23.04.2026 22:43
ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა" (Financial Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" (ავტორები - ქრისტოფერ მილერი და მარტონ დუნაი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკრაინამ რუსული ნავთობსადენის რემონტი დაასრულა და მზად არის განაახლოს ნავთობის მიწოდება უნგრეთისა და სლოვაკეთისათვის" - ამ განცხადებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც ჩანს, დაასრულა ის დავა, რომელიც თვეობით გრძელდებოდა და რომელიც უკრაინისათვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს გამოყოფას აფერხებდა.
„ჩვენმა სპეციალისტებმა მილსადენის ამოქმედებისათვის შესაბამისი პირობები უკვე შექმნეს. „დრუჟბა" მზად არის რუსული ნავთობის მისაღებად", - დაწერა უკრაინის ლიდერმა „იქს-ქსელში", თუმცა იქვე მიანიშნა: „ამჟამად არავის არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ რუსეთი ისევ არ დაარტყამს მილსადენის ინფრასტრუქტურას". ანუ უკრაინამ ისევ გაიმეორა თავისი ადრინდელი მტკიცება, რომ ნავთობსადენი თვითონ რუსეთმა დააზიანა და უკრაინას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.
ფოტოსურათებზე, რომლებიც „ფაინენშელ თაიმსს" უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის" გენდირექტორმა სერგეი კორეცკიმ გაუზიარა, ასახულია ცეცხლის ალში გახვეული რეზერვუარი, რომლის ჩაქრობას „ათი დღე დაჭირდა".
მაგრამ რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები აცხადებდნენ, რომ „დრუჟბა" გასული წლის აგვისტოდან არ მუშაობს და რომ უკრაინამ სპეციალურად, წინასწარგანზრახულად შეაჩერა რუსული ნავთობის ექსპორტიო. შესაბამისად, ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ უარი განაცხადეს უკრაინისათვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი კრედიტის მიცემაზე მანამ, სანამ ნავთობსადენი არ ამოქმედდებოდა.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: ევროკავშირმა ჩათვალა, რომ კიევი პრობლემას განგებ ართულებდა, დროულად არ არემონტებდა და უარს აცხადებდა, რომ ევროკავშირის სპეციალისტებს შეემოწმებინათ მილსადენის დაზიანებული ადგილები.
საბოლოოდ, როცა უნგრეთის ახალმა ლიდერმა პეტერ მაგიარმაც, წინამორბედი ვიქტორ ორბანის მსგავსად, მკაცრად მოითხოვა ნავთობსადენის ამოქმედება, უკრაინა მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა და მილსადენი სასწრაფოდ, მოკლე დროში გაარემონტა.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც ფორმალურად, მაისის დასაწყისამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა, რომ უნგრეთი აღარ დააბრკოლებს უკრაინისათვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას.
ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ანტონიუ კოშტამ მადლობა უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მან წარმატებით განახორციელა მილსადენის რემონტი, პრობლემა მოგვარდა და სადაო საკითხი აღარ არსებობს.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „უნგრეთის არჩევნების შედეგებით ორი ძირითადი პრობლემა გადაიჭრა - ერთი, რომ ნავთობსადენი გარემონტდა და მეორე, რომ უკრაინისათვის 90-მილიარდიანი კრედიტის გამოყოფა უახლოეს 24 საათში დაუბრკოლებლად მოხდება".
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დიდი გავლენა მოახდინა რამდენიმე დღის წინ პეტერ მაგიარის, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა მკაცრმა განცხადებამ, რომ უკრაინამ თამაშს თავი უნდა დაანებოს, შანტაჟი უნდა შეწყვიტოს და ნავთობსადენი უნდა გაარემონტოს.
სლოვაკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მოხსნის თავის ვეტოს უკრაინისათვის კრედიტის გამოყოფის საქმეში, მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, როცა მილსადენით რუსულ ნავთობს მიიღებს.
ავტორ(ებ)ი :