17.11.2025 18:21
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად" - ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატში“ (Handelsblatt) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - იაკობ ხანკე-ველა, ეკონომიკური მიმომხილველი), რომელშიც განხილულია ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებით უზრუნველყოფის საკითხი 2026 წლისათვის.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ევროპელი მაღალჩინოსნები იტყობინებიან, ევროკავშირმა უკრაინისათვის გამოყოფილი თანხები ვადამდე ამოწურა და ახლა ბრიუსელში გამალებით ცდილობენ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. სავარაუდოდ, ევროკავშირი თხოვნით მიმართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ვაშინგტონი კიევს ფინანსურად დაეხმაროს.
ევროკავშირს უკრაინისათვის ფული აღარ აქვს
აშკარაა, რომ მომავალი 2026 წლის იანვრიდან უკრაინა ფინანსური პრობლემების საფრთხის წინაშე დადგება. ევროკომისიის წყაროებიდან Handelsblatt-სათვის ცნობილი გახდა, რომ ის დახმარება, რაც ევროკავშირმა უკრაინას აღუთქვა, წინასწარ იქნა დახარჯული ოქტომბერში და ნოემბერში, როცა კიევს სასწრაფოდ დაჭირდა დაფინანსება სხვადასხვა საჭიროებისათვის. „თუ ჩვენ დამატებითი დაფინანსების საკითხს დროულად ვერ გადავწყვეტთ, უკრაინა დაეცემა“, - გამაფრთხილებლად ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც საქმის კურსშია.
გასულ ხუთშაბათს კიევმა მიმდინარე წლის დახმარების ბოლო ტრანში მიიღო 4,1 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც, როგორც ჩანს, სწრაფად დაიხარჯება, იანვრის შემდეგ კი უკრაინას დამატებითი თანხები დაჭირდება. ჯერ-ჯერობით ამ მხრივ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის - ევროკავშირი ვარაუდობდა, რომ 300-მილიარდიანი რუსული აქტივებიდან 140 მილიარდ ევროს გამოიყენებდა, რომელიც ბელგიის ბანკშია დაცული, მაგრამ ბრიუსელი ჯერ-ჯერობით უარზეა, სიფრთხილეს იჩენს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ბლოკავს.
არადა, როგორც ევროკომისიის კომისარმა ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დობროვსკისმა განაცხადა, უკრაინის ფინანსური მოთხოვნილებები „უდიდესია და იმავდროულად „ძალზე სასწრაფო“. ევროკომისიაში დაადასტურეს, ევროკავშირმა მართლაც ამოწურა თავისი მიმდინარე წლის შესაძლებლობები და თავისუფალი თანხები აღარ აქვს. „თუ ობიექტური მონაცემები გსურთ, ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ის თანხებიც დავხარჯეთ, რაც 2026 წლის პირველი კვარტალისთვის იყო დაგეგმილი“, - განუცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა გაზეთ Handelsblatt-ის ჟურნალისტს.
ახლა მთელი იმედები „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა ქვეყნებზეა, რომლებსაც გარკვეული რაოდენობის ფულის გამოყოფა - 10-დან 20 მილიარდი დოლარი - აქვთ დაგეგმილი 2026-2027 წლებისათვის. ევროკავშირმა უკვე თხოვნით მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და კანადას დამატებითი დაფინანსების თაობაზე, რომ უკრაინის ფინანსური დეფიციტი როგორმე დაიფაროს.
რუსეთის სიგნალები: „ჩემს ფულს ხელი არ ახლოთ“
ბელგია ძველებურად ბლოკავს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისათვის დახმარების ფონდის შექმნაზე, რომელშიც რუსეთის კუთვნილი 140 მილიარდი ევრო უნდა შევიდეს. ეს ინიციატივა გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს ეკუთვნის: ე.წ. „სარეპარაციო ფონდი“ რუსეთის ცენტრალური ბანკის იმ აქტივებით უნდა შეივსოს, რომლებიც ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ის სეიფშია. მაგრამ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი უარს აცხადებს უკრაინის სასარგებლოდ ფულის გადარიცხვაზე - შიშობს, რომ ამით თავისი ქვეყნისათვის ფინანსური და სამართლებრივი რისკები იზრდება. როგორც Handelsblatt-ისთვის გახდა ცნობილი, ბელგიამ კრემლისაგან არაორაზროვანი სიგნალები მიიღო: „ჩემს ფულს ხელი ახლოთ“. გარდა ამისა, მოსკოვი ბელგიის მთავრობას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა, მაგალითად, ბელგიური აქტივების კონფისკაციით იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი.
შესაბამისად, ხუთშაბათს გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების სხდომაზე დიდი ხნის სასურველი გარღვევა არ მოხდა. შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა მომხდარიყო, მაგრამ სხდომაზე აზრები გაიყო: გერმანელმა მინისტრმა ლარს კრინგბაილმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ როლან ლესკიურმა მხარი დაუჭირეს ფონდის რუსული აქტივებით შევსებას, მაგრამ ბელგიამ, იტალიამ და ბულგარეთმა უარი განაცხადეს, დანარჩენებმა კი ამ ეტაპზე, როცა ბელგიის პოზიცია დაინახეს, საჭიროდ ჩათვალეს, რომ თავი შეეკავებინათ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ზეწოლა
ბელგიის სამთავრობო წრეებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, თუ საბოლოო ჯამში „სარეპარაციო ფონდში“ ბელგია რუსულ აქტივებს არ ჩარიცხავს, ევროკავშირს ისევ მოუწევს ალტერნატიული გზის არჩევა - ერთობლივი ვალის აღება უკრაინისათვის. კიდევ ერთი ალტერნატივაა ევროკავშირის 27 წევრი-ქვეყნის ეროვნულ ბიუჯეტებში ყოველწლიური მილიარდობით ევროს გათვალისწინება კიევის დასახმარებლად.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ყველა ეს ვარიანტები დაასახელა, მაგრამ საბოლოოდ ყურადღება მაინც ბელგიის ბანკში არსებული რუსული აქტივების გამოყენებაზე შეაჩერა. „რუსული აქტივებით სარგებლობა ყველაზე ეფექტური საშუალებაა უკრაინის დასახმარებლად და იმავდროულად ყველაზე აშკარა სიგნალი რუსეთისათვის, რომ დრო კრემლის სასარგებლოდ არ მუშაობს“, - განაცხადა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენს უახლოეს დღეებში განზრახული აქვს პირადად შეხვდეს ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე ვევერს ბრიუსელში, რათა იგი შეთანხმების დადებაზე დაიყოლიოს.
თუმცა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა რომც ვერ გაუძლოს ევროკომისიის თავმჯდომარის ზეწოლას და რუსეთის აქტივები ფონდში ჩარიცხოს, ძვირფასი დრო უკვე დაკარგულია - პროცედურების შესრულებას რამდენიმე კვირა მაინც დაჭირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელგიას გარანტიებიც უნდა მისცეს. როგორ იქნება ბელგიის რისკები დაზღვეული იმ შემთხვევაში, თუ Euroclear-ს ვადამდე მოუწევს რუსეთისათვის ფულის დაბრუნება, ეს საკითხი ჯერ კიდევ ღია რჩება. როგორც ევროკომისიაში ამტკიცებენ, ევროკავშირის თითოეული წევრი ბელგიას ინდივიდუალურ გარანტიებს მისცემს 2026-2027 წლებისთვის, მაგრამ ეს გარანტიები ეროვნულმა პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.
საფრანგეთი ბელგიისგან რუსეთის კუთვნილი ფულის ფონდში ჩარიცხვას მოითხოვს, მაგრამ არ სურს გარანტიით უზრუნველყოფის საკითხი დასამტკიცებლად თავის პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) გაიტანოს - იმის გამო, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა არ ჰყავს, მთავრობა დარწმუნებული არ არის, რომ თანხმობას მიაღწევს ბიუჯეტში უკრაინისათვის ფულის გათვალისწინებას.
ავტორ(ებ)ი :