"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post 01.04.2026 18:32

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა“ (ავტორები - რეიჩელ ლერმანი და ლუის მელგარი), რომელშიც განხილულია საწვავის ფასის მატების მიზეზები და ის შედეგები, რასაც ფასების ზრდა გამოიწვევს - ნეგატიურ გავლენას სხვა დარგებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: 

 სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე განხორციელებულმა შეტევებმა და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და მისი შემდგომი რყევები გამოიწვია, მათ შორის აშშ-შიც.

აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ამ კვირაში ამერიკულ ბენზინგასამართ პუნქტებში საწვავის ღირებულებამ, 2022 წლის ზაფხულიდან, პირველად  მიაღწია 4 დოლარს ერთ გალონზე (3,785 ლიტრზე), რაც სწორედ ირანთან ომის შედეგს წარმოადგენს. მსგავსი სიტუაცია უკანასკნელად 2022 წლის ინფლაციური აფეთქების დროს დაფიქსირდა, რომელიც პანდემიისა და უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყებით იქნა გამოწვეული. იმ დროს გალონი ბენზინის ფასი 5 დოლარი გახდა.

ირანთან გაჭიანურებული ომის შედეგად ამერიკელი ავტომძღოლები შეიძლება ისეთივე პრობლემის წინაშე დადგნენ.

როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები იტყობინებიან, სამშაბათს ირანმა ქუვეითის კუთვნილ ნავთობტანკერს შეუტია, რაც იმას მოწმობს, რომ თეირანი აგრძელებს მეზობლების ენერგეტიკის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო დარტყმებს. კომპანია Kuwait Petroleum-ის ცნობით, ტანკერს ცეცხლი მოედო, თუმცა მსხვერპლი არ არის.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს, ფაქტიურად ნაოსნობისათვის დახურულია. იმდენად, რამდენადაც სრუტის მეშვეობით მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი გაზის ერთი მეხუთედის ექსპორტი ხდება, მისმა ბლოკირებამ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ასეთმა სიტუაციამ ბევრი ქვეყანა რეზერვების გამოყენებასა და საწვავის ეკონომიურად ხარჯვაზე აიძულა.

სამშაბათს საღამოსათვის ნავთობის ფასის ეტალონის - Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 106 დოლარი გახდა. ეკონომისტები შეშფოთებულნი არიან და პლანეტას ხელოვნურად, ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს უწინასწარმეტყუველებენ.

აზიაში, რომელიც სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ენერგომატარებლებზე, იძულებულნი არიან ალტერნატივა ეძებონ. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ზომები საწვავის ეკონომიის მიზნით, რომელიც დისტანციურ მუშაობას, საბიუჯეტო სუბსიდიებს და ფასის ზრდის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მართალია, აშშ-სათვის ნავთობის უკმარისობის მხრივ უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ბაზრის გლობალური ხასიათისა და მსოფლიო მიწოდებაში შექმნილი შეფერხების გამო, ბენზინგასამართ სადგურებში ფასები ისეთ დონემდე მატულობს, როგორიც დიდი ხანია აღარ ყოფილა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ბენზინის ფასი ძლიერ რყევას განიცდის, რომელიც განსაკუთრებით მომატებულია აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე.

საწვავზე ფასების ზრდა ომის ეკონომიკური შედეგების ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევ ნიშანს წარმოადგენს. „ამერიკელები ყოველდღიურად მოძრაობენ საკუთარი ავტომანქანებით, ყოველდღიურად სარგებლობენ ავტოგასამართი სადგურებით და ყოველდღიურად გრძნობენ ფასების მატებას“, - ამბობს ექსპერტი დიანა სუონკი, თუმცა, მისი თქმით, ბენზინის ფასები ერთადერთი ნეგატიური მომენტი არ არის, რასაც მალე იგრძნობენ ამერიკელი მომხმარებლები: უახლოეს ხანში მოსალოდნელია კვების პროდუქტების (სურსათის) ფასების მატება სატრანსპორტო ხარჯების ზრდის გამო. „და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აღნიშნავს დიანა სუონკი.

საწვავზე მაღალი ფასები და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა მომხმარებელთა განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს, რის შედეგად მარტში „ეკონომიკური ნდობის ინდექსი“, რომელსაც სპეციალისტები მნიშვნლოვან ყურადღებას აქცევენ, თითქმის 6%-ით დაეცა.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „დიდ პროგრესს“ მიაღწია ირანთან მოლაპარაკებაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ირანი პრეზიდენტის მტკიცებას უარყოფს და დარტყმებს აგრძელებს.

ექსპერტები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ თუ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა უახლოეს დროში არ განახლდება, მაშინ ნავთობის მიწოდების ჯაჭვის აღდგენას თვეები დაჭირდება. როგორც სელ მერკელიანო, საზღვაო საქმეთა ისტორიის სპეციალისტი კემპბელის უნივერსიტეტიდან, ამბობს, სრუტის ბლოკირების ყოველი დღე ნავთობ-გაზის მიწოდების სრული ჯაჭვის აღდგენაში 7 დღის ტოლფასია. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დაჭირდება ექსპორტის ომამდელი მდგომარეობის განახლებას, როცა სრუტე ერთ თვეზე მეტია დახურულია.

ექსპერტის თქმით, ნავთობის მსოფლიო ბაზარი ერთ მთლიან ქსელს წარმოადგენს. „თუ ამ ქსელის ერთ ძაფი გაწყდება, მაშინ დანარჩენები ზედმეტ დატვირთვას იღებენ, რაც დროს და დამატებით ხარჯებს იწვევს“, - განმარტავს სელ მერკელიანო.

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ