"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde 10.11.2025 16:50

„დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრით, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა, ერთი მხრივ, ორ სახელმწიფოს შორის შერიგება აღინიშნა, ხოლო მეორე მხრივ, დადასტურდა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის თავისებურება, რომელიც დამყარებულია ერთმანეთის ღრმა მეტოქეობაზე და გლობალურ კონკურენციაზე“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით:ი „ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?“ (ავტორი - ალენ ფრაშონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხრეთ კორეაში, ფუსანის აეროპორტში, 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს - პირველად 2019 წლის შემდეგ - სი ძინპინმა დონალდ ტრამპს სძლია: მდუმარემ ტრაბახას აჯობა, თავისუფალი ვაჭრობის მომხრემ - პროტექციონისტს. ჩინეთის ლიდერის პოზიცია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ამერიკელი მოსაუბრისა. ნებისმიერი გაგებით, ეს იყო მნიშვნელოვანი სიმბოლური მომენტი ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის -  მსოფლიოში ბატონობისათვის. და როგორც ყოველთვის - პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა: ორი გიგანტიდან რომელი დაამტკიცებს თავის სტრატეგიულ და ეკონომიკურ უპირატესობას მიმდინარე საუკუნეში?

რომ არაფერი ვთქვათ პირად დაპირისპირებაზე ტელესერიალის ყოფილ მთავარ გმირს (დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევამდე კინოსერიალ The Apprentice-ში გადაიღეს) და სევდიანი სახის მქონე მგზნებარე მარქსისტ-ლენინისტს შორის (სი ძინპინი ჩინეთის კომპარტიის ცკ-ის გენმდივანია), 30 ოქტომბრის სამიტი ზედმიწევნით ზუსტად ასახავს და დასტურებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს. პეკინისა და ვაშინგტონის ურთიერთ-დამოკიდებულება განმსჭვალულია მეტოქეობით და გლობალური კონკურენციით, მაგრამ იმავდროულად პირველობისათვის („ლიდერობისათვის“) ბრძოლა შეზღუდულია - იმიტომ, რომ ორივე ეკონომიკურად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ხშირად ამბობენ, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკა უკვე საკმაოდ დაშორდნენ ერთმანეთსო, მაგრამ სინამდვილეში დაშორებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ჩინეთისა და აშშ-ის სტრატეგიული კონფლიქტობა თანაარსებობს დიდი მოცულობის ვაჭრობასთან, რომელმაც 2024 წელს 600 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ხანმოკლე იყო - 90 წუთი, რომელშიც თარგმნის დროს შედიოდა. სავაჭრო ომში, რომელიც დონალდ ტრამპმა დაიწყო, სი ძინპინის პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი: „თუ შენ არ მომყიდი შენს ყველაზე თანამედროვე მიკროპროცესორებს, მაშინ ჩემგან ვერ მიიღებ იშვიათმიწა ელემენტებს და არც შენს სოიას აღარ ვიყიდი. რა ექნა რესპუბლიკელ პრეზიდენტს? ტრამპმა დაუთმო: ამერიკას ჩინეთი ძალიან ჭირდება.  შევადაროთ: ცივი ომის დროს  (1950-1989 წლებში) აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ვაჭრობა წელიწადში 2 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა, ამჟამად კი აშშ-სა და ჩინეთს შორის დღეში ვაჭრობა 2 მილიარდს აღწევს...

ჩინური „წყნარი ძალის“ შემაშფოთებელი ამბიციები

მას შემდეგ, რაც აპრილში დონალდ ტრამპმა მსოფლიოს საბაჟო ტარიფების ქარიშხალი დაატეხა, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც უარი განაცხადა ვაშინგტონთან მოლაპარაკებაზე, თავის „წყნარ ძალაში“ დარწმუნებული პეკინი ამერიკას დარტყმაზე დარტყმით პასუხობდა. დაპირისპირების მინელებას მწვავე კონფრონტაცია ცვლიდა, რომლის ცენტრში ორი საკვანძო ელემენტი მოჩანდა: ერთი მხრივ, მომავლის მიკროპროცესორები, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის და მეორე მხრივ - იშვიათმიწა ელემენტები, რომლის გარეშეც არ იარსებებს არც თანამედროვე ელექტრონიკა და არც მომავლის მაღალი ტექნოლოგიები. აშშ პირველობას ინარჩუნებს პირველში -  მიკროპროცესორების წარმოებაში, ჩინეთი კი მონოპოლისტია მეორეში - იშვიათმიწა ლითონების მსოფლიო მოპოვების 60% და მისი გადამუშავების 90% პეკინის ხელშია.

დონალდ ტრამპი აგრძელებს თავისი წინამორბედის ჯო ბაიდენის პოლიტიკას. იმდენად, რამდენადაც ხელოვნური ინტელექტისათვის აუცილებელ მიკროპროცესორებს ორმაგი დანიშნულება აქვთ - სამოქალაქო და სამხედრო - და სამომავლოდ ხელისუფლების ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად ითვლება, ამერიკელი მწარმოებლები ემორჩილებიან ჩინეთში ექსპორტის მკაცრ წესებს.

სექტემბერში დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ გააფართოვებდა სანქცირებული ჩინური კომპანიების სიას, რომლებთაც ამერიკული ჩიპების ყიდვა ეკრძალებათ. ამის საპასუხოდ სი ძინპინმა ფაქტიურად ემბარგო გამოუცხადა აშშ-ს და დეკემბრისთვის იშვიათმიწა ლითონების მიწოდების შეწყვეტა გამოაცხადა, რაც აშშ-ის მიკროელექტრონული მრეწველობისათვის დამანგრეველი აღმოჩნდებოდა. მოგვიანებით პეკინმა თავისი შეტევა გააძლიერა - უარი განაცხადა ამერიკული სოიას შესყიდვაზე. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ დაზარალდებოდნენ ამერიკელი ფერმერები - მათი სოიას მოსავლის ნახევარს ხომ სწორედ ჩინელები მოიხმარენ...

დონალდ ტრამპი, ალბათ, ფიქრობდა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა: ჩინეთი აშშ-ში ბევრად მეტი პროდუქციის ექსპორტს ახდენს, ვიდრე თვითონ ყიდულობს ამერიკაში, ანუ აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობდა, რომ ჩინეთი უფრო მეტად დაზარალდებოდა... მაგრამ შეცდა. საქმე იმაშია, რომ „ცისქვეშეთი“ თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ზემოთ ხსენებული  იშვიათმიწა ელემენტები აქვს, ანუ ვაშინგტონი ჩინურ პროდუქციას ვერ ჩაანაცვლებდა, სოიას ყიდვა კი ჩინეთს ბევრგან შეუძლია. მოკლედ, უპირატესობა სი ძინპინის მხარეზეა.

ჩინური „ასფალტსატკეპნი“ დასავლეთის წინააღმდეგ

სამხრეთ კორეაში შეხვედრის დროს ორივე ლიდერი ზეპირად შეთანხმდა ახალ დაზავებაზე - მათ ურთიერთმუქარები ერთი წლით გადაავადეს. ჩინეთი განაახლებს სოიას იმპორტს, დონალდ ტრამპი კი დაბლა დასწევს საბაჟო ბარიერების თამასას, თუმცა ისინი მაინც საკმაოდ მაღალ - 45%-იან - დონეზე რჩებიან. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ სი ძინპინმა აშშ-ის ლიდერისაგან მიაღწია ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიების მიმართ არსებული აკრძალვების შერბილების შესაძლებლობას, ანუ იგი აშშ-ის „წმინდათა წმინდა“ სფეროში „შეიჭრა“: ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის როლს ასრულებდა, ახლა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო დიალოგის ნაწილი ხდება, რასაც ვაშინგტონელი რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც სახიფათო ტენდენციად თვლიან.

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის საუბარი, როგორც ჩანს, ამ თემების ფარგლებს გარეთ არ გასულა. მათ არ ულაპარაკიათ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებზე - არც ტაივანზე, არც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილზე, სადაც ორივე ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტებს შორის თითქმის ყოველდღიურად ხდება ინციდენტები. ჩინეთისა და აშშ-ის მეთაურებს არ განუხილავთ არც კიბერსიბრცეში მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩინეთი ძალიან აქტიურობს (კიბერთავდასხმების სახით). მხარეები არ შეხებიან არც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას: საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ დიდ დახმარებას უწევს სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომში.

თუმცა, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპიც მადლობას იმსახურებს იმ საკითხის პირდაპირი „ამოწევისათვის“, რომელსაც ჩინეთი მთელ დასავლურ სამყაროს უყენებს: შეიძლება თუ არა მშვიდად ივაჭრო იმ სახელმწიფოსთან, რომელმაც მიზანმიმართულად შექმნა ზემძლავრი საექსპორტო მექანიზმი? ჩინეთის ეკონომიკა ბევრი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკაზე  ნამდვილი „ასფალტსატკეპნივით“ მოქმედებს, რომელიც სახელმწიფო სუბსიდიებით არის გაძლიერებული. ამ შემთხვევაში საქმე არა იმდენად ჩვეულებრივ საგარეო ვაჭრობას ეხება, არამედ მსოფლიოში დომინირებისაკენ სწრაფვას - ავტომობილების წარმოებაში, ქარის ენერგეტიკაში, ფარმაცევტიკაში, ჩარხმშენებლობაში და სხვა დარგებში - რაც, წესით და რიგით, პოლიტიკური ექსპანსიონიზმის ფორმას წარმოადგენს.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ