"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph 01.12.2025 16:12

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ლათინური ამერიკაში შექმნილ სიტუაციას ეხება და აქვეყნებს რედაქციის თვალსაზრისს კარიბის ზღვის რეგიონში ვენესუელასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, სათაურით: „დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია, მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება“.
„აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობისმყოფლის როლის შესრულება მოსწონს, მაგრამ თუ იგი ნიკოლას მადუროს დამხობას გადაწყვეტს, ამით რაიმე ახალი არაფერი მოხდება - მონროს დოქტრინის თანახმად, დონალდ ტრამპი თავისი წინამორბედი პრეზიდენტების კვალს გაჰყვება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კარიბის ზღვის აუზში შეერთებული შტატები თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენდა და ღიად ემუქრებოდა ვენესუელას, თუმცა რაიმე შეიარაღებული ინციდენტი ან შეჭრა არ მომხდარა. ასევე, მართალია, დონალდ ტრამპმა გასულ შაბათს ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურა, მაგრამ თეთრ სახლს კონკრეტული ნაბიჯები საომარი მოქმედებების დაწყებაზე არ გადაუდგამს. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპს და ნიკოლას მადუროს შორის. მასმედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბარი ასე შეაფასა: „არც კარგი და არც ცუდი. უბრალოდ, სატელეფონო საუბარი გვქონდა“. როგორც სხვა არაოფიციალურიო წყაროებით ირკვევა, ვენესუელის პრეზიდენტს თავის ამერიკელი კოლეგისათვის უთქვამს, რომ „წელიწადნახევარი მაცადე და შემდეგ გადავდგები, პრეზიდენტი აღარ ვიქნებიო.
არც დონალდ ტრამპი და არც ნიკოლას მადურო ამ საკითხზე არაფერს არ ამბობენ.
შევეცადოთ რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ: მოასწავებს თუ არა არსებული სიტუაცია იმას, რომ უახლოეს დღეებში კარიბის ზღვის სამხრეთ აკვატორიაში სიტუაცია დაიძაბება, ანუ საომარი მოქმედებები დაიწყება?
ჯერ-ჯერობით ამერიკელი ლიდერი არცერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ გარედან ზეწოლა ვენესუელაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებას გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, ნიკოლას მადურო წლების განმავლობაში ამერიკელებისათვის სიძულვილის ობიექტს წარმოადგენს, მაგრამ ვენესუელის პრეზიდენტი წასვლას არ აპირებს, რაც ამერიკელებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. ამჟამად ვენესუელის ნაპირებთან აშშ-ის მნიშვნელოვანი საომხედრო ძალებია თავმოყრილი, ავიამზიდების ჩათვლით, რომლებზეც 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. რა უნდა უყოს დონალდ ტრამპმა ამ ძალებს? უკან თუ გაიწვევს, ეს იქნება დონალდ ტრამპის მარცხი და ნიკოლას მადუროს გამარჯვება.

სკეპტიკოსები თვლიან, რომ ამერიკული ძალები საკმარისი არ არის ვენესუელისათვის გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად, რომელიც ფართობით საკმაოდ მოზრდილი ქვეყანაა. თუ აშშ-ის არმია უშუალოდ ვენესუელის ტერიტორიაზე შეიჭრება, ეს უკვე ექსტრაორდინარული ნაბიჯი იქნება იმ პრეზიდენტისათვის (ანუ დონალდ ტრამპისათვის), რომელიც დემოკრატებს საზღვარგარეთ ზედმეტი ჩარევების გამო აკრიტიკებდა.

თუმცა,ობიექტურად თუ ვიტყვით, აშშ ყოველთვის ერეოდა რეგიონის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში და თუ ვენესუელაც მათ რიცხვში მოხვდება, ეს ახალი არ იქნება. პრეზიდენტ ჯეიმს მონროს 1823 წლის დოქტრინაც ხომ ამას ითვალისწინებს - აშშ არ ჩაერევა ევროპის საქმეებში, ხოლო ევროპა, თავის მხრივ, არ ჩაერევა დასავლეთ ნახევარსფეროს (ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საქმეებში). როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი გააგრძელებს თავისი წინამორბედების ტრადიციას, როცა აშშ-ის ლიდერები სამხედრო ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ კუბაზე, ჩილეში, პანამაში, სალვადორში, არგენტინაში...

დონალდ ტრამპისათვის ასეთი მოქმედება ნეოკოლონიალიზმი კი არ არის, არამედ საღი თვალსაზრისი იმ ფაქტზე, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები იმიგრანტებისა და ნარკოტიკების ძირითად წყაროდ ითვლებიან. როგორც ჩანს, ტრამპი მხარს დაუჭერს იმ ლათინურ ამერიკელ ლიდერებს, რომლებიც მის მითითებებს შეასრულებენ და დაამხობს იმათ, რომლებიც მას არ დაეთანხმებიან.
დრო ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მუშაობს, მისი მმართველობის ვადა იწურება.

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ