"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ირანთან შექმნილი არეული სიტუაციიდან გამოგვიყვანოს"-The New York Times 27.04.2026 20:03

"ირანთან მიმართებით თეთრი სახლის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯების შედეგთა გამოსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წარსულის გაკვეთილებს გავითვალისწინებთ", - წერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მე-8 დირექტორი 2021-25 წლებში უილიამ ბერნსი გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 26 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ირანთან შექმნილი არეული სიტუაციიდან გამოგვიყვანოს".


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და მისი ძალადობრივი მოქმედებით გამოწვეულმა შედეგებმა მთელ ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. როცა დიპლომატიური სამსახურის დაწყებისას გამოცდებს ვაბარებდი, 1979 წლის ბოლოს, თეირანში ისლამური რეჟიმის მომხრეებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით, 1983 წელს, დაკავებული ვიყავი ლიბანში, ბეირუთში არსებულ ჩვენს საელჩოში მომხდარი საშინელი აფეთქების შედეგებით. თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, 2013 წელს საიდუმლო მოლაპარაკებას ვატარებდი ირანის წარმომადგენლებთან ბირთვული პროგრამის თაობაზე. 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის გამო კი ბრძოლა დავიწყე ირანის მარიონეტებთან მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც იტყვიან, ბრძოლის დროს „შუბლზე ბევრი კოპი მივიღე", მაგრამ მწარე გაკვეთილებიც ავითვისე, თუ როგორი მიდგომებია საჭირო ირანთან მიმართებით.

გააჩაღა რა ომი ირანის წინააღმდეგ საკუთარი შეხედულებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხედველობაში არ მიიღო არც ჩვენს მიერ წარსულში დაშვებული ყველა შეცდომა და არც თავისი, პირველი ვადის დროინდელი შეცდომები არ გაუთვალისწინებია, კერძოდ, ის, რომ მას ეგონა - ბომბებითა და ირანის ლიდერების ლიკვიდირებით რეჟიმს შეცვლიდა. დონალდ ტრამპმა ჩათვალა, რომ ტაქტიკური სამხედრო წარმატებებით სტრატეგიულ გამარჯვებას მიაღწევდა. როცა პრეზიდენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, მას ეგონა, რომ პრეზიდენტის ძლიერ მანდატზე და ე.წ. „სასახლის პოლიტიკაზე" დაყრდნობით, სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწევდა. და ბოლოს, იგი ისე იმპროვიზირებდა მოლაპარაკებების დროს და ისეთ კომენტარებს აკეთებდა, რომ წინასწარ არ უფიქრდებოდა მოსალოდნელ რეაქციებს და შედეგებს.

 

საქმის უცოდინარობითა და დაუფიქრებლობით დაშვებულმა ასეთმა შეცდომებმა ამერიკას სტრატეგიული ზიანი უკვე მიაყენა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით თითქმის ჩაიშალა, თუმცა მაინც არსებობს მინიმალური იმედი, რომ შეიძლება სიტუაცია როგორმე გამოსწორდეს.

 

დონალდ ტრამპს აშშ-ის ინტერესების გადარჩენაში სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილის გათვალისწინება მოუწევს:

 

პირველი - რთული საგარეო-პოლიტიკური პრობლემების სწორი გადაწყვეტა დროსა და მოთმინებას ითხოვს. ეს გაკვეთილი ფატალისტური არ არის და არ გვასწავლის იმას, რომ რთულ არჩევანს თავი ავარიდოთ, არამედ იმას, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია სხვა პრიორიტეტების უკან დაწევით და გარკვეული გონივრული დანაკარგებით როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. იდეალური გადაწყვეტილება დიპლომატიაში დიდი იშვიათობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე გვაქვს ულმობელ და თავიდან ბოლომდე იდეოლოგიზირებულ რეჟიმთან, რომელსაც საზოგადოებაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ წარმატების მისაღწევად უმოკლესი გზა რეჟიმის ხელმძღვანელების განადგურებაზე გადისო, მაგრამ როგორც ირანის დღევანდელმა მმართველმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, აითოლებისა და მაღალჩინოსნების სიკვდილით რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.

 

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ლოგიკა ირანთან პირდაპირი დიპლომატიის დროს გამოიხატებოდა იმით, რომ თამაში გრძელვადიანი იქნებოდა: უნდა მომხდარიყო თეირანის ყველაზე ნეგატიური საფრთხე-მუქარების შეკავება (ბირთვული იარაღის შექმნის შეკავების ჩათვლით), პარალელურად კი მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო ირანელი ხალხის სწრაფვა პოლიტიკური თავისუფლებების მოპოვებაში. ისევე როგორც მისი წინამორბედი, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, დემოკრატი ბარაკ ობამაც დაკვირვებით და აწონილ-დაწონილად მოქმედებდა. ორივე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსალოდნელი ზიანი ბევრად მეტი იქნებოდა სავარაუდო სარგებელთან შედარებით.

 

დონალდ ტრამპმა კი, რომელიც ფრთაშესხმული იყო 2025 წლის ივნისში ირანთან 20-დღიანი საჰაერო ომის შედეგებით და ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციით 2026 წლის იანვარში, ამერიკელთა საუბედუროდ, სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფოს მიერ საგარეო პოლიტიკაში დაშვებული მსგავსი მასშტაბური შეცდომის გამოსწორება ძალიან რთულია ან საერთოდ შეუძლებელია. ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს მყიფე შანსი იმისა, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხეები მეტ-ნაკლებად გაანეიტრალოს და შეაკავოს - თუ თეთრი სახლი პრიორიტებებს სწორად განსაზღვრავს, ყურადღების კონცენტრიტრირებას მოახდენს და გადაეჩვევა იმ მიდრეკილებას, რომ საკითხების გადაწყვეტას რაც შეიძლება სწრაფად და ხშირად დაუფიქრებლად შეეცადოს.

 

მეორე - ვერავინ ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყველა არსებული ინსტრუმენტების პროფესიულ და კომპეტენტურ გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სამხედრო გავლენების ბერკეტების გარეშე მხოლოდ დიპლომატიით წინ ვერ წახვალ. მაგრამ მხოლოდ ძალა, რომელსაც თან არ ახლავს დაუღალავი და დაფიქრებული, აწონილ-დაწონილი დიპლომატია და ხარისხიანი სადაზვერვო მონაცემები, იშვიათად იძლევა სასურველ შედეგს. გარდა ამისა, მოლაპარაკების წარმოება სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეს საკუთარი ნება თავს მოახვიო. მოლაპარაკება ხშირად რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს ურთიერთკომპრომისებით, დათმობებით, რომლის დროსაც დიდი მნიშელობა აქვს გამოცდილებას და სხვადასხვა მეთოდებით ზეგავლენას.

 

თუ ცეცხლის შეწყვეტის ვადები ისევ გაგრძელდება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მოლაპარაკებისათვის ორი საკვანძო პრობლემაზე - ბირთვულ პროგრამაზე და ჰორმუზის სრუტეზე. და თუ შეთანხმებები დაიდება, განსაკუთრებით ბირთვულ სფეროში, მისი ქვაკუთხედი უნდა იყოს მკაცრი საერთაშორისო ინსპექცია და მორატორიუმი ურანის გამდიდრებაზე (ან უკვე არსებული მარაგის მინიმუმამდე შემცირება, გამდიდრების დაბალი დონით). სამაგიეროდ, ირანის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა შესუსტდეს (ან საერთოდ გაუქმდეს). რაც შეეხება ჰორმუზის სრუტის შესახებ შეთანხმებას, მასში გათვალისწინებული უნდა იყოს სპარსეთის ყურის მონაპირე ქვეყნების ინტერესებიც, საერთაშორისო თავისუფალი ნაოსნობის პრინციპები, სრუტის განნაღმვა და ირანის ეკონომიკის აღდგენის საკითხიც.

 

ამასთან, აშშ-მა არ უნდა დაუშვას ირანის მიერ შეთანხმებების დარღვევა. დოკუმენტებში ირანის მოქმედების სფერო და ჩარჩოები, მისი კომპეტენცია მკაფიოდ და მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ თეირანმა შეთანხმებების მიღმა იმოქმედოს.

 

მესამე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოიხატება იმაში, რომ „მდელოზე გაზონის გაკრეჭვა", ანუ უხეში ძალის გამოყენება უშუალო საფრთხის მიმართ გრძელვადიანი გეგმის გარეშე, მხოლოდ ართულებს იმავე „მდელოზე არსებული პრობლემების" მოგვარებას. მათი სია საკმაოდ დიდია: ირანის რეჟიმი სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც უძლებს. ირანი დასუსტდა, მაგრამ ხალხი (საზოგადოება) უფრო ხისტი გახდა და ინსტინქტურად გაბოროტდა. ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ირანისათვის ბუნებრივ-გეოგრაფიულ სტრატეგიულ საჩუქარს წარმოადგენს, ფაქტია, რომ დღეს თეირანი გავლენის ძლიერ ბერკეტად იყენებს. არსებობს საფრთხე, რომ სრუტე ირანმა სამომავლოდ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს, ვიდრე ამჟამად მისთვის ბირთვული პროგრამა და ბალისტიკური რაკეტები წარმოადგენს. სამწუხაროდ, აშშ-ის როგორც მოკავშირის ავტორიტეტის დაცემა ევროპაში და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ნეგატიურ გავლენას ახდენს ვაშინგტონის ლიდერობაზე სპარსეთის ყურეშიც. აქაური არაბული ქვეყნები აშშ-სადმი ნდობას კარგავენ.

 

სამწუხაროდ, აშშ-ის ომი ირანთან მაშველი რგოლი აღმოჩნდა ვლადიმერ პუტინისათვის: ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის შესუსტების მიზნით დონალდ ტრამპის მიერ სანქციების მოხსნამ (დროებით, მაგრამ მაინც) რუსული ნავთობის ექსპორტზე კრემლს მოულოდნელი და დამატებითი შემოსავლები მოუტანა. გარდა ამისა, აშშ-მა თავისი იარაღის რეზერვები ირანთან ომში დახარჯა, უკრაინა კი სამხედრო ტექნიკით დახმარების გარეშე დარჩა (მართალია, ნატოელი მოკავშირეების ფულით შეძენილის, მაგრამ მაინც). და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინამ ფრონტზე წარმატებით მოქმედებს, რუსეთის ეკონომიკა კი „ბუქსაობს".

 

თავის მხრივ, სი ძინპინიც დარწმუნებულია, რომ ომმა ჩინეთს სტრატეგიული სარგებელი მოუტანა: დონალდ ტრამპი პეკინში ვიზიტისათვის ემზადება (მაისის შუა რიცხვებში) და ჩინელ ლიდერს, ალბათ, იმედი აქვს, რომ [ირანთან ომის გამო არასასიამოვნო სიტუაციაში მყოფ] ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკების დროს გარკვეულ დათმობებს „გამოსტყუებს" როგორც ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებშიც.

 

და ბოლოს, აშშ-ის ომმა მსოფლიო ეკონომიკაში ისეთი დიდი და ღრმა პრობლემები წარმოქმნა, რომელთა შედეგები საგრძნობი იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ გაგრძელდება.

 

მოკლედ, ჩვენ ესოდენ ღრმა ორმო არ უნდა ამოგვეთხარა, რომელიც ჩვენთვისვე სახიფათო იქნებოდა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის გვიან ნიჩაბი გვერდზე გადავდოთ, რამდენიმე რთული გაკვეთილი კარგად ვისწავლოთ და მიღებული ცოდნა ცოტა მეტი თავმდაბლობით გამოვიყენოთ.


წყარო:

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ