 
              
              
                   31.10.2025 19:16
              
              31.10.2025 19:16
          
          ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ:"გასაოცარი საუბარი", "შეფასება - 12 ქულა 10-დან", ტარიფები შემცირდება", "უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ"-BBC (ავტორი - ალექსი კალმიკოვი, BBC-ის რუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ფუსანში ორმხრივი შეხვედრა გამართეს - პირველად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან. შეხვედრის შემდეგ ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ სამიტმა „საოცრად“ ჩაიარა, თუმცა, როგორც ჩვენი მიმომხილველი წერს, დონალდ ტრამპის პათოსური განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ნამდვილად მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას.
სამხრეთ კორეიდან დონალდ ტრამპი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, სი ძინპინი კი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ სამიტზე გაემგზავრა.
გასაოცარი შეხვედრა?! 
დონალდ ტრამპის შეხვედრა სი ძინპინთან საათი და 40 წუთი გრძელდებოდა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკით იყო გათვალისწინებული. სამიტის შედეგებზე დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს უკვე თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა. სი ძინპინს ჯერ არაფერი უთქვამს. 
„გასაოცარი შეხვედრა მქონდა. სი ძინპინი დიდი ლიდერია“, - თქვა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა: „10-ქულიანი შკალით მე მას 12 ქულას მივცემ“ (ანუ ბევრად უფრო მაღალს). პრეზიდენტის თქმით, აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს სავაჭრო ტარიფს ჩინური წარმოების ყველა პროდუქციაზე, ჩინეთი კი შეწყვეტს აშშ-ში ნარკოტიკ ფანტანილის კომპონენტების ექსპორტს. გარდა ამისა, პეკინი კვლავ განაახლებს ამერიკული სოიოს იმპორტს და შეწყვეტს ბარიერების შექმნას იშვიათი მიწა ლითონების ექსპორტში.
„იშვიათმიწა ლითონებთან დაკავშირებით ყველაფერი დავარეგულირეთ... ეს არამარტო ამერიკისათვის, არამედ მსოფლიოსათვისაც კარგია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა, - ჩინეთის მხრიდან ბარიერები აღარ იქნება“.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა,. რომ მომავალი წლის აპრილში იგი თვითონ ეწვევა ჩინეთს ვიზიტით. ტაივანის საკითხი ფუსანში გამართულ სამიტზე არ განხილულა. ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტულ პროვინციად თვლის და არ გამორიცხავს, რომ კუნძულზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს. საერთოდ, ტაივანზე ჩინეთის კომპარტიის ხელისუფლება არასოდეს არ ვრცელდებოდა, მას დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჰყავს.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, სამიტის დროს მასზე იმსჯელეს. „უკრაინის ირგვლივ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიევს და მოსკოვს მწვავე ორთაბრძოლა აქვთ. ზოგჯერ აუცილებელი ხდება, რომ მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს კარგად დაარტყან. მოკლედ, ჩვენ უკრაინის საკითხზე ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ანალიზი: 
ცუდი ამბები უკრაინისათვის, კარგი - რუსეთისათვის
დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს გამარჯვებაზე ლაპარაკი და მისი ხმამაღლა გაჟღერება, მაგრამ ფაქტები ჯიუტია: მისი შეხვედრა სი ძინპინთან ჩავარდნას წარმოადგენს.
დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომი აპრილში დაიწყო ძალის პოზიციით და პეკინისაგან კაპიტულაციას ითხოვდა. გავიდა 9 თვე და ვხედავთ, რომ იგი უკვე თვითონ მიდის დათმობებზე მყიფე დაზავების გულისთვის.
რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა, ჩვენ მხოლოდ დონალდ ტრამპის ნათქვამიდან ვიცით. მართალია, დოკუმენტები გვიან იქნებიან ხელმოწერილნი და გამოქვეყნებული, მაგრამ უკვე ნათელია, რომ აშშ-მა უკან დაიხია.დონალდ ტრამპი დათანხმდა გაეუქმებინა სადამსჯელო ზომები, რითაც მას ჩინეთისაგან დათმობების მიღება სურდა. თავის მხრივ, სი ძინპინი თავის საპასუხო მუქარებს მხოლოდ ერთი წლით შეაჩერებს.
ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ დონალდ ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ ბაჟების მომატება ჩინეთთან ვაჭრობაში დისბალანს გაასწორებდა, ხოლო „გონიერი ჩიპების“ მიწოდების შეზღუდვა აშშ-ის მთავარი სამხედრო-ეკონომიკური კონკურენტის განვითარებას შეანელებდა
მაგრამ არცერთი ფუნდამენტალური საკითხი, რის გამოც დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომი დაიწყო, შეხვედრის დროს არ გადაჭრილა. ჩინეთს მომგებიანი პოზიციები აქვს: ტრამპმა იშვიათმიწა ლითონების ექსპორტი შეამცირა, რითაც დასავლეთის ავტოქარხნები და თავდაცვითი მრეწველობა გაჩერების საფრთხის წინაშე დააყენა, ასევე შეზღუდა სოიას იმპორტი, რითაც ამერიკელი ფერმერებს გაკოტრებით დაემუქრა.
ტრამპთან შეხვედრისას სი ძინპინი არანაირ სერიოზულ დათმობაზე არ წასულა. ტრამპმა კი სავაჭრო ომში დაზავების გულისთვის ტარიფები შეამცირა, ანუ თავისი მთავარი იარაღი „დააბლაგვა“, რომლითაც ჩინეთს უტევდა.
სი ძინპინი მოლაპარაკებას არანაკლებ ძალისმიერი მეთოდებით წარმართავდა - ჩინეთმა რბილი ადგილი მოუძებნა ამერიკას და მთლიანად დასავლეთს, ტრამპის ტარიფებმა კი ჩინეთის ეკონომიკას ვერაფერი ვერ დააკლო.
ასეთ პირობებში ძნელია წარმოიდგინო, რომ დონალდ ტრამპს საათნახევრის განმავლობაში კიდევ დარჩა დრო და ძალა იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა არა მარტო ამერიკელ ფერმერებს, ამერიკულ თავდაცვის მრეწველობას და ავტომშენებელ კომპანიებს, არამედ ესაუბრა ტაივანის შესახებ და უკრაინის ომზე, რუსული ნავთობის შესყიდვაზე ჩინეთის მიერ და მით უმეტეს იმაზე, რომ ეპოვა არგუმენტები, რაზედაც ჩინეთი დათანხმდებოდა.
დონალდ ტრამპმა სი ძინპინს თვითონ სთხოვა შეხვედროდა და ფოტოკადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვით ის ფაქტი, რომ იგი სი ძინპინს პირველად შეხვდა ექვსი წლის განმავლობაში, მან უკვე წარმატებად ჩათვალა. იმავდროულად სი ძინპინი ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა იგი რიგით შეხვედრას ატარებდა რომელიღაც შორეული ქვეყნის მორიგ დროებით პრეზიდენტთან...
ჩინელები კიდევ ერთხელ ისარგებლეს იმით, რომ დონალდ ტრამპისათვის უფრო მნიშვნელოვანია ფორმა და არა მისი შინაარსი. იგი ჩინეთში ვიზიტით მიიწვიეს, რომელიც მომავალი წლის აპრილის თვეში განხორციელდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში მისტერ დონალდ ტრამპი შეეცდება ამხანაგ სი ძინპინთან ურთიერთობა არ გააფუჭოს და არანაირი ზეწოლა რ მოახდინოს პეკინზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ასევე არავითარი სანქციები არ იქნება რუსული ნავთობის შესყიდვის თაობაზე ჩინური კომპანიების მიერ.
ბირთვული იარაღის გამოცდის განახლება
სი ძინპინთან შეხვედრამდე რამდენიმე ხნით ადრე დონალდ ტრამპმა თავის ვებ-გვერდზე Truth Social-ში დაწერა, რომ აშშ დაუყოვნებლივ იწყებს ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებას და მიზეზიც პირდაპირ მიუთითა - ჩინეთის გამო. „აშშ პირველ ადგილზე ვართ, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი - მესამეზე, მაგრამ სულ მალე ჩვენ ორივეს დაგვეწევა“, - აღნიშნა მან. 
მოგვიანებით, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა სწორედ რომ შესაბამისი დროა გამოცდების განახლებისათვის და იქვე ისევ გაიმეორა, რომ ამერიკას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული არსენალი აქვს.
ჩინეთი კი დაასახელა მიზეზად დონალდ ტრამპმა, მაგრამ როგორც ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსები თვლიან, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს ბიძგი მისცა რუსეთის ლიდერის განცხადებამ ბირთვულ ძრავიანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ და უეკიპაჟო ატომური წყალქვეშა ნავის წარმატებით გამოცდის თაობაზე. 
წყარო:
ავტორ(ებ)ი :