"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times 21.11.2025 17:33

"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) ჟურნალისტების ქრისტოფერ მილერისა და ფაბრიციო დეპრეზის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც თეთრი სახლის და კრემლის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული. „ვაშინგტონს სურს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას „მადლიერების დღის“ აღნიშვნამდე დათანხმდეს, ანუ მომავალი კვირის ხუთშაბათამდე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბრიტანული გაზეთი უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კიევი ვაშინგტონიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის - ამერიკას სურს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს თეთრი სახლისა და კრემლის მიერ შემუშავებული ყოვლისმომცველი სამშვიდობო გეგმა, ომის დასრულების მიზნით. საქმეში ჩახედული ადამიანები შექმნილ სიტუაციას იმ მომენტს ამსგავსებენ, როცა რამდენიმე თვის წინ ამერიკამ აგრესიულად დააძალა უკრაინას ხელი მოეწერა უთანასწორო გარიგებაზე სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების შესახებ.

28 პუნქტისაგან შედგენილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა შეიმუშავეს და რომელიც დონალდ ტრამპმა მოიწონა, უკრაინის მხრიდან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს და ფაქტიურად კიევის მიერ ადრე გაცხადებული „წითელი ხაზების“ დარღვევას ნიშნავს.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი გუნდის სხვა წევრებს უკვე შეატყობინა, რომ თეთრი სახლი იმედოვნებს შეთანხმება „აგრესიულ ვადებში გაფორმდება“ და რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება. დონალდ ტრამპის სურვილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წარდგენილ გეგმას ოფიციალურად „მადლიერების დღემდე“ დათანხმდეს (მომავალი კვირის ხუთშაბათამდე), რათა შემდეგ მოსკოვს გაეგზავნოს და დეკემბრის დასაწყისში საომარი მოქმედებები შეწყდეს.

ნაკლებადსავარაუდოა, რომ ეს ვადები დაცული იქნება - იმ მიზეზით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში განაცხადეს: არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, თუ უკრაინა მათზე დათანხმდება, ეს კიევისათვის „წითელ ხაზების“ დარღვევა იქნება. უკრაინელების თქმით, ისინი შემხვედრ წინადადებებზე მუშაობენ ამერიკული მხარისათვის გადასაცემად. ოფიციალური კიევი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინული საზოგადოება ნებისმიერი ისეთი გარიგების წინააღმდეგ გამოვა, რომელიც ქვეყნის კაპიტულაციას ნიშნავს და კრემლისათვის მისაღები იქნება. „შემოთავაზებული გეგმა იგივეა, რაც წიაღისეული მინერალებით სარგებლობის გარიგება“, - თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურ პიროვნებად დარჩენა ისურვა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, კიევი თანახმაა იმუშაოს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, ომის სამართლიანად დასრულების მიზნით. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ იგი უახლოეს დღეებში „დონალდ ტრამპთან სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ საკვანძო მომენტზე ისაუბრებს“.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ქეროლაინ ლივითის თქმით, სამშვიდობო გეგმა, რომელზეც დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო [რუსებთან ერთად] ბოლო თვის განმავლობაში მუშაობდნენ, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა და მოიწონა. „პრეზიდენტი გეგმას მხარს უჭერს, რომელიც კარგია როგორც რუსეთისათვის, ასევე უკრაინისთვის. ვთვლით, რომ პროექტი ძირითადად მისაღებია ორივე მხარისათვის. მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ მის რეალიზებაზე“, - აღნიშნა პრეს-მდივანმა.
რაც შეეხება ევროპის რეაქციას: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წევრ ქვეყნებს და უკრაინას მოლაპარაკებაში ჩართვისაკენ მოუწოდა, თუმცა რუსული მხარე ჯერ დუმილს ინარჩუნებს. „მოსკოვისაგან რაიმე დათმობების თაობაზე არაფერი არ ისმის“, - განაცხადა კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეოპოლიტიკურ საკითხებში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, მას უკრაინისათვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა სურს: „ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომ უკრაინის მომავალს თვითონ უკრაინა განსაზღვრავს. ეს წესი ყოველთვის ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ სამშვიდობო გეგმის წარდგენის დრო დაემთხვა იმ მომენტს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები შესუსტებულია მომხდარი კორუფციული სკანდალის გამო, რის შედეგადაც ორი მინისტრი პოსტიდან გათავისუფლდა.

ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მყოფ აშშ-ის სამხედრო დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის სახმელეთო არმიის მინისტრს დენიელ დრისკოლს შეხვდა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის თანაკლასელი და ახლო მეგობარია. ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილეს და დოკუმენტზე ხელმოწერის ხისტი ვადები შეათანხმეს. „თავდაპირველად ხელი მოეწერება აშშ-სა და უკრაინის შეთანხმებას შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მიღების თაობაზე“, - აღნიშნა დეივ ბატლერმა, დელეგაციის წევრმა, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა. მისი თქმით, დენიელ დრისკოლი გეგმავს რუსულ მხარესთან კონტაქტებსაც, რათა მოსკოვთანაც იგივე შეთანხმება გაფორმდეს მშვიდობის მიღწევის მიზნით.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ თეთრი სახლი ძლიერი ზეგავლენის განხორციელებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტი იძულებულია ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ზეწოლას დათანხმდეს: ამჟამად მისი მდგომარეობა არასახარბიელოა როგორც სამხედრო, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით - უკრაინის არმია ფრონტზე უკან იხევს, რუსები ქვეყნის ენერგოობიექტებს ბომბავენ, მთავრობაში უპრეცედენტო კორუფციული სკანდალია, უკრაინულ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა მატულობს.

ბოლო დრომდე უკრაინელი ოფიციალური პირები არაერთგზის აცხადებდნენ, რომ ისეთი დათმობები, როგორიცაა უკრაინის არმიის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა, მოსახლეობისათვის მიუღებელია.

უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტს მოუწოდა, რომ თანამდებობიდან გაათავისფლოს საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ერთობ გავლენიანი პიროვნება, აგრეთვე მთლიანად შეცვალოს მთავრობა.


20 ნოემბერს გვიან ღამით ვოლოდიმირ ზელენსკი თავის თანაპარტიელებს - „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტმა დეპუტატებს მიანიშნა, რომ მმართველ გუნდში კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგომები არ იქნება, ანუ ანდრეი ერმაკი თავის თანამდებობაზე დარჩება, მთავრობაც თავის საქმიანობას გააგრძელებს, ხოლო ორი მინისტრის ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატურები დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს იულია სვირიდენკოს უნდა წარუდგინონ.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ