ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové noviny) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას" (ავტორი - ირჟი იუსტი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის მდგომარეობა, რომელიც ბოლო დროს რუსეთის დრონების დარტყმებს განიცდის და მწყობრიდან გამოდის, ენერგეტიკის ობიექტებთან ერთად.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რკინიგზის სადგურის ბაქანზე ლურჯ-თეთრი სამგზავრო კუპირებული ვაგონები იწვის, რომლებსაც ცეცხლი დრონის პირდაპირი მოხვედრის შედეგად გაუჩნდა. დრონებისაგან დაზიანდა მეორე ლიანდაგზე მეზობლად მდგარი სამგზავრო მატარებელიც, რომელსაც ცეცხლმოდებულისაგან სამმეტრიანი ბეტონის ტროტუარი აშორებს - აფეთქებისაგან მის ვაგონებს ფანჯრები ჩაემსხვრათ. ლოკომოტივი - თბომავალი - რომელსაც ვაგონები აქვს ჩაბმული (ალბათ, დაბომბვის სამიზნე სწორედ ის იყო), ამჯერად იოლად გადარჩა - მას მხოლოდ დრონებისაგან დამცავი ბადე დაუზიანდა.
შოსტკის რკინიგზის სადგურს რუსებმა ერთი კვირის წინ წინ დაარტყეს, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12-მდე კი დაიჭრა. ომამდე ამ ქალაქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქში შედის და რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ზაფხულში მოსახლეობის ნახევარი ევაკუირებული იქნა. ბოლო დრომდე შოსტკელები მწვავედ არ გრძნობდნენ ომის გავლენას, მაგრამ ახლა აქაც სიტუაცია საშიში გახდა - ცაში რუსული დრონების ფრენა გახშირდა...
შოსტკის რკინიგზის სადგურის დაბომბვა და მატარებლების განადგურება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მეთოდურად ცდილობს რუსეთი უკრაინის სატრანსპორტო სისტემის, ამ შემთხვევაში კი რკინიგზის ლოჯისტიკის მწყობრიდან გამოყვანას. ამას ემატება ელექტრო- და გაზმომარაგების ობიექტების დაბომბვებიც.
ბლექაუთი: შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?
რამდენადაც აშშ-ის მცდელობები - დაეთანხმებინა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე - უშედეგოდ დასრულდა, უკრაინის მთავრობამ დიპლომატიური მოლაპარაკების იმედი დაკარგა და ამჟამად ქვეყანას მძიმე ზამთრისათვის ამზადებს. მუშაობა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს - რუსეთი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ცდილობს დარტყმები მიაყენოს ელექტროსადგურებს და ენერგეტიკის სხვა ინფრასტრუქტურას. ამერიკული მასმედიის ცნობით, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში, სადაც ბუნებრივი გაზის ძირითადი საბადოებია, მწყობრიდან არის გამოყვანილი ჭაბურღილებისა და გაზსაცავების თითქმის 60%. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც მწვავე ფინანსურ კრიზისს განიცდის, მოუწევს სახსრების გამოძებნა ევროპიდან გაზის იმპორტის უზრუნველსაყოფად. თუ წინა წლებში უკრაინის სახელმწიფო კომპანიას „ნაფტოგაზს“ უცხოეთიდან დამატებით 4 მილიარდი კუბმეტრი გაზი შეჰქონდა, ახალა ბევრად მეტის იმპორტი მოუწევს.
„მართალია, უკრაინამ დიზელგენერატორების დახმარებით მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაიტანა გასული ზამთარი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია - მატულობს შეშფოთება, რომ რუსების მიერ განხორციელებული კომპლექსური დაბომბვებით მიყენებული ზიანი უფრო ძნელად გამოსასწორებელია და მოსახლეობას ზამთრის პირობებში უფრო მეტი პრობლემები ექნება“, - ნათქვამია ამერიკული Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
რასაკვირველია, კიევს კარგად ესმის შექმნილი სიტუაცია და გარკვეულ ზომებს იღებს. ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ აკუმულატორული სადგურების ქსელი შექმნა - უმთავრესად კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, კომპლექსების სახით. თითოეულ ასეთ კომლექსში ათეულობით მძლავრი აკუმულატორია განთავსებული, რომლებიც დაახლოებით 200 მეგავატ ელექტროენერგიას იძლევა. ელექტროსადგურებზე და ელექტროგადამცემ ხაზებზე რუსეთის დარტყმის შემთხვევაში ასეთი ენერგოკომპლექსი დენით 600 ათას მცხოვრებს უზრუნველყოფს ორი საათის განმავლობაში. მთავრობის გათვლებით, ორ საათი საკმარისი დროა, რომ უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა გადართვები და რემონტი განახორციელონ (მათ უკვე აქვთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობის დიდი გამოცდილება) და მასობრივი ბლექაუთი („ჩაბნელება“) თავიდან აიცილონ.
რუსეთის მიზანი - უკრაინის რკინიგზის პარალიზება
უკრაინის ეკონომიკის მგრძნობიარე სეგმენტების ლიკვიდაციის გეგმის ნაწილს სწორედ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეტევები შეადგენს. უკრაინაში საჰაერო ტრანსპორტი არ მუშაობს, აეროპორტები დახურულია, ავტოტრანსპორტით დიდი ტვირთები ვერ გადააქვთ, მათზე რუსული დრონები ნადირობენ, რჩება მხოლოდ რკინიგზა, რომელიც აქტიურად მუშაობს (სხვათა შორის, უცხოელი ლიდერები და დელეგაციები კიევში პოლონეთიდან მატარებლებით ჩადიან). მაგრამ ახლა რუსეთმა რკინიგზასაც „თვალი დაადგა“. ბოლო დღეებში მოსკოვმა რაკეტებითა და დრონებით რკინიგზის სადგურებს და დეპოებს დაარტყა უკრაინის სხვადასხვა ადგილებში - ოდესის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებში.
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაბომბვით რუსეთს სურს სატრანსპორტო კავშირების გადაჭრას ფრონტისპირა ტერიტორიებთან, უპირველესად კი სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში“, - აცხადებს ალექსანდრე პერცოვსკი „უკრზალიზნიცის“ (უკრაინის რკინიგზის) გენდირექტორი. მისი თქმით, რუსები სადგურებზე არამარტო ლოკომიტივებს და ვაგონებს, არამედ სათადარიგო სარკინიგზო ლიანდაგებსაც ანადგურებენ .
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში დრონებთან ბრძოლის უკრაინელი სპეციალისტი სერგეი ბესკრესტოვი აღნიშნავდა, რომ სექტემბრიდან რუსულმა დრონებმა - „გერანებმა“ - მატარებლებზე თავდასხმებს მოუხშირეს.
„მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები უპირატესად ლოკომოტივებს უტევენ - მათ გარეშე ხომ მატარებლები ადგილიდან ვერ დაიძვრებიან. ლოკომოტივები უკრაინაში დეფიციტია, ისინი ძვირადღირებულ სატრანსპორტო-გამწევ საშუალებებს წარმოადგენენ. ასევე არასაკმარისი რაოდენობით გვყავს მემანქანეებიც. ნადგურდება სატვირთო და სამგზავრო ვაგონები“, - წერს „ტელეგრამ-არხში“ სერგეი ბესკრესტოვი.
„რასაკვირველია, რადგანაც დაზიანებული სატვირთო ვაგონებისა და ლიანდაგების რემონტი სწრაფად ხდება, მოწინააღმდეგის სამიზნეები სწორედ ლოკომიტივები ხდებიან, რომელთა გარეშე რკინიგზა პარალიზებული იქნება“, - ხაზს უსვამს ექსპერტი, რომლის ნათქვამს ბოლო ფაქტები ადასტურებენ.
რამდენიმე ლოკომოტივის განადგურება არამარტო იწვევს მთელი სარკინიგზო ტრასის (ან მისი დიდი მონაკვეთის) პარალიზებას სამოქალაქო ტვირთების გადატანისა და მგზავრების გადასაყვანის საკითხში, არამედ დიდ გავლენას ახდენს სამხედრო ლოჯისტიკაზეც - ხელი ეშლება ფრონტის უზრუნველყოფას ცოცხალი ძალით, იარაღით და სხვა საჭირო მასალებით.
„რკინიგზების მწყობრიდან გამოყვანას შეუძლია უკრაინის არმიის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციები ჩაშალოს. მაგალითად, პოლტავაზე გადის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტს საბრძოლო მასალებით, იარაღით, ტექნიკით და საწვავით ამარაგებს. თუ ლოჯისტიკა რამდენიმე დღით შენელდება, ანუ სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება, ეს თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას მოახდენს როტაციაზე, იარაღის მიწოდებაზე და სანიტარული მატარებლებით დაჭრილების მასობრივ ევაკუაციაზე“, - ამბობს ვიქტორ ტარანი, უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი.
„სამხედრო შტაბები იძულებულნი არიან შეცვალონ მარშრუტები, სამხედრო ტვირთების ნაწილი ავტოტრაილერებზე გადაანაწილონ, რაც საწვავის ხარჯს და მათი დაბომბვის რისკებს ზრდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სალოკომოტივო დეპოს განადგურება არამარტო რკინიგზაზე დარტყმას ნიშნავს, არამედ დარტყმას ფრონტის საყრდენზეც... სტაბილური სარკინიგზო მიმოსვლის გარეშე ვერც ეკონომიკა ვერ იმუშავებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვერც საფრონტო ლოჯისტიკა.. ანუ არმიის მანევრირება ქვეითდება“, - ასკვნის ვიქტორ ტარანი.
ავტორ(ებ)ი :