04.12.2025 13:44
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) სტატია (ავტორი - ჯო ბარნსი), რომელშიც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი თავისი დაპირებებით, შეიძლება ხატოვნად ითქვას, „უროსა და გრდემლს“ შორის აღმოჩნდა. ურო - ეს რუსეთია, რომელიც კლდესავით დგას და ადგილიდან არ იძვრის, მოუქნელი ქვეყანაა. გრდემლი - უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები არიან, რომლებიც აშშ-სათვის მძიმედ დამყოლ და ბოლო დროს თითქმის მოწინააღმდეგე ქვეყნებს წარმოადგენენ.
დონალდ ტრამპი, სანამ მას პრეზიდენტად აირჩევდნენ, პირობას დებდა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ინაუგურაციის შემდეგ 24 საათში შეწყვეტდა. მოგვიანებით, მან ვადა 100 დღით გაზარდა. მაგრამ ინაუგურაციიდან უკვე 317 დღე გავიდა, რუსეთ-უკრაინის ომი კი გრძელდება და შენელება-შეწყვეტის არანაირ ნიშნებს არ ამჟღავნებს.
დონალდ ტრამპი ცდილობს მოსკოვი და კიევი დასაჯოს იმისათვის, რომ ისინი ხელს უშლიან თითქმის ოთხწლიანი ომის მოლაპარაკებით, მშვიდობიანად დარეგულირების მცდელობებს.
რადგანაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვაშინგტონში სამშვიდობო გარიგების გარეშე დაბრუნდნენ, შესაბამისად, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება - რა იქნება შემდეგ, რას მოიმოქმედებს აშშ, როგორი იქნება თეთრი სახლის შემდგომი ნაბიჯები.
რა თქმა უნდა, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული არჩევანი მნიშვნელოვანია მოსკოვისა და ევროპული დედაქალაქებისათვის, ამიტომ ოფიციალური პირები დონალდ ტრამპის პასუხს შეშფოთებულები ელოდებიან.
სამიტი კრემლში: „მშვიდობა არ მოახლოებულა“
დადიოდა ხმები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო დონალდ ტრამპის მშვიდობის დესპანებს შეხვედროდა მათი მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ.
მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ისე დაბრუნდა კიევში დუბლინის აეროპორტიდან სამშაბათს საღამოს, პოლონეთის გავლით, რომ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრა არც უხსენებია. თავის მხრივ, არც დესპანებს არაფერი უთქვამთ ზელენსკისთან სავარაუდო შეხვედრაზე. თვითმფრინავმა, რომელშიც ორივე დესპანი იჯდა, მოსკოვიდან კურსი პირდაპირ ვაშინგტონისაკენ აიღო
სამაგიეროდ, მსოფლიომ მოისმინა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადება, რომ კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა ვერანაირ კომპრომისს ვერ მიაღწიეს. „მშვიდობა არც მოახლოებულა და არც დაშორებულა. სიტუაცია ისეთივე დარჩა, როგორიც იყო“, - თქვა იური უშაკოვმა, - „პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი პუნქტის მიმართ მას კრიტიკული და უფრო მეტიც - ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“. ამით მან მიანიშნა, რომ რუსეთისათვის განსაკუთრებით მწვავე საკითხებზე - უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებზე და მისი ნატოში მიღების პერსპექტივაზე - პროგრესი არ მიღწეულა.
გასულ თვეში რუსეთმა და აშშ-მა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს, რომელიც, ფრანგი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, „უკრაინის კაპიტულაციის“ ტოლფასია. დოკუმენტის პროექტში გათვალისწინებულია უკრაინის არმიის მნიშვნელოვანი შემცირება, ქვეყნისათვის ნატოში შესვლის აკრძალვა და დონბასის რეგიონის, ანუ დონეცკისა და ლუგანსის ოლქების რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლა.
სანამ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში გაემგზავრებოდნენ, თეთრმა სახლმა შემდეგ 28-პუნქტიანი გეგმის უკრაინასთან განხილვა დაიწყო, რათა მისი დებულებები კიევისათვის უფრო მისაღები გამხდარიყო. მაგრამ ევროპელი ლიდერების ჩარევით ისე გამოვიდა, რომ გეგმის ახალ ვერსიაში ერთმანეთთან შეუთავსებელი აღმოჩნდა როგორც მოსკოვის მაქსიმალისტური მოთხოვნები, ასევე უკრაინის პრინციპული პოზიცია - „ზავი, მაგრამ დამცირების გარეშე“.
ზეწოლა კრემლზე
თეთრ სახლში გამართული ნებისმიერი დისკუსიის ყველაზე ლოგიკური შედეგი ისაა, რომ გაჩნდა „კომბალი“ ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარის „საცემად“.
უკრაინის მოკავშირეების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი არ ერიდება ისარგებლოს „კომბლით“ კიევის დასამორჩილებლად, მაგრამ ხშირად გაუგებარია, რატომ არ იყენებს იგი ამავე „კომბალს“ მოსკოვის მიმართაც.
ცხადია, თეთრ სახლს შეუძლია არსებული სტრატეგიის გადახედვა, რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რომ იგი კეთილსინდისიერად მიუდგეს მოლაპარაკებას.
მართლაცდა, რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკების პროცესს მაშინ დაუბრუნდა, როცა ნათელი გახდა, რომ დონალდ ტრამპი არ გამორიცხავდა უკრაინისათვის „ტომაჰავკების“ მიყიდვას. იმავე ხანებში მან სანქციები გამოუცხადა რუსულ კომპანიებს „ლუკოილს“ და „როსნეფტს“. როგორც ჩანს, ტრამპის „კომბალმა“ კრემლის წინააღმდეგაც იმოქმედა.
მაგრამ შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ჯერჯერობით „ტომაჰავკებს“ უკრაინას ვერ მისცემდა. ანუ ისე გამოდიოდა, რომ როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგასთან ისაუბრებდა ხოლმე, იგი თავის ადრე ნათქვამს ცვლიდა. ამიტომ კიევმა და ბრიუსელმა გადაწყვიტეს ნელ-ნელა ზემოქმედება მოეხდინათ დონალდ ტრამპის დასარწმუნებლად, რომ მას, თავის მხრივ, პერმანენტული მკაცრი ზეწოლა განეხორციელებინა ვლადიმერ პუტინზე, რათა მას სამშვიდობო გეგმა განეხილა.
გვერდზე გადგომის შესაძლებლობა
აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, მოუთმენელი ადამიანია. იგი ხედავს, რომ დაპირებას ვერ ასრულებს და შეუძლია ხელი ჩაიქნიოს სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაზე, უარი თქვას შუამავლობაზე. იყო შემთხვევები, როცა გულმოსულმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიცემა შეუწყვიტა, რაც ნეგატიურად აისახა უკრაინის არმიაზე.
ბრიუსელი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი არ გაიმეორებს თავის მოქმედებას, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ ევროპამ უკრაინას მეტი დახმარება უნდა გაუწიოს.
თუ ამერიკა მაინც გადაწყვეტს უკრაინისადმი ზურგშექცევას, კიევი უმძიმესი არჩევანის წინაშე დადგება: გააგრძელოს ომი, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დაანგრევს, თუ მყიფე მშვიდობას დათანხმდეს, რომლის დროსაც ტერიტორიებს დაკარგავს და გარანტია არ ექნება იმისა, რომ რუსეთი კიდევ არ დაესხმება.
ამიტომ ევროპელები ისევ იძულებულები იქნებიან მოეფერონ დონალდ ტრამპს და აშშ-ის პრიორიტეტი აღიარონ. ნატოს გენმდივანი მარკ რუტე ისევ წაელაქუცება აშშ-ის პრეზიდენტს და ეტყვის, რომ ევროპა მზად არის ამერიკული იარაღი იყიდოს და უკრაინას გადასცეს.
ჯერჯერობით არ ჩანს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას საერთოდ მიატოვებს და რუსეთის დარტყმის ქვეშ დააყენებს, მაგრამ, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, იგი სწრაფად გამოდის წონასწორობიდან და „ერთი ფეხი გარეთ აქვს“.
თუმცა როგორც ტრამპის ლოზუნგის („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მომხრეები ამბობენ, პრეზიდენტი ბოლო ნაბიჯს არ გადადგამს - სანამ აშშ ევროპელებისაგან ფულს იღებს, უკრაინისათვის საჭირო იარაღისათვის.
ავტორ(ებ)ი :