"უკრაინა ორ თვეში თითქმის 100 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა: რას ჩივიან გერმანელები?"-The Daily Telegraph 31.10.2025 19:03

„უკრაინის ხელისუფლების მიერ ქვეყნიდან გასვლის წესების შერბილების შემდეგ,  სამშობლოდან უცხოეთში ათასობით უკრაინელი ახალგაზრდა წავიდა“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "უკრაინა ორ თვეში თითქმის 100 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა: რას ჩივიან გერმანელები?" (ავტორი - ჯო ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის საზღვარი 99 ათასმა 18-დან 22 წლამდე უკრაინელმა მამაკაცმა გადაკვეთა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ, არმიაში გაწვევის დარეგულირების თვალსაზრისით, აგვისტოს ბოლოს ქვეყნიდან გასვლის წესები გააიოლა. შედარებისათვის; დიდი ბრიტანეთის არმიის პირადი შემადგენლობა ამჟამად 70 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და უკრაინელ მამაკაცებს, 18-დან 60 წლის ასაკამდე, საზღვარგარეთ წასვლის უფლება აუკრძალა.

"წადით, მაგრამ უკან დაბრუნდით".

რუსეთთან სამი წლის ბრძოლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი წესები შემოიღო, რომელიც უფლებას აძლევდა უკრაინელ ახალგაზრდებს, 23-წლიანი ასაკის მიღწევამდე, უცხოეთში წასულიყვნენ - იმ იმედით, რომ ისინი მაღალ შეგნებას გამოავლენდნენ, სამშობლოში უკან დაბრუნდებოდნენ და არმიაში იმსახურებდნენ.

ამერიკელი გენერლები და პოლიტიკოები მუდმივად გამოთქვამდნენ საყვედურებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებდა ჯარში ყველა მამაკაცის გაწვევაზე, რაც თავის მხრივ, ძირს უთხრიდა უკრაინის წინააღმდეგობის უნარს. ფრონტზე უამრავი უკრაინელი ჯარისკაცი იღუპებოდა და სახიჩრდებოდა (ყოველდღიურად 1000-მდე), რაც ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს იწვევდა.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, ომში უკვე 100 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და დასახიჩრდა.

უკრაინიდან ახალგაზრდების სწრაფი გადინება ასევე იწვევს მუშახელის ნაკლებობასაც.

უკრაინელთა მასობრივი მიგრაცია პრობლემებს უქმნის გერმანიასაც, სადაც ყოველკვირეულად 1800-მდე უკრაინელი ახალგაზრდა მიემგზავრება.

გერმანია და უკრაინული მიგრაციის პრობლემა

უკრაინელთა მზარდი მიგრაციის გამო გერმანული საზოგადოება ზეწოლას ახდენს კანცლერ ფრიდრიხ მერცზე, რომ მან იმ მიგრანტების მხარდაჭერა შეამციროს, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე იმალებიან და თავს არიდებენ ომში მონაწილეობას.

ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელიც, ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოპულარობით პირველ ადგილს იკავებს, ბერლინს მოუწოდებს, რომ შეუჩეროს სოციალური დახმარებები უკრაინელ მიგრანტებს და უფრო მეტიც - ფედერალური მთავრობა უკრაინა, სამხედრო თვალსაზრისით, აღარ უნდა დაეხმაროს.

სხვათა შორის, უკრაინელებისადმი სკეპტიციზმი შეიმჩნევა გერმანიის სხვა პარტიებშიც. მაგალითად,  იურგენ ჰარდტმა, მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა, ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკოსადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი იმაში, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცები თავს აფარებდნენ გერმანიას და დროს ატარებდნენ იმის ნაცვლად, რომ თავიანთი სამშობლო მტრისაგან დაიცვან. რასაკვირველია, უკრაინა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას [გაუშვას თუ არ გაუშვას თავისი მოქალაქეები საზღვარგარეთ], მაგრამ კიევის ნაბიჯები ცვენს პრობლემებს გვიქმნის“.

ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საზღვართან ახლოს თავის სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს, რის შედეგადაც გაძლიერდა შეშფოთება ევროპიდან აშშ-ის ჯარების სავარაუდო გაყვანის თაობაზე.

ევროპის ფარგლებში (ნატოს ევროპელი წევრების ტერიტორიებზე) განთავსებულია დაახლოებით 85 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო და ევროპელ ლიდერებს სამხედრო ხარჯების გადიდება მოსთხოვა - „თქვენი თავი თქვენვე დაიცავითო“.

თუმცა, რასაკვირველია, ევროპელთა შეშფოთება [ამ ეტაპზე] უსაფუძვლოა: „აშშ არ აპირებს თავისი ჯარების გაყვანას ევროპიდან. ეს ასევე არ არის სიგნალი იმისა, რომ აშშ თავს არიდებს ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესრულებას“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ