"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT 17.12.2025 21:41

თურქეთის ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?“, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების განმტკიცების სურვილით არის ნაკარნახევი. როგორც ცნობილია, შავ ზღვის საერთაშორისო-რეგიონულ სტატუსს და მის აკვატორიაში გემების ცურვის რეჟიმს 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული კონვენცია განსაზღვრავს, რომელიც დიპლომატიაში „მონტრეს კონვენციით“ არის ცნობილი. მართალია, კონვენცია უკვე თითქმის 90 წლის წინათ არის ხელმოწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როცა შავი ზღვა საომარი მოქმედებების არეალად არის გადაქცეული, ხდება გემებზე თავდასხმები და სხვა ინციდენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თურქეთმა რეგიონის ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვისთვის უსაფრთხოების შეზღუდული რეგულაცია შესთავაზა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში თურქეთთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებმა რეგიონული ვაჭრობის უსაფრთხოებასა და რეგიონში ომის გავრცელების რისკთან დაკავშირებით შეშფოთება გაზარდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თუ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ისინი მხარეებისგან ორ საკითხზე შეთანხმებას მოითხოვენ: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა და შავ ზღვაში კომერციული ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჰაქან ფიდანმა შეახსენა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც 2022 წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა და უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა, მიუხედავად ომისა, ყველა გემს იცავდა სამიზნეში ამოღებისგან. მან აღნიშნა, რომ ვაჭრობის დასაცავად მსგავსი შეთანხმებაა საჭირო და დასძინა: „ახლაც გაჩნდა მსგავსი მიდგომის საჭიროება“.

ჰაქან ფიდანის განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას შავ ზღვაში მზესუმზირის ზეთით დატვირთულ თურქულ გემზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შესახებ; ამ თავდასხმამ 11-კაციანი ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და ეს იყო ორ დღეში თურქულ გემზე განხორციელებული მეორე თავდასხმა.

„მადლობა ღმერთს, დღემდე არცერთი თურქი ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა“, - განაცხადა ფიდანმა და დასძინა, რომ თურქეთი მოვლენებს „ახლოდან აკვირდება“.

თავდასხმის შემდეგ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტისკენ მიმავალი გემის წინააღმდეგ რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) გამოიყენა. ზელენსკიმ თავდასხმა შეაფასა, როგორც „რუსეთის პირდაპირი გამოწვევა მთელი მსოფლიოსადმი“ და საპასუხო ზომების პირობა დადო.

რეჯეფ ერდოღანის მოწოდება შავ ზღვაში სტაბილურობისკენ

ზელენსკის სიტყვები მოჰყვა ერთი დღით ადრე ერდოღანის გაფრთხილებას, რომელიც მან რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას გააკეთა და მოუწოდა, შავი ზღვა ანგარიშსწორების არენად არ გადააქციონ.

პარასკევს ერდოღანმა განაცხადა: „შავი ზღვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც ანგარიშსწორების არენა. ასეთი ვითარება მხოლოდ ზიანს მოუტანს რუსეთსა და უკრაინას და სარგებელს არავის მისცემს. შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოება ყველას სჭირდება“.

დაზიანებული თურქული გემი უკრაინის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოქმედებდა და იყენებდა მარცვლეულის დერეფანს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ექსპორტისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

აღნიშნული დაძაბულობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ომთან დაკავშირებული საზღვაო თავდასხმები გააქტიურებულია.

სახიფათო წყლები

კიევმა წელს რუსეთის ნავთობობიექტებზე მრავალი თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, რათა შეასუსტოს მოსკოვის უნარი, დააფინანსოს ომი.

ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი გადაიტანება რუსული პორტებიდან სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვისკენ, თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით და თურქეთთან დაკავშირებული გემები სულ უფრო ხშირად ექცევიან ამ თავდასხმების არეალში.

დეკემბრის დასაწყისში ანკარამ შეშფოთების გამოსახატად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა უკრაინის ელჩი და რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები დაძაბულობის საგანგაშო ზრდის ნიშანია და მათი გამართლება არანაირად არ შეიძლება.

უკრაინას თავდასხმებში მონაწილეობის შესახებ არც დადასტურება და არც უარყოფა არ გაუკეთებია.

რუსეთმა, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, უკრაინა მეკობრეობაში დაადანაშაულა და ტანკერებზე თავდასხმების საპასუხოდ უკრაინისთვის ზღვაზე წვდომის გადაკეტვით დაიმუქრა.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ