27.04.2026 19:39
"აშშ-ის პრეზიდენტის პირადი სიმამაცე ქებას იმსახურებს", - ასეთი სათაური აქვს ცნობილი ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის" (The Daily Telegraph) სარედაქციო სტატიას, რომელშიც კომენტირებულია შაბათს ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტი - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის მცდელობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თანამდებობას, მისი მაღალი პრესტიჟულობისა და დიდი ძალაუფლების მიუხედავად, ერთი მნიშვნელოვანი „ნაკლი" აქვს: ქვეყნის მეთაურები მათზე თავდასხმის მუდმივი რისკების ქვეშ იმყოფებიან. ეს გარემოება ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ვაშინგტონში შაბათ საღამოს მომხდარმა გასროლებმა [სასტუმრო „ვაშინგტონ-ჰილტონის"] დარბაზში, სადაც პრეზიდენტი თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტებისადმი მიძღვნილ ვახშამს ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა ჩვენი გაზეთის კორესპონდენტიც.
რასაკვირველია, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა პოტენციური მკვლელი მანამდე გააუვნებლეს, სანამ იგი აშშ-ის მეთაურს მიუახლოვდებოდა და დონალდ ტრამპს რაიმე ვნებას მიაყენებდა, მაგრამ მომხდარი ინციდენტი მოწმობს, რომ საფრთხე რეალური იყო და ეს, უეჭველია, დარბაზში მყოფებისათვის საშინელი შოკის მომგვრელ ფაქტს წარმოადგენდა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ დონალდ ტრამპს 2024 წლის ივლისში, პენსილვანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლეს და დაჭრეს (მცირედ, მაგრამ მაინც) ორი თვის შემდეგ მან კიდევ ერთი თავდასხმა გადაიტანა თავის გოლფ-კლუბში, ფლორიდაზე. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აიცილა სულ ცოტა ხუთი მსგავსი შემთხვევა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ იყო ასეთი ინციდენტები, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ ვიცით.
შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი მასზე თავდასხმის საფრთხეს შესაშური სიმტკიცითა და გაბედულებით გაუმკლავდა, თან კარგი განწყობაც შეინარჩუნა. შაბათს მომხდარი ინციდენტიდან ორიოდე საათის შემდეგ მან სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომლის დროსაც კვლავ დაადასტურა თავისი არგუმენტები თეთრი სახლის მარცხენა ფრთის დიდ სამეჯლისო დარბაზად გადაქცევის შესახებ [ანუ ოფიციალური მიღება-წვეულებები სხვაგან კი არა, არამედ უშუალოდ თეთრ სახლში, კარგად დაცულ დარბაზში ჩატარდება].
ისტორიიდან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ აშშ-ის 45 პრეზიდენტიდან 4 მათი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე მოკლეს. მოწყობილი თავდასხმების შედეგად ორი პრეზიდენტი დაიჭრა - რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი. ეს ფაქტები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დაცვით უზრუნველყოფილი ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნა მაინც სახიფათოა სიცოცხლისათვის. რაც არ უნდა ვიფიქროთ და ვთქვათ პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, მისი გაბედულობა და სიმტკიცე სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარა-საფრთხის წინაშე მაინც სამაგალითოა.
აშშ-ის კონსტიტუცია კრძალავს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ნებისმიერი პიროვნების არჩევას. ამრიგად, გასაგები იქნებოდა, თუ [მიმდინარე ომის დროს] უმაღლესი მთავარსარდალი თეთრი სახლიდან არ გავიდოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას საჯარო და იმავდროულად სიცოცხლისათვის სახიფათო ღონისძიებებში.
და მაინც, ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ისეთ წვეულებაში, რომელიც სარისკო შეიძლებოდა ყოფილიყო. პრეზიდენტი არ შეუშინდა ტერორის საფრთხეს და მიიღო სრულიად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სხვებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
ალბათ, ყველას საკუთარი აზრი აქვს დონალდ ტრამპის მიმართ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ყველასათვის მოსაწონი უნდა იყოს პრეზიდენტის მიერ მსგავსი ინციდენტების დროს გამოჩენილი გამბედაობა - პოტენციური მკვლელების წინაშე, როცა „სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია". პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით ყოველთვის უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის ადგილი არ არის. და ამის დემონსტრირებას დონალდ ტრამპი მართლაც ყოველთვის აკეთებს.
ავტორ(ებ)ი :