11.02.2026 17:24
„ტრამპის მმართველობის შემდეგ აშშ-ის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის გიდეონ რიჩმანის სტატია, რომელშიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა საკმაოდ ნეგატიურადაა განხილული. „საბოლოო ჯამში, მისი მმართველობის პერიოდი შეფასებული იქნება უფრო ანომალიად, ვიდრე პერმანენტულ და ტრადიციულ მოვლენად“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
„ოთხი წელი რა სწრაფად გავიდა... და ისევ ტრამპი?“ - უკმაყოფილოდ განაცხადა ერთ-ერთმა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. იმ დროს ასე ბევრი ფიქრობდა. აშშ-ის მოკავშირეები იძულებულნი გახდნენ ბედს შერიგებოდნენ და დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობა მოეთმინათ იმ იმედით, რომ ოთხი წლის შემდეგ ძველი ამერიკა ისევ დაბრუნდება.
მაგრამ ერთი წელი გავიდა და მათი განწყობა მკვეთრად შეიცვალა. თავის ცნობილ გამოსვლაში დავოსის ფორუმზე კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნმა ასე განაცხადა: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება“. დრეს ასეთი თვალსაზრისი სულ მეტად ვრცელდება. ბევრი თვლის, რომ დონალდ ტრამპის მმართველობა და იდეები ანომალიური (ნორმიდან გადახრილი) არ არის. პირიქით, დონალდ ტრამპი ანსახიერებს აშშ-ში ღრმად ფესვგადგმულ იმ ძალებს, რომლებიც არ გაქრებიან თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის წასვლის შემდეგ. ძველ „სტატუს-ქვოსთან“ დაბრუნება არ მოხდება - არც საერთაშორისო არენაზე, არც აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში.
თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ახალი საზოგადოებრივი თვალსაზრისი, ეს ახალი იდეაც ღრმა შესწავლას მოითხოვს. იმდენად, რამდენად დონალდ ტრამპის ქცევა სულ უფრო გაუმართლებელი ხდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, როგორც იქნა, ნამდვილი რეაქციების გამოვლენა დაიწყო, თანაც ნეგატიური სახით, რომელიც, დიდი ალბათობით, გაძლიერდება და საბოლოოდ მოძრაობა MAGA მასობრივად უარყოფილი იქნება.
ამერიკის მოკავშირეებმა ხმის ამოღება დაიწყეს და გამბედაობას იძენენ. კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამის ერთ-ერთ დადასტურებას წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა დაგმო დონალდ ტრამპის მიერ იმ მსხვერპლთა „გაშავება“, რომლებიც ბრიტანელებმა და მოკავშირეებმა ავღანეთში განიცადეს. გასულ კივარს პოლონეთის სეიმის (პარლამენტის) სპიკერმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა იმ პეტიციაზე, რომელიც დონალდ ტრამპისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებას მოუწოდებდა. კიდევ ერთმა პოლონელმა დეპუტატმა მრავლისმეტყველად შენიშნა: „ის დრო, როცა ნერონი დასჯით ემუქრებოდა ყველას, ვინც მის მუსიკალურ ტალანტს არ აღიარებდა, შეფასებული იქნა როგორც რომის იმპერიის დაცემის დასაწყისად“.
საპასუხო რეაქცია, რომელსაც ნამდვილად ექნება მნიშვნელობა, ახლა თვით აშშ-ში უნდა მოხდეს. და ამ მიმართულებითაც, როგორც იქნა, განსაზღვრული იმპულსები უკვე შეინიშნება: ათასობით რიგითი ამერიკელი გამოვიდა მინეაპოლისის ქუჩებში აშშ-ის საემიგრაციო პოლიციის (ICE) ძალადობრივი ტაქტიკის მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით, რომლის მოქმედებას ორი უდანაშაულო ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე შეერწირა. პრეზიდენტის პარტიის (რესპუბლიკელების) რამდენიმე მაღალჩინოსანმა მკაცრად დაგმო როგორც მინესოტას შტატში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, ასევე დონალდ ტრამპის მუქარები გრენლანდიის მიმართ.
ბევრი რესპუბლიკელი შოკირებული იქნა იმ რასისტული შეხედულებით, რომელიც დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას ოჯახის მიმართ გამოაქვეყნა... თეთრი სახლი იძულებული გახდა პრეზიდენტის ნათქვამი წაეშალა. ამერიკის წამყვანი ბიზნესმენებიც თავიანთი პოზიციის გამოხატვას იწყებენ: გასულ კვირას კენ გრიფინმა Citadel-დან - რესპუბლიკური პარტიის დონორმა - [ირონიით] აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებით დონალდ ტრამპის ოჯახი „ძალიან-ძალიან“ მდიდრდება (ანუ პრეზიდენტი შინაურებისთვის ოჯახისთვის ზრუნავს).
ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ამერიკელი ხალხი გააგრძელებს დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეებისათვის ხმის მიცემას. სხვათა შორის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ამასწინანდელი ვადამდელი არჩევნები რესპუბლიკელებისა და MAGA-ს მიმდევრებისათვის საკმაოდ არასასიამოვნო შედეგით დასრულდა ისეთ ტრადიციულ შტატებში, როგორებიცაა ტეხასი, ლუიზიანა და ფლორიდა. პარტიაში უკვე შიშობენ, რომ ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში შეიძლება წააგონ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატშიც.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მზარდი ნეგატიური რეაქცია განუხრელად აძლიერებს იმის ალბათობას, რომ მისი პრეზიდენტობა საბოლოო ჯამში აღიარებული იქნება როგორც გროტესკულ ანომალიად და არა გრძელვადიან მდგრად მიმართულებად.
იდეა იმის თაობაზე, რომ აშშ უკვე ვერასოდეს ვერ დაუბრუნდება იმ პოლიტიკას, რომელიც დონალდ ტრამპის მოსვლამდე არსებობდა, გონივრულად და რეალისტურად მოჩანს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ქვეყნები ისტორიულად წინა ეპოქებში ბრუნდებიან, ანუ „დროს უკან აბრუნებენ“. მაგალითად, საბერძნეთმა დემოკრატია 1975 წელს აღიდგინა, ე.წ. „შავი პოლკოვნიკების“ შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ. 1970-იან წლებში ინდოეთი 21 თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობდა, რომლის დროსაც სამოქალაქო უფლებები მასობრივად ირღვეოდა - იმ მომენტამდე, სანამ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი არ განიცადა. თუ უფრო ადრინდელ პერიოდს გადავხედავთ, ინგლისმა სამოქალაქო ომი და რესპუბლიკად ყოფნის 11-წლიანი პერიოდი გადაიტანა, სანამ 1660 წელს მონარქია არ იქნა აღდგენილი. ასე რომ, რატომ უნდა ვთქვათ უარი რესტავრაციის იდეაზე ამერიკული სტილით?
თუ ეს ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერს, გაიხსენეთ „კენედი-ცენტრი“, რომელიც დონალდ ტრამპის მომხრეებმა „ტრამპ-კენედი ცენტრად“ გადააკეთეს. ვის სჯერა, რომ ვაშინგტონში ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან ცენტრს სამუდამოდ „ტრამპ-კენედის ცენტრი“ ერქმევა? მომავალში აუცილებლად დადგება დრო და რაღაც მომენტში ტრამპის სახელს შენობის ფასადიდან აიღებენ და მთელი ეს სამარცხვინო ეპიზოდი წარსულში დარჩება.
მაგრამ არის ერთი ნიუანსი. როცა აშკარა გახდა, რომ არტისტებიც და მაყურებლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ ახალ „ტრამპ-კენედი ცენტრს“, ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შენობა ორი წლით „რეკონსტრუქციის გამო“ დაიხურებაო. თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფრთის ბედით თუ ვიმსჯელებთ (რომელიც დონალდ ტრამპის ბრძანებით დაანგრიეს, სამეჯლისო დარბაზის მოწყობის მიზნით), ვინ იცის, როგორი იქნება შენობა 2028 წელს? დონალდ ტრამპს მმართველობის ვადის დასრულებამდე კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი, შესაბამისად, მას ჯერ კიდევ შეუძლია დიდი მავნებლობის ჩადენა - არა მხოლოდ „კენედი ცენტრისათვის“, არამედ მთლიანად ამერიკისათვის.
ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს 45-ე და 47-ე პრეზიდენტის ანტიდემოკრატიული გადახრები წარმოადგენს. ამერიკას შეუძლია ვადამდე უარი თქვას დონალდ ტრამპზე, მაგრამ საეჭვოა იგი ასეთ ვერდიქტს დაეთანხმოს. დონალდ ტრამპმა ერთხელ უკვე აჩვენა თავისი უუნარობა (შეურიგებლობა) ბდამარცხების მიმართ, როცა 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. იგი ჩუმად და მშვიდობიანად არ წავა. ამჟამად დონალდ ტრამს გარს ახვევია ერთგული თანამებრძოლები და, როგორც ჩანს, აშშ-ის მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ძალადობა და სამოქალაქო არეულობა მოხდეს მანამდე, სანამ „ამერიკას ძველი დიდება დაუბრუნდება“.
მთელი ამ გაურკვევლობების გათვალისწინებით, მსოფლიოს ქვეყნებმა აშშ-ზე თავიანთი დამოკიდებულების შესუსტებაზე უნდა იფიქრონ. მაგრამ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებისა და აშშ-ზე დადებული ფსონებისაგან თავის დაზღვევის დროსაც კი აშშ-ის მოკავშირეებმა მიუკერძოებლობის პრინციპი უნდა დაიცვან. ერებს და ხალხებს, ისევე როგორც ცალკეულ ადამიანებს, ზოგჯერ აქვთ შესაძლებლობა დაგმონ თავიანთი შეცდომები და სიტუაცია გამოასწორონ, ბედი შეცვალონ. დონალდ ტრამპის შემდეგ შესაძლოა ძველი ტრადიციული ამერიკა დაბრუნდეს.
ავტორ(ებ)ი :