"ზელენსკის თქმით, "პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი შეჩერება აუცილებელია": კიდევ რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ის კორესპონდენტს" 23.02.2026 18:33

"ზელენსკის თქმით,  "პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი შეჩერება აუცილებელია": კიდევ რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ის კორესპონდენტს" - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბიბისის" ვებ-გვერდზე უკრაინელი ლიდერის ვრცელი ინტერვიუს შინაარსი, რომელიც პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჯერემი ბოუენმა ჩამოართვა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სიმტკიცისა და ურყევი ნების გამოვლენას აგრძელებს. კიევში ჩვენი შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ნამდვილად არ წააგებს და რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. იგი მტკიცედ აცხადებს უარს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის ჯარების გაყვანა სურს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონებიდან [მაგალითად, დონბასის ნაწილიდან], რომლის ოკუპირებას კრემლი ათი ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლის შეწირვის ფასადაც კი ვერ ახერხებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა, ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ერთადერთი გამოსავალი კრემლისათვის პასუხი გასაცემად არის ის, რომ გაძლიერდეს სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა, რათა პუტინმა უკან დაიხიოს. „ჩემი აზრით, პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ახლა საკითხი ასე დგად - რამდენად შეძლებს იგი ამა თუ იმ ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. და კიდევ: როგორ შევაჩეროთ პუტინი? რუსეთს სურს ისეთი მშვიდობა დაამყაროს, როგორიც თვითონ უნდა. აუცილებელია მასზე ზეწოლა უფრო ძლიერ და უფრო ეფექტურად გაგრძელდეს“, - ამბობს უკრაინის ლიდერი.

როგორ პასუხობს ვოლოდიმირ ზელენსკი კითხვებს კრემლის მიერ დონბასის მიწების 20%-ის მიცემის მოთხოვნაზე, რომელსაც უკრაინის არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს (ანუ იმ ტერიტორიას, რომელსაც „ქალაქ-სიმაგრეებს“ უწოდებენ), ან კიდევ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის გადაცემას? შეიძლება თუ არა კრემლის მოთხოვნას გონივრული ვუწოდოთ, თუ ტერიტორიის გადაცემაზე თანხმობის შედეგად ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიღწეული?

„მე ამ საკითხს ასე ვუყურებ: ჯარს დონბასიდან ვერ გამოვიყვან, ვერ დავასუსტებ ჩვენს პოზიციებს და ვერ მივატოვებ იქ მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს. საზოგადოების დაყოფა ჯარების გამოსვლით არ შეიძლება“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მაგრამ შესაძლოა ეს მეტ-ნაკლებად მისაღები ფასია, თუ ამით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაკმაყოფილდება... როგორ ფიქრობთ, ეს დათმობა მისთვის საკმარისი იქნება?“, - ვეკითხები.

„მე ვთვლი, რომ პუტინისათვის პაუზა აუცილებელია, მას მცირე შესვენება სურს“, - მპასუხობს ზელენსკი, - „რაც არ უნდა თავი გაბედულად აჩვენოს, მას „სულის მოთქმა“ ჭირდება. და როცა იგი დაისვენებს და ძალებს მოიკრებს... ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, ძალების მოკრებას სამი ან ხუთი წელი დასჭირდებაო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უფრო მალე - ორიოდე წლის შემდეგ მოხდება. საით წავა პუტინი შემდეგ. არ ვიცით, მაგრამ ომის გაგრძელებას რომ დააპირებს, ეს ფაქტია“, - მპასუხობს ზელენსკი.

"ვაგებთ თუ არა ჩვენს ომს? რა თქმა უნდა, არა!"

ჩვენ კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო კვარტლის ერთ-ერთ კარგად დაცულ შენობაში ვსაუბრობთ. ინტერვიუს დროს ზელენსკი ძირითადად უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. პრეზიდენტის დაცვა თავის მოვალეობას უკიდურესად მკაცრად და ბეჯითად ასრულებს, რაც იმას მიუთითებს, თუ რა დიდი პასუხისმგებლობის ტვირთი ადევს მხრებზე უკრაინის ლიდერს. რა თქმა უნდა, ინტერვიუს აღების დროს ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერისაგან ჟურნალისტს მკაცრად ამოწმებენ, მაგრამ მე ძალიან იშვიათად თუ მიწევდა ასეთი პროცედურების გავლა საპრეზიდენტო კომპლექსში შესასვლელად.

თუმცა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ასეთი სიმკაცრე გასაკვირი არ არის, მით უმეტეს, რომ რუსეთი უკვე ცდილობდა უკრაინის ლიდერზე თავდასხმის მოწყობას.

ყოველივე ამის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავისი კარიერა მსახიობობით დაიწყო - 2006 წელს მან გაიმარჯვა შოუში „ცეკვა ვარსკვლავებთან“, შემდეგ იმ ადამიანის როლი შეასრულა კინოსერიალში, რომელიც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი გახდა - უჩვეულო გამძლეობასა და სიმტკიცეს ინარჩუნებს.

ჟენევაში ამას წინათ გამართული მოლაპარაკების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გასაგონად განაცხადა, რომ „უკრაინისათვის უმჯობესია სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთანო“, ანუ იგი აგრძელებს უკრაინაზე უფრო მეტი ზეწოლა განახორციელოს, ვიდრე რუსეთზე.

გასულ ზაფხულს დასავლელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ დონალდ ტრამპი სრულიად ეთანხმება ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ ტერიტორიული დათმობები უკრაინის მხრიდან საკვანძო პირობას წარმოადგენს ცეცხლის შესაწყვეტად. ამის რეალიზება დონალდ ტრამპს, იდეალში, მიმდინარე წლის ზაფხულამდე სურს.

ძალიან ბევრი ანალიტიკოსი  - და არამარტო თეთრ სახლში - ასევე თვლის, რომ უკრაინას ამ ომში გამარჯვების მიღწევა არ შეუძლია და თუ მოსკოვის მოთხოვნებს არ დაეთანხმება, დამარცხდება.

ვეკითხები ვოლოდიმირ ზელენსკის - თვლის თუ არა სამართლიანად დონალდ ტრამპისა და სხვა ადამიანების მსგავს მოთხოვნას?

„სად იმყოფებით ახლა თქვენ?, - კითხვითვე მპასუხობს პრეზიდენტი და აგრძელებს: „თქვენ ახლა კიევში ხართ, უკრაინის დედაქალქში. ვაგებთ თუ არა ჩვენს ომს? რა თქმა უნდა, არ ვაგებთ. იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით“.

როგორ ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვება?

 წარსულში პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია, მაგრამ როგორ გამოიყურება, მისი აზრით, გამარჯვება? ამ კითხვაზე იგი პასუხობს, რომ გამარჯვება ნიშნავს უკრაინელების დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებისადმი, თუმცა უფრო ფართო გაგებით, გამარჯვება არის იმ გლობალური საფრთხის განეიტრალება, რომელიც რუსეთისაგან და პირადად ვლადიმერ პუტინისაგან მოდის: „დღეს მთავარია პუტინის შეჩერება. მას არ უნდა მიეცეს უკრაინის ოკუპირების შესაძლებლობა. ეს იქნება მსოფლიოს გამარჯვება“.

- მაგრამ თქვენი ხომ არ გითქვამთ, რომ გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას ნიშნავს?

- ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ. ეს აბსოლუტურად გასაგებია და მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს. ახლა რომ ტერიტორიების დაბრუნება დავიწყოთ, უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ, მილიონობით ადამიანს - იმიტომ, რომ ჩვენი არმია მრავალრიცხოვანია. ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების მნიშვნელობა. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის იარაღი, რაც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.. მაგრამ 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენა, ეს... უბრალო გამარჯვება კი არ იქნება, არამედ სამართლიანობის აღდგენა, ანუ უკრაინის საბოლოო გამარჯვება“.

ერთი წლის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ყოფნისას ისეთი მიღების მოწმე გახდა, როგორიც ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსმა ჩემთან საუბრისას „წინასწარ განზრახულ დიპლომატიურ ბანდიტიზმად“ შეაფასა. ყველას ახსოვს, თუ როგორ მოექცნენ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი უკრაინელ სტუმარს - მათი კამათი მსოფლიოს მასმედიის წინაშე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა და მილიონობით ადამიანმა ნახა.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ის-ის იყო პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ყველაზე ძლიერი სიგნალი მისცა ვოლოდიმირ ზელენსკის: „წარსულს ჩაბარდა ჯო ბაიდენის დრო, როცა უკრაინას და ზელენსკის აშშ-ის იმედი ჰქონდათ“. ახალმა ადმინისტრაციამ ნატოსაც შეუტია:  ჯეიმს ვენსმა დასავლეთ ევროპული ილუზიები დაამსხვრია ტრანსატლანტიკური ალიანსის სიმტკიცის თაობაზე.

თეთრ სახლში ერთი წლის წინ მომხდარი დრამატული ამბების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თავს არიდებდა დონალდ ტრამპთან უთანხმოების საჯაროდ გამოვლენას, თუმცა იმ კამათის შედეგმა „თავი არ დამალა“: დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა პირდაპირი დახმარება უკრაინის მიმართ (გარდა სადაზვერვო მონაცემების მიწოდებისა) და ახლა ამერიკული იარაღის ყიდვისათვის, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს, ევროპული ქვეყნები მილიარდობით ფულს ხარჯავენ

არჩევნები და ნდობა დონალდ ტრამპის მიმართ

ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვა დავუსვი დონალდ ტრამპის მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობრივი განცხადებების თაობაზე და გავახსენე, რომ აშშ-ის მეთაურის ცრუ გამონათქვამებს შორის არის ბრალდებები უკრაინის ლიდერის მიმართაც: „ზელენსკი დიქტატორია“, „ომი ზელენსკიმ  დაიწყო“ და ა.შ. (ანუ ისეთივე ბრალდებები, როგორიც ვლადიმერ პუტინისაგან გაისმის).

პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაიცინა: „აბა, მე რა დიქტატორი ვარ? და ომიც მე არ დამიწყია. მორჩა და გათავდა“.

მაგრამ ენდობა თუ არა იგი დონალდ ტრამპს? „თუ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“, - ვეკითხები, - „გჯერათ, რომ დონალდ ტრამპი [გარანტიებზე] მოცემულ სიტყვას შეასრულებს? იგი ხომ ისეთ პრეზიდენტად არის ცნობილი, რომელიც დაპირებებს იძლევა, მაგრამ შემდეგ თავისივე სიტყვას ხშირად გადათქვამს ხოლმე?“.

„ჩვენ ამერიკაზე ვსაუბრობთ, ამერიკა კი მხოლოდ დონალდ ტრამპი არ არის. პრეზიდენტები და საერთოდ, ჩვენ ყველა მმართველებად მხოლოდ გარკვეული დროით ვართ. ჩვენ გარანტიები გვინდა, მაგალითად, 30 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ელიტები იცვლებიან, ლიდერებიც, მაგრამ გარანტია უცვლელი უნდა დარჩეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკის მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. „ამიტომაც არის აუცილებელი არა მარტო პრეზიდენტის, არამედ კონგრესის მხარდაჭერაც. იმიტომ, რომ პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ინსტიტუციები კი რჩება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი შეიძლება არასაიმედო პარტნიორი იყოს, მაგრამ ის მარადიულად არ იქნება პრეზიდენტის პოსტზე, კონგრესი კი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები უკრაინამ მანამდე უნდა მიიღოს, სანამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მიმდინარე წლის ზაფხულამდე (რაც აშშ-ის კიდევ ერთ მოთხოვნას წარმოადგენს). ამაში რუსული ნარატივი ჩანს, რომლის თანახმად, "ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია". უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას  საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში: "შემიძლია კანდიდატი ვიყო ან არ ვიყო".

როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნების გამართვა შეუძლებელი გახდა: კონსტიტუცია კრძალავს ხმის მიცემას საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც შემოღებული იქნა უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია, თუ უკრაინას იმის დრო ექნება, რომ  კანონები შესაბამისად შეცვალოს... მაგრამ ჯერ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების მიღება“, - ამბობს პრეზიდენტი და განმარტავს: „არჩევნებთან მრავალი პრობლემაა დაკავშირებული, მათ შორის ისიც, რომ მილიონობით უკრაინელი ამომრჩეველი საზღვარგარეთ იმყოფება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მტრისგან არის ოკუპირებული“.

- ხომ არ ნიშნავს თქვენი ნათქვამი იმას, რომ არჩევნების იდეის წინააღმდეგი ხართ?

- თუ ეს ომის დასრულების პირობაა, მაშინ, კი ბატონო, ჩავატაროთ. მე ასე ვუთხარი ჩვენს პარტნიორებს: „თქვენ რომ ამ საკითხს აყენებთ, გასაგებია, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდეთ: თქვენ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ თუ არჩევნების ჩატარება? თუ არჩევნები გინდათ (თუმცა ამის პირდაპირ სათქმელად თქვენ მზად არ ხართ), მაშინ მოდით ღირსეულად ჩავატაროთ, ანუ ისე, რომ შედეგები უპირველესად თვითონ უკრაინელმა ხალხმა აღიაროს. და თქვენც უნდა განაცხადოთ, რომ არჩევნები ლეგიტიმურია.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოება და ლიცენზიების პრობლემა

ვოლოდიმირ ზელენსკის ჰყავს ოპონენტები და მოწინააღმდეგეებიც უშუალოდ უკრაინაში. გასულ შემოდგომაზე მისი მთავრობა კორუფციულმა სკანდალებმა შეაზანზარა, რომლის შედეგი გახდა მისი უახლოესი მრჩევლის ანდრეი ერმაკის - პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის - გადადგომა. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავისი განახლებული გუნდით, მაინც აქვს მხარდაჭერის ისეთი რეიტინგი, რომლის შესახებაც სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ.

პრეზიდენტი მუდმივად ითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან ახალ, თანამედროვე იარაღს - დიდი მოცულობით და უმაღლესი ხარსისხის მქონეს - რაც მათ საკმაოდ აღიზიანებთ. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ზელენსკის მიმართ შარშან თეთრ სახლში გაისმა, იყო ის, რომ იგი არასაკმარისად მადლობელია მიღებული დახმარების გამო, ანუ საკმაო უმადურობას იჩენს. 

პრეზიდენტის მოთხოვნების სიაში მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ამერიკული იარაღის წარმოება უკრაინაში ლიცენზიით, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის „პეტრიოტის“ (Patriot) რაკეტების დამზადება.

„დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობა წარმოადგენს. სამწუხაროდ, პარტნიორები ჯერ-ჯერობით არ გვაძლევენ ლიცენზიებს, რათა რაკეტები ჩვენ თვითონ ავაწყოთ აქ, უკრაინაში. ისინი ჩვენს თხოვნაზე უარით გვპასუხობენ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

- და რატომ იქცევიან ასე?

- არ ვიცი. სამწუხაროდ, თქვენი კითხვის პასუხი არ მაქვს..

მზადება ხანგრძლივი ომისათვის?!

ინტერვიუს დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულიდან ინგლისურზე გადადის.

- თქვენს მიერ ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით“, - ვეკითხები, - „საჭიროა თუ არა უკრაინა უფრო ხანგრძლივი ომისთვის მოემზადოს?

- არა, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ პარალელურ ტრეკთან. მიდის „ჭადრაკის თამაში“ სხვადასხვა ბევრ ლიდერთან, რუსეთის გარდა. არ არსებობს ერთადერთი სწორი გზა. საჭიროა ბევრი პარალელური ნაბიჯების, პარალელური მიმართულებების შერჩევა... და ერთ-ერთი ამ პარალელური გზებიდან, ვფიქრობ, წარმატებას მოგვიტანს. ჩვენთვის წარმატება ვლადიმერ პუტინის შეჩერებაა.

- მაგრამ განა პუტინი ამ ომს შეწყვეტს? თუ, რა თქმა უნდა, იგი დიდი ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდება... მაგრამ აღმოჩნდება კი? რატომღაც საკმარისი ზეწოლა არ ხდება...

- შეიძლება შეწყვიტოს და არც შეწყვიტოს. ვნახოთ. მას არ უნდა, მაგრამ „არ სურს“ არ ნიშნავს, რომ „არ გააკეთებს“. უფლის დახმარებით, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. დიდი მადლობა“.

ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩვენთან ერთად რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო, ხელი ჩამოართვა ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრებს და ოთახიდან გავიდა.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ