ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daiy Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე“ (ავტორი - არტურ სკოტი), რომელშიც საუბარია გერმანიის სამხედრო უწყებისა და არმიის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ უკრაინას კიდევ რაიმე შეიარაღებას - საბრძოლო მასალებს და მძიმე ტექნიკას - გაუგზავნის და აღიარა, რომ ბუნდესვერი (გერმანიის არმია) თავისი დახარჯული რეზერვების შევსებას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებს.
როდის შეივსება სამხედრო საწყობები?
გერმანიის არმია, რომლის დაფინანსება ფედერალური ბიუჯეტიდან ცივი ომის შემდეგ ყოველწლიურად სულ უფრო მცირდებოდა, დღეის მდგომარეობით, უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, განსაკუთრებით კი ძირითადი საბრძოლო ტანკის - „ლეოპარდ-2“-ის გადაცემის შემდეგ, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იმყოფება. „გულწრფელად ვამბობ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც რეზერვები ძალიან შეზღუდული გვაქვს“, - თქვა ბორის პისტორიუსმა ტელეეთერში გამოსვლისას., - „მე როგორც ფედერალური მინისტრი, ყველაფერს უკრაინას ვერ მივცემ“.
გერმანის მთავრობას განზრახული აქვს მიმდინარე ათწლეულის ბოლოსათვის ბუნდესვერის პირადი შემადგენლობა 200 ათას სამხედრო მოსამსახურემდე გაზარდოს და 130 მილიარდამდე ევრო დახარჯოს ახალი ტექნიკისათვის. „ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო საწყობებში გაჩენილი სიცარიელის შევსება, სამინისტროს გათვლებით (და ეს ყველამ იცის), წარმოქმნილი სიცარიელის აღმოფხვრას წლები დაჭირდება და ეს მხოლოდ 2030 წლისათვის თუ იქნება შესაძლებელი“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.
მიზანი - გერმანიის არმიის ძლიერების აღდგენა
ბორის პისტორიუსის თქმით, ამჟამად თავდაცვის სამინისტროს მთავარ საზრუნავია სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა ნატოს სტანდარტების შესაბამისად - მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ნაცვლად ამჟამინდელი 1,5%-ისა, რაც უზენაეს პრიორიტეტს წარმოადგენს. „თუ ჩვენ ამას საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე მივაღწევთ, მე კმაყოფილი ვიქნები“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრი 2023 წლის იანვარში მას შემდეგ გახდა, რაც მისი წინამორბედი ქრისტინა ლამბრეხტი გადადგა რიგი პოლიტიკური შეცდომების დაშვების შემდეგ. ახალმა მინისტრმა მძიმე და რთული მემკვიდრეობა მიიღო, შესაბამისად, მისი მიზანია აღადგინოს გერმანიის აწ უკვე დასუსტებული შეიარაღებული ძალების ყოფილი ძლიერება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დავიწყებული იყო.
ბუნდესვერის გადაიარაღება კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გამოცხადებული პროგრამის Zzeitenwende-ს (ანუ „შემობრუნების მომენტის“) მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს გერმანულ სამხედრო პოლიტიკაში.
გერმანელი ჯარისკაცები... სამხედრო ფორმის გარეშე?
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან სამი დღის შემდეგ კანცლერმა 100 მილიარდი ევროს მქონე ფონდის შექმნა გამოაცხადა იმ მიზნით, რომ გერმანიის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად გადაიქცეს. მაგრამ ერთი წელი უკვე გავიდა, ფონდიდან უკვე 13 მილიარდ ევროზე მეტია დახარჯული, მაგრამ ბუნდესვერს გაძლიერება ჯერ-ჯერობით არ ეტყობა - არმია ისევ განიცდის ტექნიკის, მოწყობილობებისა და პირადი შემადგენლობის მწვავე დეფიციტს. სიტუაცია ვერ გამოსწორდა რეგულარული ფედერალური ბიუჯეტის მეშვეობითაც, რადგან დაფინანსება ინფლაციის ტემპებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ევა ჰეგლმა - ბუნდესტაგის კომისარმა შეიარაღებული ძალების საკითხებში - გამოთვალა, რომ ბუნდესვერის მოდერნიზებას, სულ მცირე, 300 მილიარდი ევრო დაჭირდება.
ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ბუნდესტაგის კომისიამ მოამზადა გასულ თვეში, ცნობილი გახდა ის პრობლემები, რომელიც მინისტრ ბორის პიქტორიუსისა და საერთოდ, სამხედრო უწყების წინაშე დგას, არმიის მოდერნიზებასთან დაკავშირებით. კომისიამ გამოავლინა ისეთი ამუნიციის ტოტალური უკმარისობა, რომელიც წარმოუდგენელი იყო - დეფიციტია სამხედრო ფორმა და თუ არის, ისიც საკმაოდ უხარისხო. ასევე აღმოჩნდა, რომ ბენდესვერში კავშირგაბმულობის საშუალებების მწვავე უკმარისობაა - ჯარისკაცებს არ ჰყოფნით ინდივიდუალური რადიოგადამცემები, აგრეთვე ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებები.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge