18.03.2026 23:47
ბრიტანული გაზეთის "დეილი ტელეგრაფის" (The Daily Telegraph) 17 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში", რომლის ავტორია ბენ უოლესი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2019-2023 წლებში. იგი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ომით განცდილი ზარალის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნების დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ შეიძლება ნეგატიური გახდეს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები ახლა თავზე ხელებს უნდა ირტყამდნენ. ისინი დონალდ ტრამპს ომის დაწყებას არათუ არ თხოვდნენ, არამედ ფიქრობდნენ, რომ შუამავლის როლს შეასრულებდნენ ირანსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. ამ მხრივ საქმე, მართალია, წინ ნელა მიდიოდა, მაგრამ პროგრესის ნიშნები ნამდვილად იყო.
ომის შედეგები სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულია მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი. თუ ირანის რეჟიმი გადარჩება, რაც სრულიად შესაძლებელია, მათ გრძელვადიანი პრობლემები ექნებათ. ამასობაში კი ისრაელი, რომელიც სარგებლობს ირანზე ყურადღების გადატანით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო დასახლებების მშენებლობას აგრძელებს.
თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციები მოწმობს, რომ რეჟიმი ჯერ დამხობილი არ არის, ხოლო დაბომბვებმა ბევრი რიგითი ირანელი (თუმცა ყველა არა) მთავრობის ირგვლივ დარაზმა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმაოდ დარწმუნებულია თავის ძალებში და ახალი ლიდერის მოჯთაბა ჰამენიეს შესაძლებლობებში (თუმცა, როგორც ამბობენ, იგი დაჭრილია). ირანის საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება აჩვენებს, რომ ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების უმეტესი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ თეირანს აქვს ათასობით დრონი „შაჰედი“, რომლებიც მზად არიან გამოსაყენებლად. უახლოეს კვირეებში ირანი, როგორც ჩანს, მეზობლებისათვის დარტყმების მიყენებას გააგრძელებს. ყველაზე მთავარი, რაც „გუშაგთა კორპუსს“ სურს, არის ის, რომ გადარჩეს და რეგიონში არასტაბილური სიტუაცია შექმნას, რათა ნავთობზე ფასების მატება გაგრძელდეს, შესაბამისად კი მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისი გაღრმავდეს.
რა თქმა უნდა, ირანის გეგმების გასაგებად სამხედრო სფეროს ექსპერტობა საჭირო არ არის. 1980-იანი წლებიდან დაწყებული, ირანელი ლიდერები ყოველთვის სამკოზირიან კარტს თამაშობდნენ, რომელთაგან პირველი იყო მარიონეტების ყოლა რეგიონში, მეორე - მძევლების აყვანა და მესამე - ჰორმუზის სრუტის დახურვა.
პირველი ორი პირობა ათწლეულების განმავლობაში პრობლემებს ქმნიდა (მარიონეტები - „ჰამასი“, „ჰეზბოლა“), მეორე - პერიოდულად შესამჩნევი იყო და მესამე - სრუტე ახლა უფრო საიმედოდ არის გადაკეტილი, ვიდრე ამას ირანი ადრე აკეთებდა.. საჭირო გახდება სერიოზული საერთაშორისო ძალისხმევა, რომ სრუტე ძალის გამოყენებით იქნას გახსნილი. თუ ასე მოხდება, მაშინ დიდი ბრიტანეთი შეიძლება ომში აღმოჩნდეს ჩათრეული. პრემიერმა კირ სტარმერმა ეს უკვე თქვა, რომ ომში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ დონალდ ტრამპი ნატოს ქვეყნებს მაინც ემუქრება...
და რას მიაღწია აშშ-ის პრეზიდენტმა? დონალდ ტრამპის გეგმა ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ირანის უკვე შეზღუდული ბირთვული პროგრამის კიდევ უფრო შეზღუდვა და რეჟიმის ჩანაცვლება. პირველი შეიძლება, ალბათ, უკვე მიღწეულია, მაგრამ მეორე ნაწილი, როგორც ჩანს, არ სრულდება იმ აშკარა მიზეზის გამო, რომ სინამდვილეში ომის არავითარი გეგმა არ ყოფილა, გარდა საჰაერო დაბომბვებისა. გაურკვევლობა, რასაც ასეთი უგეგმობა აჩენს, ჩვენს მტრებს ახალ იმედებს უქმნის - რუსეთმა უკვე მიიღო ამოსუნთქვის შესაძლებლობა, ამერიკული სანქციების შესუსტებით. ჰორმუზის სრუტის ირანული ბლოკადა ანგრევს სპარსეთის ყურის ქვეყნების - ჩვენი მეგობრების - ეკონომიკას და არც ჩვენ არ მოგვიტანს სარგებელს.
ირანის ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის, რომ რაც უფრო მეტ ზარალს მიაყენებს თავის მეზობლებს სპარსეთის ყურეში, მათი მთავრობები მით უფრო მეტად დაადანაშაულებენ დონალდ ტრამპს. არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანისა და კატარის უკმაყოფილება შეიძლება ირანის სასარგებლო იყოს: მათსა და დასავლეთს შორის განხეთქილება მოხდეს. სპარსეთის ყურის ქვეყნებს არ უთხოვიათ ამერიკისათვის ომის დაწყება, მაგრამ სწორედ ისინი ზარალდებიან ახლა არასასურველი ომის შედეგებით. იშვიათად თუ მინახავს, რომ აშშ-ის ამდენი მოკავშირე ერთნაირად უკმაყოფილო იყოს. მე ადრეც დავწერე და ისევ გავიმეორებ: თუ რეჟიმის შეცვლა გსურს და ამისთვის მზად ხარ, მაშინ ეს შესაბამისად, მაღალ დონეზე უნდა გააკეთო. რეჟიმის შეცვლის გეგმის შემუშავება ერთ დღეში არ ხდება, ამაზე თვეები და წლებიცაა საჭირო.
უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა უკვე იგრძნო, რომ სიტუაცია ბოლომდე სწორად ვერ შეაფასა. თუ შეამჩნიეთ, ახლა იგი ბევრ თავის კომენტარს სიტუაციის თაობაზე ამატებს სიტყვებს - „მე მირჩიეს“. არ არის გამორიცხული, რომ იგი მალე თავის გარემოცვას დაადანაშაულებს. ველოდები, რომ მალე დონალდ ტრამპის „სიმართლის სოციალურ ქსელში“ გაჩნდება შეტყობინება, რომ მან გაიმარჯვა. შემდეგ იგი დაუბრუნდება გოლფის სათამაშო მინდორს, მაგრამ მას უკვე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობა დანგრეული ექნება. სრული ქაოსი - აი, რა მოსდევს იმას, როცა ზესახელმწიფოს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი შეიარაღებული ძალები ჰყავს, სატელევიზიო კომენტატორების ჯგუფი და გოლფის მოთამაშე ძმაკაცები მართავენ.
ავტორ(ებ)ი :