"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist 04.05.2026 18:32

„აცნობიერებენ თუ არა ევროპელი ლიდერები, რომ მათი ქვეყნები სულ მალე შეიძლება რუსეთთან ომში ჩათრეულნი აღმოჩნდნენ? მათი განცხადებები მიანიშნებენ, რომ დიახ, აცნობიერებენ. ეს ნათლად გამოჩნდა კვიპროსზე 23-24 აპრილს გამართული ევროკავშირის სამიტის დროს“, - წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება“, რომელშიც ეჭვქვეშაა დაყენებული უკრაინის ევროკავშირში მიღების საკითხი.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

უკრაინა ევროკავშირში: „პრო“ და „კონტრა“

 

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის იანვრისათვის გახდეს. ის, რომ ევროპელი ლიდერების უმრავლესობა წინააღმდეგია უკრაინის მიღებისა, სრულიად გასაგებია. მთელი თავისი გმირობის მიუხედავად, უკრაინა კორუმპირებულია და მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანას წარმოადგენს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თუ შეძლებს და გამოვა რუსეთთან ომიდან, გამოვა გაურკვეველი, ბუნდოვანი საზღვრებით და ჯოჯოხეთური მეზობლით - რუსეთით.

 

არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც ევროპელებს შეშფოთების საფუძველს აძლევთ: მაგალითად, ევროზონის ფერმერები შიშობენ, რომ მათი კონკურენტი უკრაინა იქნება - მსოფლიო დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა. ბრიუსელში  აცხადებენ, რომ თუ უკრაინა ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება, ბლოკის ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა თავისი დღევანდელი ფორმით - სუბსიდირებაზე დაფუძნებული - ვერ გადარჩება. 

 

უკრაინის მომხრეები ამ ეჭვების წინააღმდეგ გადამწყვეტ კონტრარგუმენტს იშველიებენ: ევროპის თავდაცვა უკრაინის სახით მიიღებს 800 ათასიან არმიას, რუსეთთან ბრძოლებში გამოწრთობილს, თავისი სამამულო წარმოების დრონებით, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა აღნიშნა, „ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავიგოთ, რომ უკრაინა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე უკრაინას ჩვენ ვჭირდებით“.

 

ამრიგად, უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს იმისთვის, რომ კიევი ევროპულ სივრცეში დარჩეს, დემოკრატიულ არეალში. საფრანგეთი და გერმანია კი უკრაინის ევროკავშირში წევრობისათვის ასოცირებულ ფორმას უფრო მიზანშეწონილად თვლიან, ვიდრე სრულუფლებიანს. ასოცირებული წევრობა გულისხმობს უკრაინის ჩართვას ევროკავშირის ინსტიტუტებში, მაგრამ ხმის უფლების გარეშე. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარეობს ლაპარაკი უკრაინაზეც გავრცელდეს დებულება ურთიერთთავდაცვის შესახებ (როგორც დროებითი მექანიზმის სახით), რომელიც განმტკიცებულია ევროკავშირის ხელშეკრულების 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით.

 

კვიპროსის სამიტზე ევროკავშირის ოფიციალურ პირებს დაევალათ იმის შესწავლა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს უკრაინისათვის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის ამოქმედება კონფლიქტის დროს. გერმანიის კანცლერის თქმით, პრინციპში ყველა დაეთანხმა უკრაინის დროებითი წევრობის იდეას, რადგან ევროპას არ შეუძლია კარის დახურვა კიევის წინაშე. უკრაინელ ამომრჩეველს, ალბათ, ოდესღაც მოუწევს მხარი დაუჭიროს რუსეთთან დადებულ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის მეტ-ნაკლებად დათმობას ითვალისწინებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომ ამ მიზნით გამართული რეფერენდუმი მოიგოს, მან უკრაინელებს, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, ისეთი გზა უნდა უჩვენოს, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს.

 

ამ მომენტისათვის ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეებს შეიძლება ეპატიოთ დაბნეულობა იმ სიგნალების მიმართ, რომლებსაც მათ ევროპელი გრანდები უგზავნიან. ერთი მხრივ, ლიდერები შიშობენ, რომ უკრაინის მიღება დაარღვევს ევროკავშირის სისტემას ფერმერული მეურნეობის სუბსიდირების შესახებ. მეორე მხრივ კი, ისინი, როგორც ჩანს, მოხარულნი იქნებიან უკრაინას საზეიმოდ აღუთქვან ვალდებულება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რასაც კიევისა და ბრიუსელისათვის ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.

 

სიტუაციის გასაღები „დამალულია“ ევროკავშირის ლიდერების ხედვებში ომისა და მისი გარდაუვალობის შესახებ. თუ ევროპა მართლაც აღმოჩნდება რუსეთთან ომის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასთან როგორც ომის გამოცდილების მქონე ქვეყანასთან პარტიორობა. კულისებში საუბრების დროს ყურადღება ექცევა უკრაინის სამხედრო ძლიერებას და უკრაინული იარაღის მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

რისკები მეტია, ვიდრე სარგებელი

 

უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში იმედი ჰქონდა, რომ ნატოს წევრი გახდებოდა და მასზე გავრცელდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კიევის ნატოური ამბიციები უახლოეს მომავალში „მკვდრად დარჩება“. ჯო ბაიდენი თავისი პრეზიდენტობის დროს სკეპტიკურად იყო განწყობილი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, ხოლო დონალდ ტრამპმა კიევის ოცნებებს საბოლოოდ ბოლო მოუღო.

 

არსებობს შიში იმისა, რომ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინა ასობით ათასი ვეტერან-მებრძოლის ქვეყანა იქნება, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულნი იქნენ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ: არ არის გამორიცხული სამოქალაქო კონფლიქტი გაღვივდეს, დაიწყოს ბრძოლა რესურსების დასაუფლებლად და შეიძლება სულაც რუსეთს დაუახლოვდეს. 

სხვათა შორის, ჰენრი კისინჯერმა ამ მომენტის მოახლოება რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველა: 2023 წელს „ეკონომისტთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა  განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს, თუ კიევი თავის ხედვებს შეცვლის. იგი უკრაინას ნატოს ზედმეტად სარისკო წევრად მიიჩნევს, რომელსაც თვითონ ნატო „ყელამდე“ აიარაღებს.

 

სამწუხაროდ, საფრთხეებზე და რისკებზე საუბარი არ სურთ იმ ევროპელ ლიდერებს და ამომრჩევლებს, რომლებიც რუსეთთან ომს გარდაუვლად არ თვლიან. წესით, თუ ვლადიმერ პუტინის დამშვიდება აუცილებლობაა, მაშინ უკრაინა ევროკავშირის წევრად არ უნდა მიიღონ. უკრაინის ბედი უბრალო გარემოებაზეა დამოკიდებული: მზად არიან თუ არა ევროპელები [რუსეთთან] საბრძოლველად?

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ