"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist 08.12.2025 18:22

„დასავლეთი სამხედრო პერსონალის უკმარისობის წინაშე დადგა, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტის" (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის", რომელშიც განხილულია ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მდგომარეობა.

„მოხალისეები, რომლებიც არმიაში მსახურობენ, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებენ ფიზიკური მომზადების კრიტერიუმებს და ნარკოდამოკიდებულებიც არიან. პრობლემა რომ გადაწყვიტონ, ზოგმა ქვეყანამ ინტენსიური მომზადების პროგრამები გაუშვეს, ზოგიერთები კი ახალწვეულების მიმართ სტანდარტებს ცვლიან, მათი შემსუბუქების მიზნით. პრობლემა შეიძლება ჯარში გაწვევის მიმართ უფრო აწონილ-დაწონილი მიდგომით გადაწყდეს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემცირებულ ვარიანტს:

„ჩვენ მობილიზაცია გვჭირდება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 27 ნოემბერს, როცა მან არმიაში ნებაყოფლობითი სამსახურის ახალი სქემა წარადგინა, თითქმის 30 წლის შემდეგ საფრანგეთის არმიაში რეგულარული გაწვევის გაუქმების შემდეგ 1990-იან წლებში, - საფრთხე რომ თავიდან ავიცილოთ, მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ“.
საფრანგეთის გეგმა - მოაგროვოს 3000 მოხალისე 2025 წლისათვის და მათი რაოდენობა 50 ათასამდე გაზარდოს 2035 წლისათვის - ეს მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია დასავლეთის მცდელობებში, რომ როგორმე ყაზარმები ჯარისკაცებით შეავსოს და ცივი ომის შემდეგ შესუსტებული არმიის ძლიერება გაზარდოს. პარიზმა, მართალია, უარი თქვა უკვე გაუქმებული სამხედრო-სავალდებულო ბეგარა დააბრუნოს, მაგრამ საფრანგეთისგან განსხვავებით, ბეგარას ისევ დაუბრუნდნენ ლატვია, ლიეტუვა და შვედეთი. სხვა ქვეყნები დაყოვნებულად, მაგრამ მაინც იმავე გზით მიდიან: გერმანიის მთავრობა, მაგალითად, გამოვიდა ინიციატივით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს 18 წლის ასაკს მიღწეული მამრობითი სქესის ყველა მოქალაქის აღრიცხვაზე დაყენება.

ევროპის ამჟამინდელი ნერვიულობის ფესვები პირდაპირ უკრაინის სანგრებშია საძებნი: როცა ცივი ომი დასრულდა, დასავლეთი მოეშვა და მიღებული დივიდენდებით განცხრომას მიეცა: შემცირდა სამხედრო ხარჯები, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თითქმის არავინ არ თვლიდა საჭიროდ, მრავალრიცხოვანი არმიებისა და ათეულ ათასობით რეზერვისტების შენარჩუნებას, ფხიზელი ფინეთის გარდა.

აშშ-ის მიერ ერაყის არმიის ელვისებურმა განადგურებამ სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს (1990-1991 წლებში) შექმნა ილუზია იმისა, რომ პატარა, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიებით შეიარაღებული პროფესიული არმია უხეშ ძალას იოლად დასძლევს. მაგრამ დასავლელ გენერლებს არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ ის შოკისმომგვრელი დანაკარგები, რომელსაც ორივე მხარი - რუსეთის და უკრაინაც განიცდის. მათ ადგილზე რომ დასავლური მაღალტექნოლოგიური არმიები ყოფილიყვნენ, ისინი სწრაფად „დაიფშვნებოდნენ“. „გაკვეთილი აშკარაა“, - ამბობს ედვარდ არნოლდი ლონდონის ანალიტიკური ცენტრიდან (RUSI), - მაღალი ინტენსივობის მქონე ომისათვის აუცილებელია ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა“.
მაგრამ არის უფრო ღრმა ქრონიკული პრობლემა - რეკრუტობის (ჯარში გაწვევის ან დაქირავების სისტემის) კრიზისი, რის გამოც დასავლეთის ქვეყნებში მცირე არმიების დაკომპლექტებაც კი შეუძლებელია. ამერიკელ სამხედროებს ჩაეშალათ ჯარში გაწვევის გეგმები 2022 და 2023 წლებში 25%-ით, რაც ყოველწლიურად 15 ათასი ჯარისკაცის დანაკლისს ნიშნავს. პენტაგონში 2023-ს „ყველაზე მძიმე წელი“ უწოდეს 1973 წლიდან, როცა აშშ-ის არმია მთლიანად პროფესიული გახდა. სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთს მხოლოდ 137 ათასი კადრის სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რაც ყველაზე დაბალი დონეა ნაპოლეონის ომების ეპოქიდან, ანუ 181 წლის განმავლობაში. ანალოგიური სიძნელეები აქვთ კანადის, ავსტრალიის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის არმიებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასეთი არასახარბიელო სიტუაციის შექმნის მიზეზია ახალი თაობის ნიჰილისტურ-გულგრილი დამოკიდებულება სამხედრო სამსახურის მიმართ - რას ვიზამთ, ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესები აქვთ და კარიერით არიან დაინტერესებულნი. როგორც ექსპერტ ენტონი კინგი (ექსეტერის უნივერსიტეტიდან, დევონშირის საგრაფო) ამბობს, სამხედრო სამსახურის არჩევისას პატრიოტიზმი ხშირად არის შეზავებული პირად პრაქტიკულ გათვლებთან, მაგრამ ამჟამად სიტუაცია საგანგაშოა - ახალგაზრდებში ქვეყნის წინაშე ვალის მოხდის გრძნობა უმდაბლეს დონეზეა 1970-იანი წლებიდან, როცა ძლიერი ანტსაომარი გამოსვლები იყო და ეჭვქვეშ დადგა ეროვნული ინტერესების დაცვის იდეაც. ასეთი შეშფოთება უსაფუძვლო არ არის: Gallup International-ის მიერ გასულ წელს 45 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სამშობლოსათვის ბრძოლის მსურველ ახალგაზრდების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

რასაკვირველია, სიტუაცია მართლაც ძალზე არასასიამოვნოა, მაგრამ ობიექტურნი თუ ვიქნებით, ყველაფერში ახალგაზრდების დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. ის, რომ მათ ჯარში სამსახურის მიმართ „არასწორი განწყობა“ აქვთ, თავდაცვის უწყებებმა თავიანთ თავსაც უნდა დააბრალონ და საკუთარი საქმიანობა თვითკრიტიკულად უნდა შეაფასონ.

ჯარში გაწვევის (რეკრუტინგის) სტატისტიკის დეტალური ანალიზი პარადოქსულ სურათს იძლევა - არის მომენტები, როცა არმიაში სამსახურის მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე არმია ითხოვს. უბედურება იმაშია, რომ ჯარისთვის ვარგისები მათგან მხოლოდ ერთეულებია, დანარჩენი კი ან არანორმალურად მძიმეწონიანები (მსუქნები), ან ნარკოდამოკიდებულნი (ნარკომანები) და ფსიქიკურად გაუწონასწორებლები (არასტაბილურები) არიან. პენტაგონის (პანდემიამდე პერიოდის) მონაცემები მოწმობს: 17-24 წლის ამერიკელებს შორის კრიტერიუმებს წონაზე, ჯანმრთელობაზე და ნარკოტიკების მომხმარების არარსებობაზე მხოლოდ 23% თუ შეესაბამებოდა! სამწუხაროდ, სიტუაცია დღემდე არ გაუმჯობესებულა. ამ მხრივ მდგომარეობა არც ევროპაში არ არის უკეთესი: დანიაში, შვედეთში, და ბრიტანეთში გამწვევ-დამქირავებელმა პუნქტებმა მოხალისეების 60% უარით გაისტუმრეს, რადგან ისინი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ.

როგორც ჩანს, საქმე იმდენად ახალგაზრდებში კი არ არის, რამდენადაც ბიუროკრატიულ დაბრკოლებებში, რომლებიც მათ გამწვევ პუნქტებში ელოდება. ზოგიერთი სამედიცინო მოთხოვნა აბსურდამდეა მისული: ჯარში სამსახურის მსურველებს უარს ეუბნებიან მუწუკების (აკნეს), ეგზემის ან კიდურების დიდი ხნის მოტეხილობის გამო და ეს იმ დროს, როცა ჯარისკაცები, რომლებმაც ასეთი ტრავმები სამსახურის დროს მიიღეს, მკურნალობის შემდეგ ჯარში საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. ექსპერტების აზრით, ასეთი წესების არსებობა „სისულელეა“ (...)
ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ გადაწყვიტეს, რომ ჯარში გაწვევის სისტემა „ბიუროკრატიზმისაგან გაწმინდონ“. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არმიაში სამსახურის მსურველებს მკაცრ მოთხოვნებს არ წაუყენებენ, თუმცა მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც კარგი არ იქნება (...)

პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია თვითონ ჯარისკაცობის მსურველთა ფიზიკური მდგომარეობის იმ დონემდე მიყვანა, როგორიც საჭიროა. 2022 წელს აშშ-ის არმიაში (სახმელეთო ნაწილებში) მუშაობა დაიწყეს სპეციალურმა მოსამზადებელმა კურსებმა: მოტივირებული მოხალისეები გადიან ფიზმომზადებისა და სწავლების ინტენსიურ პროგრამას, 30-90 დღის ხანგრძლივობით, რათა არმიის მოთხოვნების მინიმუმი მაინც შეასრულონ. მონაცემები მოწმობს, რომ ამ პროგრამის წყალობით „სამხედრო მწყობრში“ 51 ათასზე მეტი ახალწვეული (მოხალისე) ჩადგა. გამოცდილება სწრაფად გაიზიარეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმაც, სადაც ანალოგიური პროექტი ხორციელდება.

მაგრამ ბევრი ქვეყნის არმიებში უკუპროცესი ხორციელდება: იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცობის მსურველები და მოხალისეები ფიზიკურად მოამზადონ, მათ მოთხოვნების (კრიტერიუმების) დონე შეამცირეს. სვირინგის (ტატუირების), წვერისა და ულვაშების ტარებაზე აკრძალვის მოხსნა გასაგებია, მაგრამ სამხედრო უწყებების მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯები აშკარად არაშორსმჭვრეტელურად გამოიყურება: განა შეიძლება მოთხოვნების შემცირება ინტელექტის მიმართ? ან როცა საჭირო აღარ არის სასკოლო ატესტატის წარდგენა? ძალზე გაიოლდა ტესტებიც, ხოლო ბრიტანეთში კი დაშვებულია შეღავათები ფიზიკურ მომზადებაში...

როგორც ექსპერტი ქეთრინ კუზმინსკი აღნიშნავს ვაშინგტონის უსაფრთხოების კვლევითი ცენტრიდან (CNAS), ჯარში სამსახურის სტანდარტებთან დაკავშირებული ასეთი მანევრები დაბლა სწევს ჯარისკაცების მომზადების დონეს, ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში დიდი მსხვერპლის გამომწვევია. ასეთი საკითხს მთავრობები დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგნენ. დიდი ბრიტანეთის სამხედრო სარდლობა ყოველთვის ამაყად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ჯარების ბრძოლისუნარიანობა ძველებურად მაღალია, მაგრამ... სინამდვილეში ბრიტანელი ოფიცრები კულუარებში ბუზღუნებენ, რომ ახალწვეულების ფიზიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. შედეგი სატირელია: ბრიტანეთის არმიაში იზრდება ისეთი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ვერ იტანენ ფიზიკურ დატვირთვას, სუსტად არიან მოტივირებულები და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულები.

კადრებისთვის ბრძოლა რომ არ წააგონ, არმიები სულო უფრო მეტად სარგებლობენ „საბაზრო მეთოდებით“: გასულ წელს ბრიტანელ სამხედროებს ხელფასები ისეთი მოცულობით მოუმატეს, როგორიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. კონტრაქტის ხელმოწერის დროს დაწესებული შეღავათებიც შთამბეჭდავია: სრული სპეცპაკეტი მოიცავს სამსახურებრივ საცხოვრებელ ბინას, დაზღვევას, სწავლის საფასურის გადახდას, კომპენსაცია სამხედრო დისლოკაციის შეცვლისას, შეღავათიანი იპოთეკა... ეპოქის ლოზუნგი ახლა ასეთია: „ნუ იტყვი, რისი გაკეთებაც შეგიძლია სამშობლოსათვის. იკითხე, თუ რისი გაკეთება შეუძლია სამშობლოს შენთვის“.

რეფორმები შედეგს იძლევა: უკვე მიმდინარე წელს აშშ-ის არმიაში გაწვევის გეგმა შესრულდა, თანაც ვადაზე ოთხი თვით ადრე, რაც საოცარ ნახტომს წარმოადგენს რამდენიმეწლიანი წარუმატებლობის შემდეგ. დიდ ბრიტანეთში ერთი წლის განმავლობაში (პირველი ოქტომბრის მონაცემებით) არმიის რაოდენობა, პირველად 2021 წლის შემდეგ, მოიმატა - რამდენიმე ასეული ჯარისკაცით, მაგრამ მაინც. განაცხადების რიცხვიც იზრდება - 44%-ით. ბუნდესვერმა ჯარისკაცთა რაოდენობის 28%-იანი მატება აჩვენა. კანადამ და ავსტრალიამ სამხედრო ბეგარის გეგმა პირველად შეასრულეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. ისეთ ქვეყნებში კი, როგორებიცაა დანია, ლატვია და ლიეტუვა, სადაც ჯარში გაწვევის ლატარიული სისტემა არსებობს, ყაზარმები მხოლოდ მოხალისეებით ივსება.

მაგრამ იმავდროულად სამწუხარო ტენდენცია გამოვლინდა - არმიები ჯარისკაცებს იმავე სიჩქარით კარგავენ, როგორითაც იზრდებიან: ბუნდესვერში ყოველი მეოთხე ახალწვეული სამოქალაქო ცხოვრებას პირველივე ექვს თვეში უბრუნდება. ბელგიაში კი, ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ჯარში სამსახურის პირველი წლის გასვლის შემდეგ ახალწვეულთა 44% მის გაგრძელებაზე უარს აცხადებს. გასაგებია, რომ ზღვის ნაპირზე, პლაჟზე გატარებული ტკბილი დღეები მკაცრი ჯარისკაცული ცხოვრების დროს, სანგრებში და ტრანშეებში სანატრელი ხდება... განსაკუთრებით შემაშფოთებელია ყველაზე „ძვირფასი კადრების“ გადინება - ისეთებისა, რომლებიც ვიწრო სპეციალობებს წარმოადგენენ და რომელთა რაოდენობა ისედაც მცირეა. მაგალითად, ბრიტანული არმია გასულ წელს ასეთმა ოფიცრებმა რეკორდული რაოდენობით დატოვეს, ხოლო პილოტების (სამხედრო მფრინავების) უკმარისობამ საერთოდ კრიტიკულ ციფრს მიაღწია.

ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსები „ბოროტების სათავეს“ იმაში ხედავენ, რომ ოფიცრებს არ აქვთ ნორმალური ოჯახური ცხოვრება - ბევრი მამაკაცი ოფიცერი დისლოკაციის ადგილს ხშირად ერთი ან ორი წლის განმავლობაში იცვლის, ამ დროს მათი ცოლებიც მუშაობენ, მაგრამ სამსახურის ხშირი ცვლილების გამო კარიერაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასეთ სიტუაციაში, როცა არმიას პროფესიული კადრების შენარჩუნება არ შეუძლია, დიდი კითხვის ნიშანი ისმება დასავლეთის ამბიციური გეგმების მიმართ, არმიის რაოდენობის მკვეთრი გაზრდის საქმეში.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ