიმეს ძირითადად უბრალო ირანელი მოქალაქეები თავიანთ მხრებზე გადაიტანენ.

„გუშაგები“ თავიანთ პრივილეგირებულ ეკონომიკურ მდგომარეობას იმით ამართლებენ, რომ უპირველესად ისინი ეწირებიან მსხვერპლად საომარ პირობებს, სწორედ ისინი იღუპებიან პირველები ომების დროს.

როცა ისლამური რეჟიმის „გუშაგები“ თავიანთ ინტერესებს იცავენ, ამ დროს კი რიგითი მოქალაქეები გაჭირვებაში არიან, ასეთ სიტუაციაში ლეგიტიმურობის ბალანსი ირღვევა. სწორედ ამაზე აფრთხილებდა ხელისუფლებას სააგენტო „ფარსის“ ხელმძღვანელობა მთავრობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის კრიტიკისას.

პროფესორ ალი ასნარის თქმით, „გუშაგთა კორპუსის“ ზოგიერთი ბობოლა პირი მზად არის ქვეყნის „ჩასაძირად“, მთავარია თვითონ გადარჩნენ.
მაგრამ საბოლოო ჯამში გენერლებიც უფულოდ ვერაფერს გააკეთებენ: ისინი რისკის წინაშე დგებიან, რომ მათი აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს დუბაიში კრიზისი „შეჭამს“.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ ფინანსური ინტერესები უბიძგებს „გუშაგ გენერლებს“ სწრაფად წავიდნენ კომპრომისებზე აშშ-სთან. ამ დროს იდეოლოგიური იმპერატივები და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება სიტუაციაზე ნაკლებად მოქმედებს.

ფაქტები? ინებეთ: ომამდე მეტალურგიული კომპანიები Khuzestan Steel (ირანის სამხრეთში) და Mobarakeh Steel (ისპაანში) ერთად ირანში წარმოებული ფოლადის თითქმის მესამედს ადნობდნენ. მაგრამ მათ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად სერიოზული ზიანი მიიღეს. ამ კომპანიების ზარალი დომინოს პრინციპით ახდენს ნეგატიურ გავლენას მშენებლობის სფეროზე, გადამამუშავებელ მრეწველობაზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავტომობილების წარმოებაზე. ირანის შავი მეტალურგიის საწარმოებში პირდაპირ თუ ირიბად 5,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული და მათი აქციების დიდი ნაწილი „გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს ეკუთვნით.

ომამდე ირანის Mahshahr-სა და Asaluyeh-ის ნავთობქიმიურ კომპლექსებს წელიწადში 18 მილიარდი დოლარის მოგება მოჰქონდათ, რომელთა დიდი ნაწილი „გუშაგთა“ ელიტის ჯიბეში მიდიოდა. დღეს ეს შემოსავლები მინიმუმამდე დაეცა ან საერთოდ გაქრა. ნავთობისა და გაზის საცავები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, განსაკუთრებით ირანის სამხრეთში და თეირანის ახლოს, დაზიანდა და არ მუშაობენ. ქვეყანაში შემცირდა სტრატეგიული რეზერვები, შემოღებულია საწვავის ნორმირებული გაცემა. დაინგრა 99878 საცხოვრებელი და კომერციული ობიექტი.


ირანის მთავრობამ გამოაცხადა სტიმულები რეკონსტრუქციისათვის - შეღავათები მშენებლობის სფეროში, გააუქმა ტარიფები საინჟინრო სამუშაოებზე და ნებართვებზე, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმპორტზე. ირანს მშენებლობისათვის ბევრი იმპორტული პროდუქცია ჭირდება - ელექტროკაბელებიდან დაწყებული, სანტექნიკით დამთავრებული, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უფრო მსხვილ დანადგარებზე. თვითონ ირანში ამ პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები არ მუშაობენ.

ჰორმუზის სრუტის გახსნა ირანს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, მაგრამ მათ არ წყვეტს. ირანს მასობრივად ჭირდება ჩამოთვლილი პროდუქცია, სახმელეთო გზით მათი ქვეყანაში შეტანა სრულად ვერ მოხერხდება, საჭიროა დიდი მოცულობის საზღვაო გადაზიდვები, მაგრამ... აშშ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების დროს ირანისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადამზიდავ გემებს მომატებულ ტარიფებს უწესებს. შესაბამისად, ბევრი კომპანია ირანული ტვირთების მიღება-გადაზიდვაზე უარს იტყვის.

და თუ იმპორტული პროდუქცია ირანამდე მაინც ჩააღწევს, ის საოცრად ძვირი იქნება. ბიუჯეტური შეღავათები სავალუტო რეზერვების სწრაფ შემცირებას გამოიწვევს. დაზარალდება სურსათისა და მედიკამენტების იმპორტი.

როგორც ითქვა, ირანის საგარეო ვაჭრობა ძირითადად საზღვაო გზით ხორციელდება. სახმელეთო საზღვრებზე (ერაყთან, თურქეთთან, ავღანეთთან, პაკისტანთან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან) არანავთობური ექსპორტის მხოლოდ 49% ხდება. თანაც ძირითადად ავტოტრანსპორტით, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი რკინიგზები ირანში ძალიან ცოტაა. შესაბამისად, სახმელეთო მარშრუტებით ვერ მოხდება ფხვიერი ტვირთების, ფოლადის ნაკეთობებისა და ცემენტის გადატანა, რაც აუცილებელია მშენებლობისათვის.

ირანელი ანალიტიკოსის საიდ ბარზინის თქმით, ამჟამინდელ ეკონომიკურ პირობებში მმართველი რეჟიმის დამხობის იდეა არარეალურია. ისლამური რესპუბლიკა მრავალი წლის განმავლობაში ძალზე მკაცრი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა და მათ მეტ-ნაკლებად მიეჩვია. „სანქციების პირობებში რეჟიმმა წლები დახარჯა თვითუზრუნველყოფის დაგეგმვაზე. შესაბამისად, სისტემას აქვს უნარი მოთხოვნილებათა მინიმუმი უზრუნველყოს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

თუ წარმატების შეფასების საზომად იქნება სუსტი და ღარიბი ისლამური ირანი, მაგრამ არა დამხობილი ისლამური რეჟიმი, მაშინ „გუშაგთა“ წინააღმდეგობა თვეები და წლები შეიძლება გაგრძელდეს.

საიდ ბარზინი მიუთითებს დინამიკაზე, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ: „გარედან თავდასხმა და თავსმოხვეული ომები, საომარი მოქმედებები, როგორც წესი, საზოგადოების კონსოლიდაციას ახდენს და არა მის რღვევას. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის სოციალური ბაზა დასუსტდა, ის მაინც ინარჩუნებს საზოგადოების მტკიცე ბირთვს და მისი იმედი აქვს. უფრო მეტიც: უცხოური ინტერვენციისა და თავდასხმით მიერ გამოწვეული სიკვდილი და ნგრევა ამტკიცებს პატრიოტულ სულისკვეთებას და ქვეყნის შიგნით (და გარეთაც) ერთმანეთთან აახლოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს - იმათაც კი, რომლებიც ომამდე ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი“.

თუმცა შეიძლება მოვლენები შეიძლება მთლად ისე არ განვითარდეს, როგორც ექსპერტი ამბობს: ირანელი წვრილი და საშუალო ბიზნესმენები მოვაჭრეები ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ისლამურ რეჟიმს, კონსერვატორებს, ახლა კი ისინი უკვე მოთმინებას კარგავენ: რეჟიმსა და საზოგადოებას შორის დადებული გარიგება ირღვევა. ბიზნესმენებს სურთ ომის დამთავრება, ჰორმუზის სრუტით სარგებლობა, ეკონომიკის აღდგენა, ისლამური რეჟიმის მესვეურებს კი ნაადრევი კაპიტულაცია არ უნდათ. არადა, ბლოკადის პირობებში ეკონომიკის აღდგენა შეუძლებელია.


და თუ ეკონომიკური კრიზისის გამო კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობაც ქუჩაში თუ გამოვა, ეს ისლამური რეჟიმისათვის უფრო დიდი საფრთხე იქნება, ვიდრე ახალგაზრდობის პროტესტები.

ჰოსეინ შარიათმადარის საჯარო მოთხოვნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ ჰორმუზის სრუტის გახსნა გააუქმოს, სწორედ ამ საფრთხეს გულისხმობს.

თეირანს აუცილებლად ჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რომ რეკონსტრუქცია დაიწყოს, ნავთობის ექსპორტი აღადგინოს და უცხოურ ბანკებში გაყინული თავისი აქტივები მიიღოს. წარუმატებელი დიპლომატია რეჟიმის ლეგიტიმურობას დაარღვევს და შიდა ოპოზიციას კონსერვატორებიც მიემატებიან.


ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ირიბად იმის აღიარება, რომ დასავლეთის ეკონომიურმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო, თუმცა ისე, რომ სახე არ შეირცხვინონ. მაგრამ მათ ისიც კარგად იციან, რომ ეკონომიკის აღდგენა ნავთობის ექსპორტის განახლებისა და სანქციების მოხსნის გარეშე არ მოხდება, ამისათვის კი დათმობებზე წასვლა, მათ შორის კი ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის გარანტიებია აუცილებელი.

ირანმა თითქოსდა წარმატებით ათამაშებს თავის კოზირებს, მაგრამ საბოლოოდ ხედავს, რომ ზეწოლის ბერკეტებით (ჰორმუზის სრუტით) სარგებლობა სრული გამარჯვების გარეშე ეკონომიკის აღდგენის უმტკივნეულო შესაძლებლობას არ იძლევა. არჩევანი არის მტკივნეულ გზას და ნაკლებად მტკივნეულს შორის.

პროფესორ ალი ასნარის თქმით, „აშშ, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას - იმიტომ, რომ შექმნილი ვითარება ხელს უწყობს ამერიკის პოზიციას მოლაპარაკებაზე“.

ამ ეტაპზე ირანში არავითარი აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა თითქოსდა თავისუფალია, მაგრამ რეალურად მას ხან ირანი, ხან აშშ ბლოკავს. ექსპორტ-იმპორტი ფაქტიურად არ ხდება. კომპანიები ითვლიან, თუ რამდენი დღის შემდეგ გაკოტრდებიან..

ომი 40 დღით არის შეჩერებული, მაგრამ ეკონომიკური ბლოკადა გრძელდება. ირანმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისად ეფექტურია თუ არა თავისი კოზირების გამოყენება, რომ ამგვარი ფასის გადახდა გაამართლოს.


წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ