ფინეთის პრესაში ფართოდ განიხილება და კომენტირდება დიპლომატიური ინციდენტი ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. პუბლიკაციებში გადმოცემულია როგორც ფინელი მინისტრისა და ქართველი პრემიერის განცხადებები, ასევე ორივე მხარის წარმომადგენლების კომენტარები.
გთავაზობთ ფინეთის უმსხვილესი გაზეთის „ჰელსინგენ სანომატის“ (Helsingin Sanomat) პუბლიკაციას სათაურით: „იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით აღსრულდეს“ (ავტორები - ნიილო სიმოიოკი, ჯულია პუუმალაინენი).
„საქართველოს ხელისუფლების მიერ ელინა ვალტონენისადმი დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება აღსრულდეს“, - ამბობს კაია სუვანტო, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, „ჰელსინგენ სანომატთან“ საუბარში. ამრიგად, საქართველოს არ შეუძლია რაიმე ოფიციალური ძალისხმევა განახორციელოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ ელინა ვალტონენი 5 ათასი ლარით (ანუ 1500 ევროზე ოდნავ მეტით) დააჯარიმა „გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო“ ქვეყნის დედაქალაქ თბილისში.
„პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ“, - განმარტავს კაია სუვანტო. მისი თქმით, სახელმწიფოს ხელმძღვანელების იმუნიტეტი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სამართლის ნორმებით და მათზე სხვა სახელმწიფოს იურისდიქცია არ მოქმედებს.
კაია სუვანტომ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რაიმე კონტაქტი ფინეთის მთავრობასთან მინისტრის დაჯარიმებასთან დაკავშირებით. ფინეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მათ ელინ ვალტონენის დაჯარიმების თაობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაიგეს.
კაია სუვანტო ვერ იხსენებს ანალოგიურ შემთხვევას ბოლო 20 წლის განმავლობაში, როცა მინისტრი [უცხო ქვეყანაში] დაჯარიმდა თავისი უფლებამოსილების შესრულებისას, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს. „ჩემთვის, რასაკვირველია, გასაგებია, რომ საერთაშორისო დონეზე შეიძლება გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნას, როცა, მაგალითად, რომელიმე ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის მინისტრს საშინაო საქმეებში ჩარევა დააბრალოს. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა საშინაო საქმეებში ჩარევას, არამედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვას, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - ამბობს კაია სუვანტო. მისი თქმით, მინისტრის დაჯარიმების ფაქტმა შეიძლება გარკვეული დისკუსია გამოიწვიოს ეუთოს ჩარჩოებში, რაიმე სხვა შედეგები მას არ მოჰყვება.
ელინა ვალტონენი საქართველოში იმყოფებოდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარის რანგში.
თბილისში მომხდარი დიპლომატიური ინციდენტის თაობაზე კომენტარი გააკეთა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. „რაც საქართველომ გააკეთა, მას სრულიად სპეციფიკური ხასიათი აქვს. განზრახული მაქვს ეს საკითხი უშუალოდ მინისტრთან შეხვედრის დროს განვიხილო“, - თქვა მან. პეტერი ორპო თვლის, რომ ელინა ვალტონენის მონაწილეობა ოპოზიციის ღონისძიებაში გამართლებულია. თვითონ ელინა ვალტონენმა კი „ჰელსინგენ სანომატთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ელინა ვალტონენის უკანონო ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა, მაგრამ ვალტონენის თქმით, პრემიერთან შეხვედრა ფინეთის ინიციატივით გაუქმდა, ვიზიტის გრაფიკში შეტანილი ცვლილების გამო.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს თავმჯდომარემ ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძის მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინეთში, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ დემონსტრაციასა და მიტინგში, რომელსაც თვითონ მოისურვებს. მან ქართველ პრემიერს ეუთოს პრინციპები შეახსენა და სინანული გამოხატა, რომ ვერ შეხვდა ირაკლი კობახიძეს ვიზიტის განრიგში შეტანილი ცვლილების გამო.
როგორც მინისტრი წერს, საქართველოს მომავალს მხოლოდ ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ეს პრინციპი ეხება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს. „ყველა ქვეყნის მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის უფლებით, ასევე პოლიტიკური ვარიანტისადმი უპირატესობის მინიჭების უფლებითაც“, - აღნიშნულია ფინელი მინისტრის ინგლისურენოვან წერილში..
თბილისში ყოფნისას ელინა ვალტონენი, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რომლის დროსაც მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილი შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამო.
2008 წელს საქართველოში რუსეთის არმია შეიჭრა და ქვეყნის გარკვეული ნაწილის ოკუპირება მოახდინა. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალად ითვლება.
ავტორ(ებ)ი :