"ჩრდილოეთის ნაკადების“ აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება"-Berliner Zeitung 19.02.2026 19:46

გერმანულ გაზეთ "ბერლინერ ცაიტუნგში" (Berliner Zeitung) სათაურით "ჩრდილოეთის ნაკადების" აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება" დაბეჭდილია ინტერვიუ კომპანია „იუროფაიფის“ (Europipe) ერთ-ერთ ხელმძღვანელთან კარსტენ შმიკლერთან, რომელიც კორესპონდენტ ლიუდმილა კოტლართან საუბრობს მილსადენური და თხევადი გაზის ტრასპორტირების თავისებურებებზე, ევროპულ ენერგოპოლიტიკაზე და იმ რეალურ სიტუაციაზე, რომელიც ევროპაშია შექმნილი ბუნებრივი გაზის მოხმარების სფეროში.

„გერმანიის ეკონომიკა იაფი რუსული გაზის წყალობით სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ რუსულ გაზზე მაღალი დონით  დამოკიდებულება საფრთხის მომტანია.. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ევროპას რუსული გაზი ისევ დასჭირდეს. „ჩრდილოეთი ნაკადის“ დაზიანებული მილების აღდგენა შესაძლებელია“, - ასეთი აზრია გატარებული ინტერვიუში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მილსადენები არ გაქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ეს თემა „დახურულად“ გამოაცხადეს. კარსტენ შმიკლერი კომპანია „იუროფაიფის“ (Europipe) ერთ-ერთი ხელმძღვანელია - კომპანიისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამზადებს მილებს ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების რეალიზებისათვის და თან აკვირდება, თუ როგორ იცვლება ენერგეტიკის პერსპექტივაზე მიმდინარე დისკუსიების აქცენტი: მორალური მხარე, ბაზრის პირობები და პოლიტიკური ძალები პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეწევიან.

კარსტენ შმიკლერი 2024 წლიდან „იუროფაიფის“ მმართველი დირექტორია გაყიდვებისა და ფინანსების სფეროში. კომპანიის შტაბ-ბინა ქალაქ მიულჰაიმშია, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, რურის ურბანულ არეალში. 1991 წლიდან უშვებს დიდი დიამეტრის ფოლადის მილებს და ამ სეგმენტში მსოფლიო ლიდერებში შედის.

- თქვენი კომპანიის მიერ დამზადებული მილები მრავალი პროექტის რეალიზების დროს გამოიყენება, მათ შორის ევროპული მილსადენების მშენებლობის დროს. თქვენი მილებით იქნა აგებული ორი პარალელური გაზსადენი "ჩრდილოეთი ნაკადი - 1" და "ჩრდილოეთი ნაკადი-2" (ბალტიის ზღვაში), აგრეთვე "თურქული ნაკადი" (შავ ზღვაში). თქვენ მილებს აწვდით აშშ-ში, ალასკაზე, თხევადი გაზის პროექტის რეალიზებისათვის... მოკლედ რომ ვთქვათ: თქვენთვის რომელი უფრო მომგებიანია - მილების დამზადება საზღვაო გაზსადენებისა თუ თხევადი გაზის ტერმინალებისათვის?

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მომგებიანია გრძელი მილსადენების მშენებლობა, რადგან მათთვის უფრო მეტი მილია საჭირო, მაგრამ თხევადი გაზის ტერმინალებიც მილსადენურ სტრუქტურას ემყარება - მოკლე მილსადენებს, მაგრამ მაინც. გაზმზიდი გემებიდან ტერმინალში გაზი ხომ მილებით უნდა იქნას გადატანილი, შემდეგ კი უნდა განაწილდეს ისევ მილების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს რაიმე ჩანაცვლებასთან ან არჩევასთან - მილები აუცილებელი ელემენტია გაზით უზრუნველყოფა-მომარაგების ერთიან სისტემაში.

არსებობს უბრალო წესი: გარკვეულ მანძილზე, ვთქვათ, 1000 კმ-მდე, მილსადენები, მათი ხანგრძლივი გამოყენების დროს, გაზის ყველაზე იაფ სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. უფრო გრძელ დისტანციებზე, ვთქვათ, ოკეანეების გავლისას, გემებით თხევადი გაზის გადატანა უფრო იაფია. რა თქმა უნდა, ატლანტის ან წყნარი ოკეანის ფსკერზე მილსადენს ვერ გავიყვანთ, ასეთ მანძილებზე უკვე  გაზმზიდი ტანკერები დაცურავენ.

- თქვენი როგორც მილების მწარმოებელის კომპანიის აზრით, როგორი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის ისეთი პროექტები, როგორებიცაა "ჩრდილოეთისა" და „თურქული“ ნაკადები? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?

- უკან თუ გავიხედავთ, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა რუსულ გაზზე გერმანიის ისეთი მაღალი დონით დამოკიდებულების დაშვება, როგორიც ხუთი წლის წინ გვქონდა. ეს სახიფათო გამოდგა, რაც ბოლო წლების მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა. მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე პირადად მაინც დარწმუნებული ვარ: ნებისმიერ ფედერალურ კანცლერს, რომლებიც იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფაზე პასუხისმგებლები იყვნენ, გერჰარდ შრედერიდან ანგელა მერკელამდე, გერმანული მრეწველობა ჯვარს აცვამდა, რუსული იაფი გაზი დიდი მოცულობით რომ არ მიეღო.

დარწმუნებული ვარ, იმ დროს ძალიან ხმამაღლა იქნებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ იაფი [რუსული] გაზის (ენერგიის) გარეშე ჩვენ სწრაფად დავკარგავდით კონკურენტუნარიანობას [ანუ გერმანიის ეკონომიკა „ევროპის ლოკომოტივი“ აღარ იქნებოდა]. ასე რომ, თუ „ჩრდილოეთის ნაკადს“ ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, ეს არის „ერთი ჯოხის ორი ბოლო“ - კარგიც და ცუდიც: კარგი იმით, რომ გერმანიის ეკონომიკა სწაფი ტემპით ვითარდებოდა და მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდებოდა; ცუდი კი იმით, რომ გერმანია დამოკიდებული ხდებოდა რუსულ გაზზე, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკისათვის საფრთხის მომტანი იყო.

- თქვენი შეხედულებით, გამოდის, რომ საბოლოო ჯამში მთავარი შეცდომა იყო რუსულ გაზზე გერმანიის მაღალი დამოკიდებულება და არა თვითონ პროექტი?

- Europipe არის ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია გაზის პროექტებისათვის. კაცმა რომ თქვას, ჩვენთვის სულ ერთია, ინფრასტრუქტურას - მილებს და სხვა მოწყობილობებს - რუსული გაზის პროექტს მივაწვდით თუ ნორვეგიულ გაზის პროექტს, ანდა სულაც აფრიკა-ევროპის გაზსადენის მშენებლებს, რომლის რეალიზაცია პერსპექტივაში ევროპას ბუნებრივი გაზის კიდევ ერთი დამატებითი წყაროთი უზრუნველყოფს.   

საკითხს უფრო სხვა კონტექსტი აქვს: საიდან მოდის ენერგოშემცველი პროდუქტი, რა პირდაპირი და ირიბი მიზნები აქვს იმ ქვეყანას, რომლის გაზის ტრანსპორტირება ხდება მილსადენით. აუცილებელია ენერგოუზრუნველყოფის დივერსიფიცირება, ანუ გაზით მომარაგება უნდა განხორციელდეს სხვადასხვა არხებისა და  სხვადასხვა წყაროების მეშვეობით.

იმ შემთხვევაშიც კი, რომ თუ ჩვენ დავაჩქარებთ „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლას და განახლებადი ენერგოწყაროების წილი (ქარისა და მზის ენერგიები) სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, მე მაინც ვთვლი, რომ უახლოეს წლებში წიაღისეულს - გაზსა და ნავთობს - გვერდს ვერ ავუვლით, თანაც დაგვჭირდება დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით გაზი, რომელიც გარემოს ნავთობზე ბევრად ნაკლებად აჭუჭყიანებს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევების თანახმად,  გაზისა და ნავთობის მოხმარების პიკი მხოლოდ 2040 წლისათვის დადგება, მანამდე კი გაზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავი იქნება პლანეტისათვის.

ევროკავშირი რუსულ გაზის სარგებლობის საბოლოოდ შეწყვეტას 2027 წლისთვის გეგმავს, რაც „თურქული პროექტის“ პერსპექტივასაც ეხება. თქვენი აზრით, ეს მილსადენი ტექნიკურად და ეკონომიკურად უკვე განწირულია თუ ამ შემთხვევაში საქმე გვექნება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან?

- ერთმნიშვნელოვნად - მეორე. ტექნიკურ-ეკონომიკური წყვეტა არ იქნება და საერთოდ, ასეთი რამ არასოდეს არ მოხდება. მეტსაც გეტყვით: მე არასოდეს არ გამოვრიცხავდი იმას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ, ევროპა ისევ ისარგებლებს „ჩრდილოეთის ნაკადებით“. რა თქმა უნდა, მილებში გაზი ადრინდელი მოცულობით აღარ გაივლის, მაგრამ ამჟამინდელი ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ვინ გამორიცხავს დღეს იმას, რომ [რუსული] გაზი აღარ დაგვჭირდება?

- ბევრს კითხვები უჩნდება: შეიძლება თუ არა აფეთქებული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ აღდგენა დივერსიიდან სამწლინახევრის შემდეგ? რა მოსდით ფოლადის მილებს, თუ ისინი წლების განმავლობაში ზღვის წყლის ზემოქმედების ქვეშ არიან, გაზის გარეშე?

- დიახ, გარკვეული დროის ფარგლებში მილების აღდგენა და რემონტი შეიძლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ზღვის წყალი აგრესიულია და დაზიანებულ მონაკვეთზე კოროზიას იწვევს. ასეთ სიტუაციაში მილსადენის დაზიანებული ადგილები იჭრება, ხდება მათი ახლით შეცვლა და მიდუღება. მაგრამ ეს დროულად უნდა განხორციელდეს. თუ მილები ზღვის წყალში ხუთი-ათი წლის განმავლობაში უმოქმედოდ და ურემონტოდ იქნება, სიტუაცია კრიტიკული გახდება და მილსადენის გამოყენება ვეღარ მოხერხდება.

გარდა ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთისაგან ოდესმე ისეთივე რაოდენობის გაზს შევისყიდით, რამდენსაც ადრე ვყიდულობდით. ასე რომ, თუ სამომავლოდ რუსული გაზის მიღება გადაწყდება, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილიდან შეიძლება ერთით ვისარგებლოთ, რომელიც დაზიანებული არ არის.

საერთოდ, იმ მილებს, რომლებიც ზღვაში უნდა ჩაიდოს, ანტიკოროზიული ფენით ფარავენ და დამატებით ცემენტითაც აპირკეთებენ, რომელიც, ერთი მხრივ, მილს ამძიმებს და წყლის ზედაპირზე ამოტივტივების საშუალებას არ აძლევს და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს დამატებით დაცვას მექანიკური დაზიანებებისაგან. თუმცა, რასაკვირველია, თუ მილის აფეთქება მიზანმიმართულად არის განზრახული, მას ვერაფერი დაიცავს.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ