27.01.2026 13:51
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია მაიკლ ევანსი, პოლიტიკური მიმომხილველი.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპი მთელი ძალისხმევით ცდილობს უკრაინაში ომის დასრულებას. ვლადიმერ პუტინის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ თეთრი სახლის ერთგვარი სიგნალია, რომ კრემლი დათმობაზე წავიდეს დონბასის კუთვნილების საკითხში, მაგრამ დონბასი პუტინისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს: რუსეთის მოსახლეობას მწვავე კითხვები გაუჩნდება - მაშ, რისთვის იბრძოლა არმიამ ოთხი წლის განმავლობაში? ეს კრემლისთვის არასასურველია...
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
გასული კვირა პრაგმატული პოლიტიკით გაჯერებული აღმოჩნდა, თანაც დონალდ ტრამპისეული პრაგმატული ხედვების შუქზე. დავოსში გრენლანდიისა და ღაზას სექტორის საკითხები „ჩაწყნარდა“, რუსეთ-უკრაინის ომში დაზავებას კი აბუ-დაბში აგვარებდნენ. დონალდ ტრამპი დავოსიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გასულ ხუთშაბათს სამმხრივი (აშშ, რუსეთი და უკრაინა - პირველად დიდი ხნის შემდეგ!) მოლაპარაკების დაწყებისას არაფერი არ მიუთითებდა იმას, რომ რაიმე სწრაფი გარღვევა მოხდებოდა, ამიტომ მხარეებმა წინასწარ დაგეგმეს ორდღიანი შეხვედრა სიტუაციაში უფრო კარგად გასარკვევად. ორი დღის შემდეგ კი ძუნწად და დიპლომატიურად გამოხატეს კმაყოფილება - შეხვედრა სასარგებლო იყოო. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ ენას ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ განაცხადა, რომ რაიმე დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა: „რუსეთმა თვითონ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც თვითონვე დაიწყო“.
და მაინც, ფრთხილი რეაქციის მიუხედავად, მოლაპარაკების ფონზე სიახლის რაღაც ელემენტი გამოვლინდა, რომელმაც შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს პოზიტიურ პროცესს.
დონალდ ტრამპის მიერ „მშვიდობის საბჭოში“ ვლადიმერ პუტინის მიწვევა, უეჭველია, უჩვეულო და საკმაოდ დახვეწილი სიგნალი იყო (უჩვეულო იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ზოგადად ამგვარი ქცევა არ ახასიათებს) კრემლის ბინადარისათვის, რომ ამ ჟესტს საპასუხო ნაბიჯი ჭირდება - კომპრომისი უკრაინასთან მიმართებით. არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში შეხვედრა მხოლოდ „ღია და გულახდილი ლაპარაკისათვის“ არ გამართულა - აშშ-ის პრეზიდენტს სურს მტკიცე გარიგებას პროცესი დაიწყოს.
დონალდ ტრამპის მეგობარი და მილიარდერ-აქტივისტი სტივ უიტკოფი იმავე დონალდ ტრამპის უახლოეს ნათესავთან - სიძესთან - ჯარედ კუშნერთან ერთად დავოსიდან პირდაპირ მოსკოვში ჩაფრინდა და ორივე ვლადიმერ პუტინს შუაღამიდან დილამდე ესაუბრებოდნენ. მოგვიანებით, უკვე აბუ-დაბის მოლაპარაკებიდან ორიოდე დღის შემდეგ სტივ უიტკოფმა თქვა - „ფინალს ნამდვილად მივუახლოვდით. ყველაფერი ერთ საკითხშია თავმოყრილი. განვიხილეთ მისი მოგვარების ვარიანტები და ვფიქრობთ, რომ შეიძლება გადავწყვიტოთ“.
რა არის ის „ერთი საკითხი“? რა თქმა უნდა, ტერიტორიის ბედი. მაგრამ აშკარა და მკაფიო გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. ტერმინი „ვარიანტები“, რომელიც სტივ უიტკოფმა გააჟღერა, გულისხმობს მრავალჯერად მცდელობებს დონბასისთვის ისეთი ტერიტორიული ფორმულის (გადაწყვეტილების) მოსაძებნად, რაც დააკმაყოფილებდა როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის.
ერთი შეხედვით, ასეთი ფორმულა არ არსებობს, რადგან სიტუაცია ჩიხშია შესული: ვლადიმერ პუტინს სურს, რომ დონბასის რეგიონი მთლიანად (ანუ მისი ორივე ოლქითურთ) რუსეთის კუთვნილი ტერიტორია გახდეს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ცდილობს დონბასის ტერიტორიის ნაწილი (12%) შეინარჩუნოს, რომელიც უკრაინის არმიის კონტროლქვეშ იმყოფება. რუსეთის ჯარებს პრაქტიკულად უკვე დაკავებული აქვთ დონბასში შემავალი ლუგანსკის ოლქი, ხოლო მეორე - დონეცკის ოლქი - მხოლოდ სამი მეოთხედით. სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები (ე.წ. „სახალხო რესპუბლიკები“) წინასწარ, 2022 წლის „რეფერენდუმის“ შედეგად, ანუ იურიდიულად, მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანა, რაც კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული.
ტერიტორიული პრობლემის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტა არის ის, რომ დონბასიდან გავიდნენ ორივე მხარის - რუსეთისა და უკრაინის ჯარები, რეგიონი გამოცხადდეს ჯერ დემილიტარიზებულ, შემდეგ კი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად. ამას ითვალისწინებს დონალდ ტრამპის ის 20-პუნქტიანი გეგმაც, რომელიც თავდაპირველად 28 პუნქტით იყო წარმოდგენილი.
მაგრამ ვლადიმერ პუტინს თავისი „წითელი ხაზები“ აქვს: იგი მოითხოვს, რომ დონბასი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდეს. მისთვის წარმოუდგენელია ჯარისკაცებს დონბასიდან უკან დახევის ბრძანება მისცეს - მით უმეტეს, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან რუსულმა არმიამ დონბასის მთლიანად გასაკონტროლებლად წარმოებულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება მოიპოვა. შესაბამისად, გავლენის ბერკეტები ვლადიმერ პუტინს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკის. და თუ კრემლის არმია დონბასს დატოვებს და უკან დაიხევს, რუსეთის მოსახლეობას მწვავე კითხვები გაუჩნდება...
აქედან გამომდინარე, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინელებისათვის, უბრალოდ, არ შეეძლოთ „ზეთისხილის სამშვიდობო რტოს“ გაწვდენა... და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი, ყველა მოლოდინის მიუხედავად, არ გადაიფიქრებს.
ავტორ(ებ)ი :