"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები"- რას წერს უცხოური პრესა 07.11.2025 16:21

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) 6 ნოემბერს აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები: ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ოპონენტებს დევნის და მათზე ზეწოლას ახდენს"(ავტორი - ჯეიმი დეტმერი). „ბრიუსელი ზელენსკის ავტორიტარულ მმართველობას და დემოკრატიისაგან უკან დახევას ყურადღებას არ აქცევს“, - ნათქვამია მასალაში, რომელშიც გაზეთის ჟურნალისტის მიერ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ინტერვიუს შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პატივისცემისა და საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში მისი ხელმძღვანელი როლის მიუხედავად, უკრაინის ლიდერის მიმართ კრიტიკა ძლიერდება - კრიტიკოსები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ საყვედურებს დემოკრატიის პრინციპებიდან მისი უკანდახევის გამო.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს აზრით, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ მეტოქეს წარმოადგენს, კიევის საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ უნდა დაგმონ ქვეყნის მეთაურის ავტორიტარული მოქმედება, რომელიც საომარი მდგომარეობით არის შენიღბული და არგუმენტირებული.

ამ რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირმა აღნიშნა უკრაინის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე.

„ჩვენი დემოკრატია ჩვენი ძალებისა და სიმტკიცის წყაროს წარმოადგენს. მისი დარღვევა უკრაინას დაასუსტებს, რაც ძალიან ცუდი იქნება, ვიდრე ნებისმიერ გარე კრიტიკა“, - განაცხადა Politico-სთან ინტერვიუში პეტრო პოროშენკომ, რომელიც უკრაინას 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ ვებრძვით რუსულ ავტოკრატიას და ამიტომ არ შეგვიძლია საკუთარ ქვეყანაში ავტორიტარული და ბატონკაცური ქმედებები დავუშვათ“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ, რომელიც მკაცრი გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, - „უკრაინას არ შეუძლია დამოუკიდებლობის დაკარგვა, მაგრამ ასევე არ ძალუძს დაკარგოს დემოკრატიაც“.

პეტრო პოროშენკოს მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებისადმი გაჟღერდა ევროკომისიის მოხსენებამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელშიც უკრაინის მიმართ ძალზე პოზიტიური შეფასებები და დასკვნებია გადმოცემული - „დემოკრატიიდან ცალკეული გადახრების მიუხედავად, უკრაინა მზად არის  მოლაპარაკების გასაგრძელებლად ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით“.

პეტრო პოროშენკო უკრაინის პარლამენტში უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ქვეყნის ექს-პრეზიდენტი და მოქმედი პრეზიდენტი დიდი ხანია ერთმანეთს ვერ იტანენ და მუდმივი შუღლი აქვთ, რომელიც თანდათან ღრმავდება. ისინი მწვავედ კონფლიქტობენ და ერთმანეთს ხშირად გესლიანი სიტყვებით უმასპინძლდებიან, ჯერ კიდევ 2019 წლის ცხელი წინასაარჩევნო დებატებიდან მოყოლებული. ორივე პოლიტიკოსის თანაშემწეები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ პოროშენკო და ზელენსკი ერთმანეთის მიმართ ბოლომდე აუხსნელ სიძულვილს, პრაქტიკულად ინსტიქტურ ანტიპათიას განიცდიან.

ექს-პრეზიდენტის ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში ბრალდება წაუყენეს ქვეყნის ენერგოსისტემის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს ვოლოდიმირ კუდრიცკის, რომელმაც გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მიმართ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.

კუდრიცკი უკრაინაში ერთ-ერთ ცნობილ და პატივცემულ პიროვნებას, ენერგოსფეროში მაღალი დონის პროფესიონალს წარმოადგენს. იგი პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას „უკრენერგოს“ ხელმძღვანელობდა. მისმა დაპატიმრებამ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი კანონმდებლების აზრით, ვლადიმერ კუდრიცკის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნა სხვა არაფერია, თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და კორუფციის მამხილებელი ადამიანების დაშინება და მუქარა.

Politico-ს რედაქციის არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, კომენტარი გაეკეთებინათ კუდრიცკის საქმისათვის და კანონის უზენაესობის საკითხებისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია უარს აცხადებს.

ვოლოდიმირ კუდრიცკი ბრალდებას „სისულელეს“ უწოდებს  და აცხადებს, რომ  როცა გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უეჭველია, ამით პრეზიდენტ ზელენსკის პირადი მითითება შესრულდა.

„ხელისუფლების დამცველი ორგანოები“

რაღა შორს წავიდეთ და თვითონ ვერხოვნა რადის დეპუტატი პეტრო პოროშენკოც ხელისუფლების მიერ „სამართლებრივ ხაფანგშია“ მოქცეული. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ ექს-პრეზიდენტი პოროშენკო სახელმწიფოს ღალატსა და კორუფციაში დაადანაშაულა, მას დაბლოკილი აქვს საბანკო ანგარიშები და აკრძალული აქვს როგორც საზღვარგარეთ წასვლა, ასევე პარლამენტის სხდომებზე დასწრება და სიტყვით გამოსვლა. სანქციები იმას მოწმობს, რომ მას პოტენციურად აეკრძალება არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კანდიდატურის წამოყენება.

პეტრო პოროშენკო კატეგორიულად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და მათ გამოგონილს და სპეციალურად შეთხზულს უწოდებს. „უკრაინის პარტნიორებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პარალელურად, ხელისუფლებას მკაფიო და მტკიცე სიგნალი გაუგზავნონ, რომ ვერ მოითმენენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და უკანონო სამართლებრივ დევნას დამოუკიდებელი ჟურნალისტების, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ“, - თქვა ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუში.

„ის, რომ ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მორიგე განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ძირითადი დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებების უცილობელი დაცვის შესახებ, უკვე არასაკმარისია. ასეთი მიდგომა ადრეც იყო და შედეგი არ მოუტანია“, - ხაზს უსვამს პოროშენკო.

„ევროპელებს აქაური ხელისუფლება უბრალოდ ეუბნება, რომ სამართლებრივი დევნის ყველა შემთხვევა კანონიერია და რომ ეს არის სამართალდამცველი ორგანოების დამოუკიდებლობის დადასტურება, ანუ ხელისუფლების მტკიცებით, თითქოსდა უკრაინაში სასამართლო და პროკურატურა პრეზიდენტის კონტროლს არ ექვემდებარება და ისინი ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე მოქმედებენ. არადა, საქმე პირიქითაა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ უფრო ხშირად სარგებლობს სანქციებით და მიზანმიმართულად ზღუდავს მისთვის მიუღებელ პირებს, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო კრიტიკულ პოზიციას გამოხატავენ. ეს ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა დაგმონ“, - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი Politico-სთან საუბრისას. ამასთან, ქვეყნის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ზელენსკის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება შემცირდეს: „რუსეთის აგრესიის მიმართ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“.

პეტრო პოროშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბოროტად სარგებლობს უკრაინის სამართალდამცველი ორგანოებით, რომლებიც „სამართლის დამცველები კი აღარ არიან, არამედ მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების დამცველები“. ამის მაგალითად მან დაასახელა გამოძიების სახელმწიფო ბიურო (Державне бюро розслідувань), რომელიც, ექს-პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი პრეზიდენტის „პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტად არის გადაქცეული“.

რატომ იჩენს ევროკომისია ლოიალობას ზელენსკის მიმართ?

ბრიუსელში ამ ორიოდევ დღის წინათ გამოქვეყნებული ევროკომისიის მოხსენება არც პეტრო პოროშენკოს და არც სხვა უკრაინელ სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლებს არ აკმაყოფილებთ. ისინი თვლიან, რომ ბრიუსელი გადაჭარბებულ ლოალობას იჩენს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ და არაფერს არ ეუბნება დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევის გამო.

მოხსენებაში ძირითადად მოცემულია პოზიტიური დასკვნები უკრაინის მზადყოფნის თაობაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და მაღალ დონეზეა შეფასებული ქვეყნის ხელისუფლების ერთგულება ევროპული დემოკრატიული იდეალებისადმი. ანუ უკრაინა ღრმად და მტკიცედ იზიარებს ევროკავშირის იდეებსა და პრინციპებს.

მართალია, ევროკომისიამ მოხსენებაში მეტ-ნაკლებად აღნიშნა დემოკრატიიდან უკანდახევის ფაქტები, მაგრამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის ოპონენტების სამართლებრივ დევნაზე და მათ უკანონო დაპატიმრებებზე. ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მდგომარეობაც დადებითად არის შეფასებული: „მთავრობა პატივს სცემს ადამიანის ძირითად უფლებებს და მზად არის ისინი განუხრელად დაიცვას“.

მოხსენებაში მხოლოდ ორიოდე სიტყვითაა ნახსენები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში  უხეში და განგებ დაშვებული შეცდომები, რომელიც გახმაურებულ სკანდალურ გადაწყვეტილებას - ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეცპროკურატურის გაუქმებას ეხება: „ამასწინანდელი უარყოფითი ტენდენციები, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანოებზე განხორციელებული არასასურველი ზეწოლების სახით გამოვლინდა, არ უნდა განმეორდეს“, - ნათქვამია დოკუმენტში. როგორც ცნობილია, უკრაინულმა საზოგადოებამ მტკიცედ დაგმო პრეზიდენტის უხეში ზეწოლა ანტიკორუფციული ბრძოლის ორგანოების მიმართ და ხელისუფლება იძულებული გახდა მათი უფლებამოსილება აღედგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მეტოქეების მტკიცებით, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოების მიზანმიმართული დევნა და მუშაობაში ხელის შეშლა - რაც გამოიხატება, კერძოდ, პრეზიდენტის ოფისის და პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მიერ კორუფციაში ეჭვმიტანილი პირების მფარველობაში - ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაძლიერდა, მომავალ წელს არჩევნების სავარაუდო ჩატარებასთან დაკავშირებით.

ზელენსკი „წყალს რუსების წისქვილზე ასხამს“?!

პეტრო პოროშენკო შიშობს, რომ დემოკრატიიდან უკანდახევა „წყალს ასხამს“ იმ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მოღვაწეების „წისქვილზე“, რომლებსაც უკრაინისადმი სამხედრო და მატერიალური დახმარების შეწყვეტა სურთ და ლოიალურად არიან განწყობილნი რუსული რევანშიზმის მიმართ.

„როცა უკრაინის ხელისუფლების კრიტიკოსები და ანტიკორუფციული ბრძოლის აქტივისტები მთავრობისაგან დევნის სამიზნეები ხდებიან, ეს არის არგუმენტები საზღვარგარეთისათვის, რომ ეჭვი იქნეს შეტანილი უკრაინისადმი დახმარების გაწევის საქმეში. ეს განსაკუთრებით მომგებიანია რუსული პროპაგანდისათვის და დემორალიზაციის გამომწვევია თვით უკრაინელებში“, - ასკვნის ინტერვიუში პეტრო პოროშენკო.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ