"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда 17.12.2025 20:58

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ თუნდაც რომ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მისი პირობები საეჭვოა რომ უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს დაემთხვეს, - წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ (Українська правда) სტატიაში სათაურით: „ომის კავშირებითი კილო: „ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა...“ (ავტორი - მიხეილ დუბინიანსკი). „და თუ არ დაემთხვევა, ამიტომაც ომის შემდგომ უკრაინაში პოლიტიკოსები ახალი ალტერნატიული ისტორიის წერას დაიწყებენ და თავიანთთვის უფრო მომგებიან ფინალს მოიფიქრებენ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთვაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იყო დრო, როცა აშშ-ში სამი ყოფილი კონფედერატი (კონფედერაციის წარმომადგენელი სამოქალაქო ომის დროს) რომ შეიკრიბებოდა, სულ ომზე ლაპარაკობდნენ, ხოლო თუ ათზე მეტი, მაშინ უეჭველია, მთელი ომის მსვლელობას ხელახლა გაიხსენებდნენ და ბევრ ფაქტსა და მოვლენას განგებ შეცვლიდნენ, თან სულ ოხვრით და სინანულით: „ეჰ, ეს რომ გვცოდნოდა“... „ეჰ, ინგლისი თუ გვაღიარებდა“... „ეჰ, გენერალი ლი თუ შეუტევდა“... „ეჰ, ომი რომ კიდევ ერთი წელი გაგრძელებულიყო“... და ბოლოს ყველა ერთად: „ეჰ, შეცდომები რომ არ დაგვეშვა..“.
მოკლედ, „რომ გვცოდნოდა“, „თუ გვაღიარებდა“, „რომ არ დაგვეშვა“... ყველაფერი კავშირებითი კილოს მიხედვით.
მთავარი ამერიკული ომის შესახებ დაწერილ რომანში „ქარწაღებულნი“ მარგარეტ მიტჩელი ყურადღებას ამახვილებს ომისშემდგომ დამახასიათებელ ფენომენზე: მან, რომელმაც ბრძოლის ველზე საწადელს და სასურველს ვერ მიაღწია, მუდმივად იყენებს კავშირებით კილოს.
საბედნიეროდ, დღევანდელი უკრაინა მე-19 საუკუნის სამხრეთ შტატების კონფედერაცია არ არის - ყველაზე არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სცენარებიც კი, რომლებსაც 2025 წელს განიხილავენ, სრულიადაც არ ჰგავს ამერიკის კონფედერატიული შტატების კრახს.

და მაინც, 2025 წელმა თვალსაჩინო დემონსტრირება მოახდინა იმისა, რაზედაც საღად მოაზროვნე კომენტატორები ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ გვაფრთხილებდნენ: საომარი მოქმედებების დასრულების პირობები საეჭვოა, რომ ჩვენი საზოგადოების იმედებს დაემთხვეს.

და როცა სამხედრო მოქმედებების რეალური შედეგი ბევრში იმედგაცრუებას იწვევს, იწყება ალტერნატიული ისტორიების შექმნის მცდელობა - სწორედ იმ „თუ“-ს ძიება, რომელსაც შეიძლებოდა სხვა, უფრო მომგებიანი ფინალის უზრუნველყოფა.
როგორც ჩანს, ომისშემდგომი უკრაინა სწორედ ამით იქნება დაკავებული. შემდეგი სამამულო არჩევნები - როცა არ უნდა ჩატარდეს - მსგავსი ნარატივებით იქნება სავსე. თანაც ამ ნარატივების დიდი ნაწილი შეიძლება ახლავე განვიხილოთ და გავაანალიზოთ.

ყველაზე პერსპექტიული ალტერნატიული ისტორია რუსეთთან ომის საწყის პერიოდთან იქნება დაკავშირებული და ყველაზე აშკარა ასე გამოიყურება: „რუსეთისთვის რომ 2022 წელს სამაგიერო მიგვეზღო...“. რუსეთის მოწყვლადობის დონე ომის პირველ წელს მართლაც თვალში საცემი იყო. „კოლექტიურ დასავლეთს რომ მთელი თავისი სამხედრო ძლიერება გამოეყენებინა უკრაინის მხარდაჭერისათვის...:, „ევროპას და ამერიკას რომ გამოეყენებინათ მთელი თავიანთი ეკონომიკური ბერკეტები...“, „ვაშინგტონს და ბრიუსელს რუსული ბირთვული იარაღით შანტაჟის რომ არ შეშინებოდათ...“. მსგავსი ნარატივები უკრანის დღევანდელი ხელისუფლებისათვის დიდად სასურველი იქნება, რომ მან ყველა ისარი დასავლელი პარტნიორებისაკენ მიმართოს.
იმავდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეებისათვის მომგებიანი იქნება სხვა ნარატივი - მაგალითად, ასეთი: „უკრაინას რომ რუსეთთან შეთანხმება დაედო ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში გამარჯვების შემდეგ...“. სხვათა შორის, სხვადასხვა ოპოზიციონერები უკვე აცხადებენ, რომ კიევმა ხელიდან გაუშვა სამშვიდობო გარიგების დადების ოპტიმალური მომენტი.

თუმცა, ისიც მართალია, რომ სამი წლის წინათ არავინ არავის არ მოუწოდებდა მოსკოვთან მოლაპარაკებისათვის: არავინ არ აყენებდა ეჭვქვეშ - ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მაინც - იმას, რომ უკრაინის არმია მალე გააკონტროლებდა დონბასს და ყირიმსაც დაიბრუნებდა. არავინ არ რისკავდა წასულიყო უკრაინის იმდროინდელ wishful thinking-ის (სასურველის სინამდვილედ მიღების) წინააღმდეგ. 2022 წელს არსებული ძლიერი მომლაპარაკებელი პოზიციის შესახებ მხოლოდ გვიან, უკანა თარიღით დაიწყეს საუბარი.

დიდი ალბათობით, 2022 წლის შემდგომ საომარი მოქმედებებსაც „პოსტ-ფაქტუმ“ გადახედავენ. ყველაზე საბედისწერო შეცდომად, ალბათ, არტემოვსკისთვის (ბახმუტისთვის) ბრძოლას ჩათვლიან („ჩვენ რომ იმ ხორცსაკეპში ჯარის საუკეთესო ნაწილი არ გაგველეწა...“ და „2023 წელს რომ უკვე სრულიად დანგრეული არტემოვსკი დაგვეტოვებინა და მთელი ძალები სამხრეთისაკენ გადაგვესროლა კონტრშეტევისათვის...“).
რაც შეეხება კურსკის გაბედულ ოპერაციას, ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივად არ არის. დიდ მწვავე კრიტიკასთან ერთად („2024 წელს კურსკის ავანტიურა რომ არ დაგვეწყო და დონბასისათვის მეტი ყურადღება დაგვეთმო...“), სრულიად შესაძლებელია საწინააღმდეგო ვარიანტი: „ეჰ, უკრაინის არმია თუ იმ დროს შეტევაზე გადავიდოდა და კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე მივიდოდა...“.

„ზალუჟნი რომ თადარიგში არ გაეშვათ...“, „თუ ის სარდლად დარჩებოდა“ - ალბათ, ეს ალტერნატიული ვარიანტებიც პოპულარული გახდება. ბევრი ჩათვლის, რომ თუ ვალერი ფედოროვიჩი უკრაინის არმიის მთავარსარდლად დარჩებოდა, ქვეყანას დაზავებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ბევრად უკეთესი პირობები ექნებოდა. ამ ნარატივს ჩაეჭიდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც აფილირებულნი იქნებიან ყოფილ მთავარსარდალთან. როგორც ცნობილია, ჰიპოთეტური „ზალუჟნის ბლოკი“ უკვე დღეს ლიდერობს საზოგადოებრივ გამოკითხვებში. თანაც სერიოზული ელექტორალური კონკურენტი თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოზარდა საკუთარი ხელით.
2024 წლის დასაწყისში, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზედმეტად პოპულარული და არცთუ ლოიალური მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა, პრეზიდენტმა მხოლოდ წუთიერი და მხოლოდ იმ მომენტისათვის შექმნილი პოლიტიკური ამოცანა გადაწყვიტა. მაგრამ იმავდროულად ზალუჟნის გადადგომით უფრო რთული სამომავლო პოლიტიკური გამოწვევა გაჩნდა. ყურადღება მივაქციოთ: გენერალი სწორედ იმ დროს გავიდა კონფრონტაციიდან, როცა სამხედრო მოვლენებმა უკრაინისათვის არასახარბიელო მიმართულებით განვითარება დაიწყო.

და ახლა ყოფილ სარდალს შეუძლია დაუმარცხებელი მხედართმთავრის როლში გამოვიდეს, ანუ იმ სამხედრო პირის როლში, რომლის სარდლობის დროსაც უკრაინის არმიამ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მართალია, ფრონტზე პრობლემები ვალერი ფედოროვიჩის სარდლობის დროსაც საკმაოდ იყო, მაგრამ მისი მომავალი ამომრჩევლები ამ „წვრილმანებს“ ყურადღებას ნაკლებად დაუთმობენ.

ომის შემდგომ პოლიტიკურ დისკურსში აუცილებლად გადავა ხმაურიანი კორუფციული სკანდალებიც, რომლებიც უკრაინას საომარი მოქმედებების დროს დამატებით აზანზარებს. დაიწყება ამ ტიპის ლაპარაკი: „კორუფცია რომ არ ყოფილიყო, ძლევამოსილ არმიას შევქმნიდით მოხალისეებისგან და თავიდან ავიცილებდით ჯარში იძულებით გაწვევას...“, „თუ მექრთამეებს თავებს წავაჭრიდით, მათი ფულით ისეთ მშვენიერ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ვიყიდდით, რომ მტერი დრონებით და რაკეტებით შეტევას ვერ გაბედავდა“, „თუ ფულის დატაცება აღიკვეთებოდა, ათასობით უკრაინული წარმოების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გვექნებოდა“.

რამდენად სამართლიანი და არგუმენტირებული იქნებოდა ასეთი მსჯელობა? რა თქმა უნდა, კორუფცია ძირს უთხრის ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ საეჭვოა, რომ ის ფულადი სახსრები, რომლებიც კორუფციონერ-მექრთამეებს ჩამოერთმეოდათ, უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფდა. ჯერ ერთი, რომ თანხა, მართალია, საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ომის ხარჯებთან შედარებით მაინც ცოტაა. მეორე - ომის სპეციფიკა იმაშია, რომ ხშირად ძალიან დიდი ფულითაც კი ვერ იყიდი და შექმნი იმას, რაც ძალიან გჭირდება.

და რაც მთავარია - კრისტალურად წმინდა და სუფთა უკრაინა კორუფციის გარეშე - ეს ზღაპრულ ალტერნატივას წარმოადგენს. ასეთი უკრაინა არასოდეს არ იარსებებს. ზღაპრებში კი ნებისმიერი სასწაული შეიძლება, ფანტაზიები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომაც ჩვენს მოქალაქეებს ხელს ვერაფერი შეუშლის დაიჯერონ, რომ კორუფციის გარეშე უკრაინა 45 თვეში შეძლებდა საკუთარი ბირთვული იარაღისა და მისი მიზნამდე მიტანის საშუალებების შექმნას.

და ბოლოს, რუსეთთან დადებული ნებისმიერი ზავი და სამშვიდობო ხელშეკრულება გააჩენს ნარატივს - „ეჰ, ცოტა კიდევ რომ გაგვეძლო...“. უკრაინაში დღემდე პოპულარულია თეორია იმისა, რომ გამომფიტველი ომის პირობებში ჩვენ უფრო მეტი უპირატესობა გვექნებოდა, ვიდრე რუსეთს და რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ამ თეორიის რადიკალური ადეპტები (მომხრეები) აუცილებლად გააკრიტიკებენ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობას: შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ რუსეთი ცოტაც და ჩამოიშლებოდა, ანუ „კრემლის კრახამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, ჩვენი მომლაპარაკებლები კი აგრესორ რუსეთს ფაქტობრივად დაეხმარნენ“. შესაბამისად, ჰიპოთეტურ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მომწერებს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებათ - ცხადია, მათაც უნდა დაიწყონ ალტერნატიული ისტორიის შეთხზვა.

„ჩვენ რომ სამხედრო მოქმედებები ახლა არ შეგვეწყვიტა, ომის დასრულება უკრაინისათვის უფრო მძიმე და არასახარბიელო პირობებში მოგვიწევდა“ - ეს ნარატივი იქნება შეთავაზებული უკრაინელებისათვის, როგორც მშვიდობის მოყვარულთა გამამართლებელი არგუმენტი. ისინი შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ ცუდისა და უარესი სცენარის არჩევანის დროს ქვეყანამ სწორი ნაბიჯი გადადგა.

პოლარული „თუ“-ებისა და „რომ“-ების შეჯახება უკრაინას ომისშემდგომი მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით ემუქრება, მაგრამ იმას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ვერასოდეს ვერ გავიგებთ. იმიტომ, რომ საერთოდ, ისტორია კავშირებით კილოს ვერ ითმენს, ისტორიისათვის ვარაუდები და წარსულზე სინანული უშედეგოა. რაც მოხდა, მოხდა, მას ვეღარ შეცვლი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ