"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat 08.05.2026 09:19

უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საკმაოდ ფართოდ აშუქებენ რუსეთში 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მართალია, იმ უცხოელი ლიდერების სრული ოფიციალური სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გარეშე დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან, მაგრამ ისედაც უკვე ცნობილია, რომ მოსკოვში არ ჩავლენ დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის ევროკავშირის უმრავლესი წევრების, აგრეთვე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

კრემლის წინ, წითელ მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე, დიდი ალბათობით, იქნებიან ლათინური, ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების მეთაურები. მოსკოვში წასვლის სურვილი დაადასტურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, მაგრამ იგი სამხედრო აღლუმს არ დაესწრება, იგი მხოლოდ გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში მიემგზავრებიან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „მეთაურები" - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" „პრეზიდენტები" ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი.

 

რაც შეეხება ცენტრალური (შუა) აზიის სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას, ამერიკულ ჟურნალში „დიპლომატი" (The Diplomat) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს" (ავტორი - ქეთრინ პუტცი), რომელშიც 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებში სწორედ ყირგიზი, ყაზახი, ტაჯიკი, თურქმენი და უზბეკი ლიდერების მონაწილეობის საკითხია განხილული.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

2025 წელს გამარჯვების დღესასწაული - 9 მაისი - რუსეთში დიდი გაქანებით აღინიშნა. მოსკოვში მინიმუმ 27 უცხოელი  ლიდერი ჩავიდა, მათ შორის ცენტრალური აზიის ყველა ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი, აგრერთვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც. წითელ მოედანზე გამოვიდა სამხედრო ტექნიკა და რუსეთის არმიის ქვედანაყოფები. მაგრამ დღევანდელისაგან განსხვავებით. შარშან 9 მაისს რუსებმა გერმანელ ფაშისტებზე გამარჯვების  80 წლისთავი, ანუ საიუბილეო თარიღი იზეიმეს, დღეს 81-ე წლისთავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიება ნაკლებად საზეიმო იქნება. კრემლმა უკვე გამოაცხადა, რომ პირველად 20 წლის განმავლობაში, აღლუმის დროს სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს - „მიმდინარე ოპერატიული სიტუაციის" გამო.

 

ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, იქნებიან თუ არა მოსკოვში ამჯერად 9 მაისს ჩინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები. აშკარაა, რომ ზეიმს არ გააცდენს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო... მაგრამ როგორაა ამ მხრივ საქმე ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით?

 

გავიხსენოთ ახლო წარსული: 2020 წელს, გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად, სპეციალურად 24 ივნისს გადადებულ აღლუმზე მოსკოვს ხუთიდან ოთხი შუააზიელი ლიდერი ეწვია. 2021 წელს კრემლთან მხოლოდ ტაჯიკი ლიდერი ემომალი რახმონი იდგა. 2022 წლის 9 მაისს, როცა რუსეთს უკრაინასთან უკვე ომი ჰქონდა დაწყებული, მოსკოვში არცერთი პრეზიდენტი არ ჩასულა შუა აზიიდან.

 

მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: 2023-2024 წლებშიაღლუმს ყველა ხუთივე ლიდერი ესწრებოდა. გასულ წელსაც ისინი ყველა სოლიდარულად, სრული სვლით გაემგზავრნენ რუსეთის დედაქალაქში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალიტად, ყაზახეთი, უარს აცხადებს ფართოდ აღნიშნოს თავისთან გამარჯვების დღე, 9 მაისს რეგიონულ ლიდერებს მოსკოვში მაინც ხშირად ვხედავთ.


დაესწრებიან თუ არა ისინი მოსკოვში მიმდინარე წლის 9 მაისის აღლუმს?

 

ამ მომენტისათვის ჯერ-ჯერობით, ყაზახეთის გარდა, არცერთ ცენტრალურ აზიელ ლიდერს არ დაუდასტურებია მოსკოვში წასვლის გეგმა. პრინციპში, ამაში უჩვეულოც არაფერია - იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად ასეთი ვიზიტების თაობაზე განცხადებებს ბოლო მომენტში აკეთებენ - მათ მაინცდამაინც დიდი მომზადება არ ჭირდება: გაფრინდები, მიესალმები მასპინძლებს, დაესწრები აღლუმს, უკან მოფრინდები. შუააზიელები მოსკოვში რომც არ წავიდნენ, ამით არანაირი ცუდი ამბავი არ მოხდება და ეს არავითარი უბედურების მაუწყებელი არ იქნება - მათ ხომ მუდმივად აქვთ კონტაქტები რუს კოლეგასთან სხვადასხვა ღონისძიებებისა და გაერთიანებების ჩარჩოებში.

 

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მოსკოვს ეწვია ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი. მის ვიზიტს დაემთხვა ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების მეოცე პაკეტის მიღება, რომელიც რუსეთის მოკავშირეებიs, მათ შორის ყირგიზეთის წინააღმდეგაც არის მიმართული.

კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მოხარული იქნება, თუ სადირ ჯაფაროვი აღლუმში მონაწილეობას მიიღებს - რასაკვირველია, მისი სურვილის გათვალისწინებით.

 

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევს და ტაჯიკ კოლეგას ემომალი რახმონს სულ ბოლოს გასული წლის 22 დეკემბერს შეხვდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე, მოსკოვში. რაც შეეხება უზბეკეთის ლიდერს შავკათ მირზოევს და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს, მათ პუტინი  მოსკოვში არ შეხვედრია, ისინი სამიტს არ ესწრებოდნენ, სამაგიეროდ გასული წლის დეკემბერში რუსეთის ლიდერი თვითონ ჩავიდა აშხაბადში და თურქმენ კოლეგას ეწვია.

პრეზიდენტები ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან ტელეფონით და რიგ მნიშვნელოვან საკითხებს - მათ შორის ვიზიტების განხორციელებას გეგმავენ. ასე, მაგალითად, თავის ყახაზ კოლეგასთან ყასიმჟომატრთ თოყაევთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ მაისში ასტანას ეწვევა.

 

იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წელს მოსკოვში 9 მაისის დღესასწაული ბევრად მოკრძალებულად ჩაივლის, ცენტრალურაზიელ ლიდერებს შეუძლიათ ამ ზეიმს არ დაესწრნენ. თუმცა ამ დაუსწრებლობაში რაიმე ღრმა მიზეზის ძებნა უადგილო იქნებოდა.


წყარო: 


 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ