05.01.2026 14:19
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვენესუელა ახლა უკვე დონალდ ტრამპს ეკუთვნის: აშშ-ის პრეზიდენტის მადა სამხედრო ავანტიურების მიმართ მატულობს“ (ავტორი - ედვარდ ლიუსი). მასალაში განხილულია მთავარი საკითხი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას აღელვებს: რა ბედი ეწევა ვენესუელას აშშ-ის სამხედრო რეიდის შემდგომ პერიოდში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
კარაკასში წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ამერიკელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევეს და დღეს იგი ნიუ-იორკში სასამართლოს ელოდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად ჩატარდა, მაგრამ ვენესუელის ისტორია დონალდ ტრამპთან მიმართებით მხოლოდ ახლა იწყება... აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის მმართველი რეჟიმის დამხობას და მის ჩანაცვლებას შეუდგა, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის მზადყოფნა 30-მილიონიანი სუვერენული ქვეყნის „მართვის“ თაობაზე შოკისმომგვრელია. სულ ბოლოს აშშ მსგავსი მიზნის შესრულებას 2003 წელს ცდილობდა, ერაყში შეჭრის შემდეგ. შეჭრით კი შეიჭრა და სადამ ჰუსეინი დაამხო, მაგრამ თეთრი სახლი ერაყული პოლიტიკის ჭაობში ვიეტნამის სტილით ჩაეფლო და ბოლოს თავი დიდი წვალებით დააღწია. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს აღუთქვა, რომ არასდროს აღარ გაიმეორებდა ჯორჯ ბუშ-უმცროსის მუდმივ ომებს ერაყში, ავღანეთში და სხვა ადგილებში. ბოლო დრომდე იგი ასეთი პოლიტიკური კურსის ერთგული იყო, რომელიც ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს - არამარტო მის რესპუბლიკელ მომხრეებში (MAGA-ს მიმდევრებში), არამედ გარკვეულწილად დემოკრატებშიც.
მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იხრება იმპერიული სტილის ოპერაციების განსახორციელებლად. ჯერ იყო და მისი ბრძანებით გასულ ზაფხულს აშშ-ის ავიაციამ ირანს დაარტყა, ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად, შემდეგ ნიგერია დაბომბა, საშობაო ოპერაციის ფარგლებში, „ქრისტიანული მოსახლეობის დასაცავად“ - როგორც თვითონ დონალდ ტრამპმა განმარტა, შემდეგ კი, შაბათს კარაკასიდან ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გაიტაცა. გასულ კვირაში აშშ-ის ლიდერი ისევ დაემუქრა ირანის ხელისუფლებას: „თუ საპროტესტო აქციების მონაწილეებს დახოცავთ, ჩვენ მზად ვართ საპასუხო ზომების მისაღებად“.
ქვეყნების მმართველი რეჟიმების ძალით შეცვლა სამშვიდობო კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ისევე როგორც ერაყის შემთხვევაში, დონალდ ტრამპის დაპირსპირებას ვენესუელის მიმართ თავისი მრავალფეროვანი და ცვალებადი მიზეზები აქვს.
ერაყში შეჭრის დროს ჯორბ ბუში აცხადებდა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. გარდა ამისა, თეთრი სახლი ერაყის პრეზიდენტს „ალ-ქაიდასთან“ კავშირებში ადანაშაულებდა. ამერიკას სურდა ახლო აღმოსავლეთში „დემოკრატია გაევრცელებინა“ და ბოროტების წყაროსათვის დარტყმა მიეყენებინა.
ვენესუელას შემთხვევაში დონალდ ტრამპი ქვეყანაში შეჭრის მიზეზად ასახელებს ნარკოტერორიზმთან და ბანდიტიზმთან ბრძოლას და იმის დაბრუნებას, რაც ადრე აშშ-ის გავლენის მქონე ტერიტორიას წარმოადგენდა და სადაც ვაშინგტონი ნავთობთან დაკავშირებულ ოპერაციებს აკონტროლებდა. ვენესუელამ აშშ-ში ნავთობის გატანის ნაციონალიზება 1990-იანი წლების ბოლოს მოახდინა. ამას შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც წარმოშობით კუბელია, კატეგორიულად ვერ იტანს კუბის კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც ნავთობის დიდ რაოდენობას სწორედ მოძმე ვენესუელიდან იღებს. სამაგიეროდ, კარაკასში ბევრი კუბელი სამხედრო მრჩეველი და სპეცთანამშრომლები იმყოფებიან. ვენესუელა მსოფლიოში ყველაზე დიდ დაზვერილ ნავთობის მარაგებს ფლობს, რომელიც 300 მილიარდ ბარელს აღემატება. თუ აშშ-ის ზეწოლით ვენესუელა კუბას ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, ჰავანის ხელისუფლებისათვის კარაკასის ასეთი ნაბიჯი საბედისწერო გახდება.
დღის წესრიგში დგება ორი საკითხი:
პირველი გამოიხატება იმაში, გააგრძელებს თუ არა დონალდ ტრამპი სამხედრო ავანტიურებისაკენ მიდრეკილებას. გავიხსენოთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „რეკლამირებდა“ გეგმებს კანადის, პანამის, გრენლანდიისა და ღაზას სექტორის მიმართ. შაბათს მან მიანიშნა, რომ მექსიკაც მის თვალსაწიერში იმყოფება. „ო, კლაუდია კარგი ქალია“, - თქვა მან მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმზე, - „მაგრამ ცუდი ისაა, რომ მექსიკას ის კი არ მართავს, არამედ კარტელები. მოკლედ, მექსიკას მოვლა-პატრონობა ჭირდება“. კაცმა რომ თქვას, სწორედ მექსიკიდან შედის მთელი ფანტანილი (ნარკოტიკული ნივთიერება) აშშ-ში და არა ვენესუელიდან. შაბათს დონალდ ტრამპმა გააფრთხილა კოლუმბიის პრეზიდენტი, მემარცხენე პოზიციის მქონე გუსტავო პეტრო, რომ მან „თავის თავს მოუაროს, თორემ მადუროს ბედი ეწევა“. სხვათა შორის, სინამდვილეში მთელი კოკაინი (ნარკოტიკული ნივთიერება) აშშ-ში შედის სწორედ კოლუმბიიდან და არა ვენესუელიდან.
მეორე საკითხი გამოიხატება იმაში, თუ როგორ გეგმავს დონალდ ტრამპი ვენესუელის მართვა-გამგებლობას. თუ იგი სერიოზულად არის განწყობილი ქვეყნის მართვისათვის, მაშინ მან იქ აშშ-ის ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობა უნდა შეიყვანოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი მართვას დისტანციურად ფიქრობს, რეალური მდგომარეობა მას ხელს შეუშლის: ვენესუელა გაჭედილია იარაღით, „სახალხო მოლაშქრეებით“ {„კოლექტივოსებით“) და უამრავი „ჩავისტით“ (ნიკოლას მადუროს წინამორბედ უგო ჩავესის იდეების მომხრეებით), რომლებიც ვენესუელური სოციალიზმის ბანდიტურ სახე-სხვაობას წარმოადგენენ. თუ რუსეთი, ჩინეთი ან სხვა მოწინააღმდეგე მოისურვებს, რომ დონალდ ტრამპი ვენესუელურ ჭაობში ჩაეფლოს, მათ ამის შესაძლებლობა ნამდვილად ექნებათ.
შაბათს ფლორიდაზე, მარა-ლაგოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დონალდ ტრამპს არავითარი შეშფოთება არ გამოუხატავს თავისი ამოცანებისა და გეგმების გამო, რომლებიც ძალზე რთულია შესასრულებლად. მისი თქმით, უპირველესად უნდა აღდგეს ვენესუელის ნავთობსტრუქტურები, რომ „შავი ოქროს“ ამოღება გაფართოვდეს. ნავთობის ექსპორტისაგან მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება კომპენსაციის გადასახდელად ამერიკული კომპანიებისათვის, რომლებიც ვენესუელური ნაციონალიზაციისაგან დაზარალდნენ. თანხები ასევე მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. როგორ მიაღწევს ამ ყველაფერს დონალდ ტრამპი, აშშ-ის ჯარების შეყვანის გარეშე, მას არ დაუზუსტებია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების ლიდერებს იანვრიდან მშვიდად ძილის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად სარგებლობს აშშ-ის არმიის საცეცხლე ძალით, რომელიც მის სრულ განკარგულებაში იმყოფება. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის კანონმდებლობის (უპირველესად კი კონსტიტუციის) უგულვებელყოფის შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება. ასევე იქნება ვენესუელის მართვასთან დაკავშირებითაც - პრობლემები თავს იჩენს ახლო მომავალში.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ უკვე რეალობად იქცა. მასში არ არის რაიმე კონკრეტული და აშკარა წესები, არ ითვალისწინებს მოკავშირეებისადმი პატივისცემას, ქება-დიდებას ასხამს ჯუნგლურ მოქმედებას და თითქმის ყოველთვის ფულს ემყარება. ვენესუელის მიწისქვეშ უდიდესი სიმდიდრეა დამალული, დონალდ ტრამპი მას აუცილებლად ამოიღებს.
ავტორ(ებ)ი :