20.01.2026 20:59
„ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება“, - ასეთი სათაური აქვს დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გაანალიზებულია ევროპის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის საკითხი. „რუსეთმა ევროპასთან „გაზის ომი“ პირწმინდად წააგო“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ევროპა ყინვითაა შებოჭილი. ასეთი სიცივე რომ რამდენიმე წლის წინ ყოფილიყო, განსაკუთრებით 2023-24 წლებში, ევროკავშირი უკვე ენერგეტიკულ კრიზისში იქნებოდა ჩაძირული, ფასები კი სითბოსა და სინათლეზე ცამდე იქნებოდა ავარდნილი... მაგრამ ახლა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე არაფერი არ ხდება, ყველა მშვიდადაა და ეს აძლევს საფუძველს ექსპერტებს თქვან, რომ კრემლთან გაზის ომის მეხუთე წელს ევროპამ, როგორც იქნა, ისწავლა ცხოვრება რუსული გაზის გარეშე. მაგრამ, თავი დააღწია რა ერთ ენერგეტიკულ ჰეგემონს, ევროპა დაუყოვნებლივ მოხვდა მეორე ჰეგემონის - აშშ-ის ხელში.
ახლა ევროპელები ამერიკულ თხევად გაზს საბაზრო ფასებით ყიდულობენ - ადრინდელისაგან განსხვავებით, როცა მილსადენით რუსულ იაფ გაზს ექსკლუზიურად იღებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში ევროპის ეკონომიკა ვერ განვითარდება და წარმოების ტემპებში ჩამორჩენილი იქნება თავის მთავარ კონკურენტებთან - ამერიკასთან და ჩინეთთან შედარებით.
„და მაინც, გაზით უზრუნველყოფა უკეთესია...“
როგორც ამჟამინდელი ყინვებისადმი ნორმალური გაძლება მოწმობს, კრიზისის მწვავე ფაზა, შეიძლება ითქვას, უკვე უკან არის მოტოვებული. სხვათა შორის, გასულ წელს ევროკავშირი რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტის გარეშეც დარჩა, მაგრამ ამ ფაქტს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ფასებიც, პრინციპში, ნორმალურია - 30-35 ევრო მეგავატ/საათი, რომელიც ევროპელი მომხმარებლისათვის იოლი გადასახდელია. 2022 წელს 10-ჯერ უფრო ძვირი ღირდა - 300 ევრო
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არა მხოლოდ ამ ზამთარს, არამედ მომავალშიც ევროპა საკუთარ თავს გაზით უზრუნველყოფს, მისაღები ფასებით და ეს ეხება 2027 წელსაც, როცა ევროკავშირმა საერთოდ უარი უნდა თქვას რუსულ გაზზე.
აშშ-ში და კატარში მწყობრში ჩადგა გაზის გამათხევადებელი ახალი ქარხნები, რაც ევროპას შესაძლებლობას მისცემს კარგად მოემზადოს 2026/27 წლების ზამთრის სეზონისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის გაზსაცავები უკვე ნახევრად არის დაცლილი ყინვების გამო, ეს საფრთხეს არ მოასწავებს. მიმდინარე წლიდან დაწყებული, ბაზარზე გაზის ჭარბი შეთავაზება იქნება წლების განმავლობაში.
„ევროკავშირმა გაუძლო რუსული გაზის დეფიციტს და შეძლო დალოდებოდა ამერიკულ-არაბული გაზის პროფიციტს. ცხოვრება რუსული გაზის გარეშეც იაფი და კომფორტული იქნება“, - აღნიშნავს დარგობრივი გამოცემა „პლათსის“ (Platts) პროგნოზში, - „მიმდინარე ზამთარი, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ყველაზე კონფორტულია ფასების თვალსაზრისით. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ 2026 წელი გარდამტეხი წელია - თხევადი გაზის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე ისეთი უხვია, რომ ფასებს ამცირებს და იმპორტიორებს არჩევის შესაძლებლობას აძლევს“.
როგორ წააგო კრემლმა „გაზის ომი“
1980-იანი წლებიდან დაწყებული, ევროპა სულ უფრო და უფრო მეტ რუსულ მილსადენურ გაზს იყენებდა. რადგანაც რუსული გაზი იაფი იყო, შესაბამისად, ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ციმბირისა და იამალის გაზზე იყო გადართული. იაფი გაზით ხდებოდა თბოელექტროსადგურებში იაფი ელექტროენერგიის წარმოება, შესაბამისად, ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. გერმანიამ უარიც კი თქვა ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროდენზე და თანდანობით თითქმის ყველა ატომური ელსადგური დახურა.
სამწუხაროდ, 2019 წლისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები თითქმის 50%-ით რუსულ გაზზე აღმოჩნდნენ „მიჯაჭვულები“, რაც, რუსეთ-უკრაინის ომის წინ, ევროკავშირზე ზეწოლისთვის, რუსეთმა ენერგეტიკულ იარაღად გამოიყენა.
2025 წელს ევროკავშირმა რუსული გაზისადმი მიდრეკილება (დამოკიდებულება) სამი მთავარი მიზეზის გამო დასძლია:
პირველი - ევროპელებმა ბევრი თხევადი გაზის გემების (გაზმზიდების) მიმღები ტერმინალი ააშენეს ზღვის სანაპიროზე; მეორე - ევროპელ;ებმა დაიწყეს ელექტროენერგიისა და სითბოს (ანუ გაზის) ეკონომია და მესამე - ევროპელებმა ბოლო წლებში დააჩქარეს წიაღისეული ენერგოშემცველებიდან გადასვლა განახლებადი ენერგიის წყაროებზე.
როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წინასწარი მონაცემები მოწმობს, 2025 წელს, პირველად ისტორიაში, ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ქარისა და მზის ელექტროსადგურებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ქვანახშირზე და გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებმა.
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ, „გაზის ომის“ დაწყებამდე, ელექტროენერგიის წარმოება ქარისა და მზის ელსადგურებში ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გაზზე მომუშავე თბოელსადგურებში, ახლა კი პირიქითაა. პერსპექტივა უკეთესია: უახლოეს ორ-სამ წელიწადში ევროკავშირში ქარისა და მზისაგან ორჯერ მეტი ელექტროენერგია იქნება წარმოებული, ვიდრე გაზისაგან.
თუმცა, რასაკვირველია, ევროკავშირი გაზზე უარს მთლიანად ვერ იტყვის. უფრო მეტიც - მასზე მოთხოვნილება უფრო გაიზრდება, რადგან უფრო ჭუჭყიანი ენერგოწყაროს - ქვანახშირის - გამოყენება შეწყდება. ევროპა იმედოვნებს, რომ თავისი მოთხოვნილება გაზზე რუსული გაზის გარეშე დაიკმაყოფილოს და ციმბირის საწვავს აღარ დაუბრუნდეს.
ევროპის გაზის ბაზარი სურათი სწრაფად შეიცვალა: როგორც უკვე ვთქვით, 2019 წელს - კოვიდის ლოქდაუნამდე და კრემლის მიერ გაზის ომის დაწყებამდე, ევროპის ქვეყნები თავიანთთვის საჭირო გაზის 50%-ზე მეტს რუსეთიდან მილსადენებით იღებდნენ, ხოლო ამერიკულ თხევად გაზს 10-ჯერ ნაკლებს, ანუ მხოლოდ 5%-ს ყიდულობდნენ.
ახლა აშშ-ის წილი ევროპულ გაზის ბაზარზე 27%-მდე გაიზარდა, რუსული გაზის წილი კი 13%-მდე დაეცა. მოგებაში აღმოჩნდა ნორვეგიაც - მის მიერ ექსპორტირებული გაზის წილი 22%-დან 31%-მდე გაიზარდა.
ეჭვები აშშ-ისადმი: თეთრი სახლი საიმედო პარტნიორი არ არის?!
დღეს ევროკავშირს გაზის ორი უდიდესი მიმწოდებელი ჰყავს - აშშ და ნორვეგია. მაგრამ მაშინ როცა ნორვეგიის მიმართ ევროკავშირს არანაირი პრეტენზია არ აქვს (ოსლო საიმედო მიმწოდებელია), ამას ვერ ვიტყვით აშშ-ზე, რომელიც გაზის მიწოდების პოლიტიზებას ახდენს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადრეც არ მალავდა და არც ახლა მალავს თავის საკმაოდ არამეგობრულ დამოკიდებულებას ევროპის მიმართ - ჯერ ტარიფების გაზრდით ემუქრებოდა, ახლა კი გრენლანდიის წართმევას აპირებს.
„რასაკვირველია, დონალდ ტრამპს უფრო ნაკლები ბერკეტები აქვს ამერიკულ გაზის კომპანიებზე, ვიდრე ვლადიმერ პუტინს - „გაზპრომზე“. მაგრამ, ამის მიუხედავად, ევროპა მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რომ გაზის იმპორტში თეთრ სახლზე არ გახდეს დამოკიდებული“, - ამბობს პოლ კრუგმანი, ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
„ევროპა გაზს რუსეთისაგან ყიდულობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იდეა ცუდი იყო. ასევე ცუდი იდეაა, თუ ევროპა ამერიკულ გაზს „მიეჩვევა“ და მასზე იქნება დამოკიდებული. ევროპის ქვეყნებმა, ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა განავითარონ განახლებადი ენერგიის წყაროები“, - ასეთია პოლ კრუგმანის პოზიცია.
ავტორ(ებ)ი :