30.03.2026 12:26
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით" (ავტორი - სვიატოსლავ ხომენკო, კორესპონდენტი).
პუბლიკაციაში გაანალიზებულია უნგრეთში მიმდინარე მმართველი პარტიის „ფიდესის“ წინასაარჩევნო კამპანია და გადმომოცემულია მისი ლიდერის ვიქტორ ორბანის სავარაუდო შესაძლებლობები - გაიმარჯვებს თუ არა იგი 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით - უკვე მეხუთედ.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ბოლო დროს დასავლურ (ევროპულ) პრესაში ხშირად იწერება, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების ბედი უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილია - მმართველი პარტია „ფიდესი“ საკმარის ხმებს ვერ მიიღებს და რომ მისი ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ჩამოგდებულ მფრინავს“ წარმოადგენს. ახლა მთავარი ინტრიგა მხოლოდ ერთ საკითხშია: რამდენ ხმას მიიღებს ოპოზიციური პარტია „ტისა“ - უბრალო უმრავლესობას თუ კონსტიტუციურ უმრავლესობას“, - წერს ავტორი, რომელიც გადაწყვიტა ვიქტორ ორბანის პარტიის წინასაარჩევნო მიტინგს დაესწროს.
„დღეისათვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამომრჩევლებს ხვდება როგორც თავის „ბირთვულ“ რეგიონებში (ანუ იქ, სადაც მას და პარტია „ფიდესს“ მხარს მტკიცედ უჭერენ), ასევე სადაო საარჩევნო ოლქებშიც, სადაც კონკურენცია ძალიან ხისტი იქნება. პეცელი ერთ-ერთი ასეთი სადაო ოლქს წარმოადგენს: ერთი მხრივ, ბუდაპეშტის ახლოს მდებარეობს (დედაქალაქელებს კი ვიქტორ ორბანი მაინცდამაინც არ უყვართ), მეორე მხრივ კი, პეცელში პროვინციის სუნთქვა იგრძნობა, სადაც განსაკუთრებით ძლიერია მმართველი პარტიის პოზიციები“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და მკითხველს თავისი დაკვირვების შედეგებს უზიარებს.
„პირველი - ვიქტორ ორბანი ძალიან ძლიერი ორატორია. ნუ დაუჯერებთ იმათ, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნის შედეგად მან რეალობასტან კავშირი დაკარგა და ქუჩის ტრიბუნიდან კაბინეტურ პოლიტიკოსად გადაიქცაო. არ არის საჭირო უნგრული ენის ცოდნა, რომ შენიშნო - პრემიერ-მინისტრი ხალხის ყურადღებას იპყრობს. იგი ოსტატურად თამაშობს თავისი ხმის ტემბრით: ჰყვება რაღაც სახუმარო ამბავს, მოედანზე შეკრებილ ხალხს აცინებს და უეცრად მჭექარე ხმით იწყებს ლაპარაკს, რომლის დროსაც გაისმის სიტყვები „უკრაინა“, „კიევი“, „ზელენსკი“, „ბრიუსელი“... და ხალხიც მის ნათქვამს ოვაციით ხვდება.
მეორე - ვიქტორ ორბანს მხარდამჭერების მართლაც უდიდესი ბაზა აქვს. დიახ, პეცელის ცენტრი მაინცდამაინც დიდი მაიდანი არ არის მათ შორის, რაც მე მინახავს, მაგრამ იმდენი ხალხი მივიდა მიტინგზე, რომ პირდაპირ გაჭედილი იყო. იოლად გამოიცნობდა დამკვირვებელი, რომ აქ შეკრებილი ადამიანებისათვის მომავალი არჩევნები იქნება არჩევანის გაკეთება სიკეთესა და ბოროტებას, ბნელ შავსა და ნათელ თეთრს, სიმართლესა და ცბიერებას შორის. ვიქტორ ორბანს არ ჭირდება მოსახლეობის მიყვანა ავტობუსებით, ისინი თვითონ მიდიამ მიტინგებზე.
მესამე - ვიქტორ ორბანის ამომრჩევლები უმეტესად კარგი, კეთილი და გულთბილი ადამიანები არიან. მათ ნამდვილად აწუხებთ მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომი, სადაც ადამიანები იღუპებან, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდა თავის შედეგს იღებს - უნგრელები თავისებური ზნეობისა და და პოლიტიკური კოორდინატების სისტემის პირობებში ცხოვრობენ. დიახ, მიტინგზე დომინისრებადი ემოცია ასეთი იყო: „ჩვენ არ გვინდა, რომ ომი უნგრეთამდე მოვიდეს“, იდეალში - „ომი საერთოდ უნდა შეწყდეს“. ის, რომ ომი არ წყდება, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალიც არის. საერთოდ, ვინ არის ზელენსკი? პრეზიდენტი, რომელსაც კორუმპირებული გარემოცვა ჰყავს. ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინაში მექრთამეობა ჰყვავის. ერთ-ერთი მომიტინგე ჰყვება, თუ როგორც ჩაგრავს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს და დარწმუნებულია, რომ უკრაინას უნგრეთის ისტორიული მიწები უკანონოდ აქვს დაკავებული. რუსეთი თუ გაიმარჯვებს, უნგრეთი თავის ძირ-ძველ ტერიტორიებს დაიბრუნებს და მიიერთებს.
მეოთხე - მესამე პუნქტის თავისებური გაგრძელება: ვიქტორ ორბანის მომხრე ბევრი უნგრელი ფიქრობს, რომ უკრაინა უნგრეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს - თუ ახლა არა, მომავალში მაინც. თანაც ასეთი პოზიცია აქვთ არა მარტო შუა ხნის ასაკის მქონე და უფრო ხანდაზმულ უნგრელებს, არამედ განათლებულ ახალგაზრდებსაც, რომლებიც სრულად ფლობენ ინგლისურ ენას. პირველების არგუმენტი ასეთია: „რადგან ვიქტორ ორბანი ამბობს, ესე იგი, ყველაფერი სიმართლეა“. მეორენი ცოტა სხვაგვარად მსჯელობენ: „უკრაინას ამჟამად ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მომზადებული არმია ჰყავს და როცა ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარები ესმით უნგრეთის მიმართ, მხოლოდ ღმერთმა უწყის, გამოიყენებს თუ არა იგი თავის არმიას რომელიმე უკმაყოფილო და აღშფოთებული მეზობლის „დასამშვიდებლად“... და რატომაც არა უნგრეთის წინააღმდეგ? შეიძლება ასეთი პოზიცია მასობრივი სამთავრობო პროპაგანდის შედეგია, მაგრამ ფაქტია, რომ უნგრელების მნიშვნელოვანი ნაწილის გონებაში ეს არგუმენტი მკაცრად ჩამოყალიბებული რწმენის ერთ-ერთ მტკიცე ელემენტს წარმოადგენს.
მეხუთე - საინტერესოა, რომ პეცელის მთავარ მოედანზე „ფიდესის“ მიერ ჩატარებულ მიტინგს ოპოზიციონერებიც ესწრებოდნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ პლაკატები და ლოზუნგები შეურაცხმყოფელი წარწერებით - „სამარცხვინო „ფიდესი“!, „“ფიდესელო“ რუსებო, რუსეთში წაეთრიეთ!“. რასაკვირველია, ერთ-ორ ადგილზე ორბანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა დაიწყო, მაგრამ ფიზიკურ ძალადობამდე საქმე არ მისულა: ჩემთან მოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ძალადობა უნგრული პოლიტიკური კულტურისათვის მიუღებელია. დისკუსია - რა თქმა უნდა, მაგრამ ფიზიკური ძალადობა? ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენ ხომ ყველა თანამემამულეები ვართ! სხვათა შორის, უფრო ადრე ქალაქ დიორში გამართულ მიტინგზე ოპოზიციონერებმა თავიანთი შეძახილებით ვიქტორ ორბანი წყობიდან გამოიყვანეს და იგი ისე გაბრაზდა, რომ დამკვირვებლებს ასეთი ორბანი დიდი ხანია არ უნახავთ. თუმცა იგი შეცდომებზე სწავლობს: პეცელის მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ იგი ძლიერი „პოლიტიკური ცხოველია“ (რა თქმა უნდა, არისტოტელეს განმარტების მიხედვით). მან ახლაც გაამახვილა ყურადღება ოპონენტების პლაკატებზე, მაგრამ უკვე ძალიან მშვიდი რეაქციით: „ჩვენ ხომ სიტუაციის ბატონ-პატრონები ვართ... ჩვენ მეტნი ვართ, ისინი ცოტა. ამიტომ მიტინგს ვერ ჩაგვიშლიან. ჩვენ რომ ახლა ერთად დავიყვიროთ, ისინი დაფრთხებიან, ხომ ასეა? აბა, შევძახოთ „ოირა, ფიდეს!“ („წინ, ფიდეს!“). მართლაც, მიტინგი მჭექარედ სკანდირებს...
მეექვსე და ყველაზე მთავარი - ვიქტორ ორბანის გამოსვლა საერთოდ არ ჰგავდა წაგებული ადამიანის გამოსვლას. დიახ, მასში არ ჩანდა არც ტრაბახი და არც რაიმე ინსტრუქცია იმისათვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ „ფიდესელები“ შესაძლო მარცხის შემთხვევაში. ვიქტორ ორბანს ობიექტურად აქვს არგუმენტები, რომლებიც ამომრჩევლებმა - მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც - ძალზე კარგად იციან: სუპერიაფი კომუნალური მომსახურების ტარიფები, სუპერდაბალი ფასები ბენზინზე და სხვა საწვავზე, „მეცამეტე ხელფასები“ და პენსიები ყოველწლიურად, საგადასახადო შეღავათები ახალგაზრდებისათვის და ბევრი სხვა რამ. დიახ, რა თქმა უნდა, არის კითხვები, თუ რამდენად უჯდება ეს ყველა ბენეფიტი უნგრეთის მთავრობას, მაგრამ წინასაარჩევნო მიტინგზე მსგავსი კითხვების დასმა მიღებული არ არის.
დიახ, დამოუკიდებელი სოციოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ოპოზიციურ პარტია „ტისას“ საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს და ეს მართალია. უფრო მეტიც: ვიქტორ ორბანის მთავარი ოპონენტის - პეტერ მადიარის პარტიის სავარაუდო გამარჯვებას საკმაოდ ობიექტური საფუძველი აქვს 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.
მაგრამ დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პროვინციებში გამოკითხვების დროს მასში მონაწილეობის უარების ანომალურად მაღალი პროცენტი ფიქსირდება. ანუ ამომრჩევლები უარს აცხადებენ როგორც გამოკითხვებში მონაწილეობაზე, ასევე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს არის „ფიდესის“ მიერ ბოლო 16 წლის განმავლობაში კარგად შემუშავებული საარჩევნო ტექნოლოგიების შედეგი. მოკლედ, ექსპერტების თქმით, რაიმეს ზუსტი პროგნოზირება ამჟამად უკიდურესად რთულია.
და სწორედ ამიტომ უნგრეთის არჩევნები ყველაზე საინტერესო პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ევროპის კონტინენტზე ორიოდე კვირაში მოხდება. ეს, ალბათ, ჩემი ბოლო, მეშვიდე შთაბეჭდილებაა პეცელში ჩატარებულ მიტინგისაგან“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.
ავტორ(ებ)ი :