"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს" 06.05.2026 16:28

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი" (BBC) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და „კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ „სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს". მასში გაანალიზებულია  როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის პროევროპული სწრაფვა, ასევე ის რისკები, რომლებიც რუსეთთან არის დაკავშირებული.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

ერევანში დასრულდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC - European Political Community) სამიტი, რომელიც 4-5 მაისს მიმდინარეობდა. EPC 2022 წელს ევროკავშირის ძალისხმევით შეიქმნა - რეგიონული კოალიციების ჩამოყალიბების მიზნით.  ნიშანდობლივია, რომ ევროპელი ლიდერები სომხეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ იმ დროს, როცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე მხოლოდ ერთი თვე რჩება, მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

 

სამიტზე მიღებული იქნა 40-პუნქტიანი დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა - „სომხეთს და ევროკავშირს ერთმანეთთან აკავშირებთ საერთო პოლიტიკური ფასეულობები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდებისადმი ერთგულება, რომლებიც  საერთაშორისო წესრიგის წესებს ემყარება", - ნათქვამია დოკუმენტში.

 

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი აღიარებს და  მხარს უჭერს სომეხი ხალხის ევროპულ სწრაფვას" - გასული წლის მარტში სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის „ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების თაობაზე". ევროკავშირი თვლის, რომ სომხეთი ევროპული ინვესტიციების მოცულობა 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ევროკავშირი ისწრაფვის, რომ გააუმჯობესოს სომხეთთან სატრანსპორტო კავშირები და რომ ხელი შეუწყოს სომხეთს დროულად გადავიდეს მწვანე ენერგეტიკაზე. განზრახულია მოლაპარაკების დაწყება სომეხი მოქალაქეების უვიზოდ მგზავრობის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში.

 

დეკლარაციაში გათვალისწინებულია აგრეთვე თანამშრომლობა ატომურ ენერგეტიკაში (სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგური მუშაობს), ერთობლივი პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში.

მაგრამ დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში არ არის დეტალები - მაგალითად, რა ვადებში უნდა შესრულდეს ესა თუ ის პროექტი და რა თანხები დაიხარჯება მათ რეალიზებაზე. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ 29-ე პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთს მიეცემა 30 მილიონი ევრო „საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისათვის, ევროკავშირის ეგიდით".

 

სომხეთი - „ევროპის შუაგული"?!

 

ევროკავშირის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ერევანში ჩატარებული სამიტი შეაფასა როგორც „მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში" და „როგორც სიმბოლო სომხეთის ეტაპობრივი გეოგრაფიული ორიენტაციის შეცვლისა დასავლეთისაკენ", - აღნიშნავს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი" (The Guadian).

 

ევროპის საბჭოს თავმჯდომარის ანტონიუ კოშტას თქმით, „სამიტს სომხეთი ევროპის შუაგულში გადააქვს - სწორედ იქ, სადაც მისი ადგილია". ანტონიუ კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის გზა ევროკავშირისაკენ ჭეშმარიტად სწორია და რომ ევროპელები სომხებს მშვიდობის განმტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში დაეხმარებიან".

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ უფრო კატეგორიული იყო: „მოდით გულახდილად ვთქვათ; რვა წლის წინათ აქ არავინ არ ჩამოვიდოდა. რვა წლის წინათ სომხეთი განიხილებოდა როგორც რუსეთის სატელიტი". თუმცა ადგილობრივმა პრესამ ფრანგ ლიდერს დაუყონებლივ შეახსენა, რომ სწორედ რვა წლის წინათ, 2018 წელს გაიმართა ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტი, რომელშიც მონაწილეობა თვითონ ემანუელ მაკრონმაც მიიღო.

 

რუსეთთან დამოკიდებულება

 

რა თქმა უნდა, სომხეთის რვა წლის წინანდელი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.

 

ერევანმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა კოლექტიურო უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) იმ მიზეზით, რომ მოსკოვი არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს, რომლის შედეგად ერევანი იძულებული გახდა უარი ეთქვა პრეტენზიებზე მთიანი ყარაბაღის მიმართ. გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ხელშეწყობით. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამშვიდობო ურთიერთობების დამყარების თაობაზე, რომელიც დიდ ნაბიჯს წარმოადგენს სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისაკენ.

 

„აზერბიჯანთან ომი გახდა დაგვიანებული დასტური იმისა, რომ რუსეთი ჩვენთვის სახიფათოდ არასაიმედო პარტნიორს წარმოადგენს", - ამბობს აშშ-ის სააგენტო „ესოშეითედ პრესთან" (Associated Press) ინტერვიუში რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში არსებული რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის მიერ დატოვებული ვაკუუმს ამერიკა კი არა, ევროკავშირი ავსებს: „ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება უფრო აწონილ-დაწონილი და პროდუქტიულია, ვიდრე აშშ-ის ჩარევა - ალბათ იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ყოფნა ჩვენს რეგიონში რუსეთისათვის უფრო ნაკლებად პროვოკაციულია".

 

სომხეთმა ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან დისტანცირების მიზნით - მიიღო ზემოთ აღნიშნული კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, შეუერთდა 2023 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა (რომელიც დღემდე ძალაშია და რომელიც კრემლმა დაგმო).

 

და მაინც სომხეთი ძველებურად ითვლება „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" წევრად, რომელშიც რუსეთი დომინირებს. ეს ორგანიზაცია განამტკიცებს ერთიან ბაზარს და ხელს უწყობს პროდუქციის, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალ, უპრობლემო გადაადგილებას უდიდეს სივრცეში, რომელშიც, სომხეთთან ერთად, შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

 

ობიექტურად თუ ვიტყვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც ფრთხილად ეკიდება რუსეთთან ურთიერთობას და როგორც წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, შეეცდება თავიდან აიცილოს პრობლემები რუსეთთან დაკავშირებით.

 

მოსკოვის პასუხი

 

კრემლში პირველ აპრილს ნიკოლ ფაშინიანთან სეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მშვიდად ეკიდება სომხეთ-ევროკავშირეის ურთიერთობის გაღრმავებას, მაგრამ იქვე შენიშნა, რომ ევროკავშირის საბაჟო კავშირში და ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში ერთდროულად ყოფნა სომხეთისათვის პრაქტიულად შეუძლებელია.

 

„ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ეძებს მაქსიმალურ უპირატესობას მესამე ქვეყანასთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ვიყოთ გულახდილები: ერთდროულად ევროკავშირის საბაჟო კავშირში და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა არ გამოგივათ", - უთხრა პუტინმა ფაშინიანს.

 

როგორც ბარსელონის (ესპანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი (CIDOB) აღნიშნავს თავის ანგარიშში, რუსეთი ძველებურად რჩება სომხეთისათვის საკვანძო სავაჭრო პარტნიორად: სომხეთის საგარეო ვაჭრობის 45% სწორედ რუსეთზე მოდის. მოსკოვი აკონტროლებს სომხეთის ენერგეტიკისა და ტრანპორტის ინფრასტრუქტურას, სწორედ რუსეთი აწვდის სომხეთს ჰაერივით საჭირო ბუნებრივ გაზს, თანაც ძალზე იაფად. „ევროპაში 1000 კუბმეტრი გაზის ფასი 600 დოლარია, ჩვენ კი თქვენ 1000 კუბმეტრ გაზს 177 დოლარად გაძლევთ", - უთხრა პუტინმა ფაშინიანს.

 

ერევანს სტუმრობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რაც რუსეთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. „სომხეთმა შეიძლება უკრაინის ბედი გაიზიაროს, თუ თავის ისტორიულ გზაზე არასწორ არჩევანს გააკეთებს. ერევანი სარისკო ნაბიჯს დგამს და საკუთარ თავს სდებს „შესაჭმელად ევროპულ მაგიდაზე", - განაცხადა ალექსი ტოლმაჩევმა, სახელმწიფო სათათბიროს წევრმა.

 

ცალკე საკითხია რუსეთის სამხედრო ბაზის ბედი სომხეთში - ქალაქ გიუმრიში, რომელიც, როგორც რუსი პოლიტოლოგები თვლიან, „სომხეთისათვის საშანტაჟოდ მოწყვლად ადგილს წარმოადგენს". „რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის შემთხვევაში, სომხეთი დასუსტდება და გარეშე საფრთხე-მუქარებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს", - ასეთი შეფასება გამოხატა რუსული გაზეთის „იზვესტიისადმი" (Известия) ინტერვიუში ლეონიდ ტრაჩენკომ, საქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა. მან სომხეთის სავარაუდო სამომავლო მდგომარეობა ლიბიისა და ერაყის მდგომარეობას შეადარა.

 

„პრო" და „კონტრა" სომხეთისათვის

 

 

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესობა ერევანში გამართულ სამიტს აფასებენ როგორც ერევნის კიდევ ერთ ნაბიჯს, გადადგმულს მოსკოვიდან დაშორებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით.

 

სომხური წარმოშობის მქონე ფრანგმა პოლიტოლოგმა რუბენ მეღრაბიანმა „რადიო ფრანსე ინტერნაციონალეს" (Radio France Internationale) ეთერში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, „რუსეთს უკვე აღარ შეუძლია ძველებურად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სომხეთზე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ წვრილმანი საძაგლობები ჩაიდინოს". მისი თქმით, გაძლიერდება მოსკოვის ეკონომიკური ზეწოლა ერევანზე და შესაბამისად, სომხეთი მზად უნდა იყოს  არამარტო სამამულო პროდუქციის მიმართ კრემლის მიერ გამოცხადებული ემბარგოსათვის, არამედ გაზით შანტაჟისთვისაც.

 

თუმცა რუბენ მეღრაბიანი მთლიანობაში ოპტიმისტურადაც არის განწყობილი: „ასეთი მომენტები გამოსწორებადი გართულებებია. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ სომხეთი პრობლემებს ევროპის სახელმწიფოების დახმარებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მოაგვარებს".

 

ზოგიერთი ექსპერტი ყურადღებას აქცევს სამიტის ჩატარების თარიღს: სომხეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი. მათი აზრით, ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერის ერთდროულად ჩასვლა ერევანში ხელს აძლევს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხების თვალში „ავტორიტეტს უმაღლებს, ანუ მისი მტავრობა ევროპულ ლეგიტიმაციას იძენს. თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, რომ ფაშინიანის მტავრობას ამგავრი „საჩუქრები" არ დაუმსახურებია.

 

„რატომ? იმიტომ, რომ სომხეთში ირღვევა ადამიანის უფლებები", - თვლის დევიდ გრიგორიანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი. მან Euobserver-ში (ბრიუსელის გამოცემაში) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას, შეთხზული ყალბი ბრალდებით, შინაპატიმრობაში ჰყავს ცნობილი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი. გარდა ამისა, როგორც დევიდ გრიგორიანი აღნიშნავს, ევროკავშირი სომხეთს რეგულარულად აძლევს მსხვილ თანხებს  „დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით" - 12 მილიონ ევროს [ყოველწლიურად], რომელსაც მხოლოდ მთავრობის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ. ასევე მხოლოდ მთავრობას ეხმარება ე.წ. „ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი", რომელიც ერევანში საქმიანობს. 

 

სკეპტიკოსების აზრით, ევროპა მხარს უჭერს ერევანს და მზად არის ფულის ჩასადებად მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელს აზერბაიჯანის გაზი ჭირდება: მისი უპრობლემოდ მიწოდებისთვის აუცილებელია რეგიონში მშვიდობა იყოს, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაშიც.

 

აზერბაიჯანული გამოცემები აღნიშნავენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობას სამიტში (მართალია, ვიდეოკავშირით, მაგრამ მაინც) და ხაზს უსვამენ, რომ იგი ადრეც მხარს უჭე5რდა სომხეთში ევროპელი ლიდერების შეხვედრის იდეას.

 

„სომხეთი სურს ევროკავშირთან ურთიერთობა განამტკიცოს ისე, რომ რუსეთთან კავშირები არ გაწყვიტოს, მაგრამ პარალელურად ცდილობს თავი აარიდოს მოსკოვთან ზედმეტ დამოკიდებულებას. იმავდროულად ევროკავშირი არ ჩქარობს ერევანს კარი ფართოდ გაუღოს", - ნათქვამია ბარსელონის (ესპანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის (CIDOB) მოხსენებაში.

 

ბრიუსელიც მზად არის თანამშრომლობის გასაღრმავებლად - ინვესტიციებისათვის, უვიზო რეჟიმისათვის, მაგრამ, როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, დღეს ევროკავშირისათვის სრულფასოვანი გაფართოება პრიორიტეტად არ ითვლება. ევროკავშირში ამჟამად - უკრაინის, მოლდოვის, და საქართველოს განაცხადების შემდეგ - არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ როგორ და როდის უნდა მიიღონ ახალი წევრები.

 

ამიტომაც დღეს რეალური სცენარი ასეთია: წევრობა კი არა, ეტაპობრივი ინტეგრაცია სომხეთისათვის ევროკავშირში.

 

წყარო: 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ